სამართალი

შსს „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Nusagi

შსს ავლაბრის „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი „საქართველოს“ ბანკის“ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მეტროსადგური “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბანკის შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს და შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული, 1993 წელს დაბადებული ნიკოლოზ წურწუმიაა.

იქამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს. მისივე განცხადებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. სავარაუდოდ, მას თან პნევმატური იარაღი ჰქონდა.

თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, შალვა ბედოიძე აწარმოებდა.

თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 13:00 საათზე შეიჭრა. ამის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დაიხურა მეტროსადგური „ავლაბარი“ და მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,373 ნახვა
%d bloggers like this: