პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

Nusagi

ეს არის რაღაც მარტივი თამაშები, რომელიც ძალიან წააგავს მუშტების ქნევას წაგებული ბრძოლის შემდეგ, რაც არ არის ვაჟკაცური საქციელი, თუმცა ვიცით, რომ ვაჟკაცობა ამ პოლიტიკოსებს და ამ პოლიტიკურ პარტიებს ზოგადად არ მოეკითხება, – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არ შეუერთდნენ შეთანხმებას ნიკა მელიას გათავისუფლებამდე. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის ფაქტორში“ აღნიშნა, რომ ეს მიღწეულ წარმატებას ჩრდილს ვერ მიაყენებს.

„ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში განვითარების მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ამ შეთანხმების მთავარი შედეგი არის ის, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა სიკეთე ხელშესახები გახდება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩამოყალიბდება მრავალპარტიული პარლამენტი და გაგრძელდება დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი, ნაცვლად იმისა, რისი მცდელობაც რადიკალ პოლიტიკოსებს ჰქონდათ. მათ უნდოდათ პოლიტიკური პროცესები მთლიანად ქუჩაში გადაეტანათ. დღეს პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც მარტო „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში, რომ სწორედ ასეთი დემოკრატიული ფორმით განვითარდეს პოლიტიკური პროცესი. კიდევ რაღაც მარტივი მცდელობები ვიხილეთ დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მხრიდან იმის, რომ პროცესების ნაწილი ქუჩაში დარჩეს, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ პროცესები სათანადო სივრცეში გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,393 ნახვა
%d bloggers like this: