განათლება

თელავის პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ მოწოდების სიმაღლეზეა და თანამედროვე მოთხოვნებს სრულად პასუხობს

Nusagi

განათლების სისტემის გამართული ფუნქციონირება ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია  პროფესიული განათლება, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი  პრიორიტეტული მიმართულებაა.

განათლების რეფორმების მნიშვნელოვანი ტალღა საქართველოში 2004 წლიდან ხორციელდება. ბოლო პერიოდში პროფესიული განათლების სფეროში ბევრი ცვლილება განხორციელდა. ახალი სასწავლო დაწესებულებები, ახალი სასწავლო სისტემები, ევროპული გამოცდილებების დანერგვა, განათლების დონის გაუმჯობესება, ქვეყნის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისთვის მომზადება და საჭირო კვოტის გათვალისწინება. 

საგანმანათლებლო ცვლილებები მთელ რიგ რეფორმებს მოიცავდა. მიუხედავად ამისა, სისტემაში კვლავაც რჩება  პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ქვეყანამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა პროფესიული განათლების კუთხით, რასაც შრომით ბაზარზე მაღალი კონკურენცია და კვალიფიციური კადრების მომზადება უნდა უზრუნველეყო. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც აქტიურად დაიწყო მუშაობა პროფესიული განათლების პოპულარიზაცისთვის. 

პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“  წარმოადგენს თანამედროვე ევროსტანდარტის დონეზე რეაბილიტირებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

რა გამოწვევების წინაშე დგას  პროფესიული განათლების საფეხური და რა სიახლეები იგეგმება სამომავლოდ, ამის შესახებ პროფესიული კოლეჯის დირექტორმა, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორმა, ბ-ნმა კონსტანტინე დოლიძემ გვესაუბრა.

-ბატონო კონსტანტინე, გთხოვთ მოგვაწოდოთ მცირე  ისტორიული ექსკურსი კოლეჯ „პრესტიჟის“ წინაშე მდგარი პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ.

– ა(ა)იპ კოლეჯი ,,პრესტიჟი“ თელავის ,,დავით  ციციშვილის  სახელობის  ხალხური რეწვის პროფესიული ლიცეუმის”, თელავის ,,სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სასწავლებლის”  და  თელავის  ,,ტექნიკური  კოლეჯის”   საგანმანათლებლო ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა აღნიშნული სასწავლებლების ბაზაზე თელავის პროფესიულ კოლეჯად. 2011 წლიდან პროფესიული   კოლეჯი   ჩამოყალიბდა  სსიპ  პროფესიულ   კოლეჯად  – ,,პრესტიჟი” და 2019 წლიდან წარმოადგებს – ა(ა)იპ კოლეჯს ,,პრესტიჟი“ 

კოლეჯისათვის საკმაოდ დიდი პრობლემა იყო ის, რომ არ გვქონდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2020 წელს დასრულდა კოლეჯის შენობისა და ეზოს სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლეჯის აღჭურვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად. გამოწვევად რჩება ის, რომ აუცილებელია, კოლეჯში არსებობდეს გარე სასწავლო სახელოსნიები და, ასევე, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომელიც სრულად მოხსნის პრობლემას.

პროფესიულ კოლეჯს აქვს მჭირდო კავშირები როგორც საქარველოს, ასევე საზღვარგარეთის არაერთ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, აქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც გულისხმობს პედაგოგთა და პროფესიულ სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ჩართულობას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას. კოლეჯმა განახორციელა არაერთი საერთაშორისო პროექტი

– რა ცვლილებებს გულისხმობს დღეს პროფესიული განათლების რეფორმა?

-პროფესიული განათლების რეფორმა გულისხმობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ჩამოყალიბებას.  სოციალური პარტნიორების (მათ შორის, უმთავრესად დამსაქმებლების) აქტიური ჩართულობით როგორც პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მონიტორინგისა და შეფასების პროცესში.

-რა გამოწვევების წინაშე დგას  ა(ა)იპ  კოლეჯი „პრესტიჟი“

-როგორც უკვე აღინიშნა, კოლეჯისათვის ერთგვარი გამოწვევაა  სასწავლო სახელოსნოებისა  და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება/მოწყობა და ასევე, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/განხორციელება, მათ შორის, დუალური და ინტეგრირებული მიდგომით.  კახეთის მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა შემდეგი სახის პროგრამებზე: მევენახეობა-მეღვინეობა, სატყეო საქმე, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, სასტუმრო საქმე, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სტილისტი, ელექტროობა, ვეტერინარია, საექთნო საქმე, ფარმაცია, მხატვრული ქსოვა, სანტექნიკა, ფილამწყობი, ელექტროშემდუღებელი, ავტოშემკეთებელი, კერამიკა, ხის მხატვრული დამუშავება, რკინის მხატვრული დამუშავება და ა.შ. 

 –რას გვეტყვით პანდემიის დროს სწავლების სპეციფიკაზე, დისტანციურ სწავლებაზე;

-2020 წლის გაზაფხულზე, პირველი ლოქდაუნის პერიოდში, კოლეჯში სასწავლო პროცესი შეჩერდა და განახლდა იმავე წლის ივლისში. პანდემიის მეორე ტალღას კოლეჯი შეხვდა მომზადებული და სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე გაგრძელდა დისტანციურ რეჟიმში. რაც შეეხება სწავლის სპეციფიკას, შეიძლება აღინიშნოს, რომ დისტანციურად არ ხორციელდებოდა სწავლის შედეგების დადასტურება და პრაქტიკული კომპონენტი.

-ცნობილია, რომ კოლეჯი იმატებს დუალური მიდგომით “მევენახეობა-მეღვინეობის” პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. მოკლედ მოგვიყევით, რომელი კომპანიები არიან ჩართულები და როგორია  მათი გამოცდილება

დუალური მიდგომით “მევენახეობა-მეღვინეობის” პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით კოლეჯმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კახეთში არსებულ წამყვან ღვინის კომპანიებთან, ესენია: „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „შუმი“, „ხარება“, „თელავის ღვინის მარანი“, „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია – ჯი ვი ესი“, „ბესინი“. აღნიშნული კომპანიების ბაზაზე განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტი. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების ფლობს HACCAP და ISO საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს შეხება ექნებათ ამ სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, საწარმოო პროცესებსა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, სურსათის უვნებლობის, ასევე ევროპული სტანდარტით პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით

-რომელი საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება კოლეჯში?

დღეის მდგომარეობით, კოლეჯში ირიცხება 32 პროფესიული სტუდენტი. გასულ წელს განხორციელებული სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, კოლეჯში მოქმედებს ორი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა: „საოფისე საქმე“ და „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“.  

-რომელი საგანმანათლებლო პროგრამების დამატება არის დაგეგმილი? 

2021 წლის შემოდგომისთვის კოლეჯი გეგმავს დაიმატოს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: „მევენახეობა-მეღვინეობა“ დუალური მიდგომით, „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ – როგორც მოდულური, ასევე ინტეგრირებული მიდგომით, „სატყეო საქმე“, „სასტუმრო მოსახურება“, „კულინარიის ხელოვნება“, კონდიტერია“, „თმის მომსახურება“, „მხატვრული ქსოვა“, „ელექტროობა“. 

-პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის  რა აქტივობებს გეგმავთ?

ვგეგმავთ, პროფორიენტაციული ღონისძიებების ჩატარებას კახეთის რეგიონის მასშტაბით რვავე მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში, ასევე, კოლეჯის საქმიანობის პოპულარიზაციას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით. აღსანიშნავია, რომ კოლეჯი ყოველთვის იყო აქტიურად ჩართული პროფესიული განათლების პოპულარიზაციისათვის  განხორცუიელებულ ყველა  ღონისძიებაში და კიდევაც მიიღებს მონაწილეობას შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით. 

-როგორია პროფესიული განათლების სტუდენტთა ცხოვრება საგანმანათლებლო სივრცის მიღმა? 

კოლეჯი სტუდენტებისათვის უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ღონისძიებას. ხშირად ეწყობა შეხვედრები, ტრენინგები, თემატური კონფერენციები, ასევე, შიდა კონკურსები, გასართობი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში მსგავსი ღონისძიებები ვერ ხორციელდება და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,556,376 ნახვა
%d bloggers like this: