პოლიტიკა

ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას ათწლეულები სჭირდება, მათ კი ეს 2-3 წელში მოახერხეს, მაგრამ ამით რომ ამაყობენ, ესაა ჩვენი საზოგადოების უპასუხისმგებლობა

Nusagi

საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება შარლ მიშელის ერთ-ერთ მცნებას წარმოადგენს, რის გამოც პოლიტიკურ, სამოქალაქო თუ ჟურნალისტურ სექტორში ისეთი მოლოდინია, თითქოს ამაზე იყოს დამოკიდებული დადებითი პასუხი ჩვენი დროის მარადიულ კითხვაზე – „გვეშველება რამე?“ ჩვენ კი ვშიშობთ, ყველანი ერთად არ აღმოვჩნდეთ იმ „შერეკილების“ (ერთაოზ ბრეგვაძისა და „ბიძია-ბაბუას“) მდგომარეობაში, რომლებიც პატიმრობიდან გასაქცევი გვირაბის გათხრის შემდეგ ყვიროდნენ „ავშენდით!“-ო მერე აღმოაჩინეს, რომ გათხრილი ხვრელის მეორე ბოლო ისევ დილეგში გამოსულა,-ამის შესახებ საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების, ნანა კაკაბაძის, გელა ნიკოლაიშვილის და ტარიელ ღვინიაშვილის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი განცხადებით, ყველა რეფორმის მთავარი საკითხი უნდა იყოს ცვლილებები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდობლობის აღმოფხვრა არჩევნებისა და ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ.

„ ამისთვის გვჭირდება პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური ზეგავლენებისგან და პოლიტიკური პარტიების დანამატების იმიჯისგან გათავისუფლება, ყველა პერსონისა თუ ორგანიზაციის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, გათავისება და რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან ამ პასუხისმგებლობის დაკისრება კონკრეტული პერსონების თუ ორგანიზაციების მიმართ.

უპასუხისმგებლობაა განვითარების ის დამაბრკოლებელი მუხრუჭი და მთავარი მიზეზი, რის გამოც ძალიან ხშირად ერთ წრეზე ვტრიალებთ და რომ გვგონია, აი, ახლა გავაღწიეთ სამშვიდობოსო, აღმოვაჩენთ, რომ ისევ საწყის წერტილში დავბრუნებულვართ. ეს რომ ასე არ იყოს, დღეს სააკაშვილის პოლიტიკური ელიტის ვერცერთი წარმომადგენელი (ვერც გასამართლებული და ვერც სასჯელს გადარჩენილი) ვერ უნდა ყელყელაობდეს, მორალს ვერ უნდა გვიკითხავდეს და ისევ ხელისუფლებისკენ ვერ უნდა მიისწრაფოდეს მუშტებით, მუჯლუგუნებით, მუქარითა და ლანძღვაგინებით. იმიტომ, რომ ისინი არათუ ემსახურებოდნენ, არამედ თვითონ ქმნიდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს და დღესაც ხოტბას ასხამენ თავიანთ ავ საქმეებს.

ამ ბოლო დროს გია ბარამიძე წერდა უტიფრად: „ზურაბ ადეიშვილმა იმდენი რამ გაუკეთა საქართველოს, რომ მთელი საქოცეთი 100 წელი ვერ გაუკეთებსო“.

მართალია, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებას მართლაც ათწლეულები სჭირდება, მათ კი ეს 2-3 წელში მოახერხეს, მაგრამ ამით რომ ამაყობენ, ესაა ჩვენი საზოგადოების უპასუხისმგებლობა. დღეს რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით ხშირად აპელირებენ საკმაოდ კომპრომეტირებული სამოქალაქო აქივისტები, ესეც უპასუხისმგებლობის შედეგია.

მაგალითად, დღეს მთელი ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიების კვალდაკვალ ერთხმად გაჰკივიან, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნების მთავარი გამყალბებელია. მართალია დღემდე ვერავინ დაამტკიცა ეს გაყალბებები, მაგრამ დავუშვათ, დავიჯერეთ ეს შეფასება. მაშინ რატომ არავინ იხსენებს, რომ 2013-14 წლებში თამარ ჟვანიას კანდიდატურა წამოაყენეს და ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თითქმის ძალით დაამტკიცებინეს სწორედ ამ წარმოჩინებული არასამთავროების ლიდერებმა – ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სხვებმა? დღეს რომ თვითონვე ლანძღავენ და მიწაში დებენ თავისივე რჩეულს, თუნდაც ერთხელ მაინც თქვა რომელიმე მათგანმა, რომ უბრალოდ, ჩვენ შეგვეშალა და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებასო?

როდესაც დღეს ჩატარებული საარჩევნო რეფორმა, თავისი პროპორციული სისტემით მომავალში უკუშედეგს მოიტანს და ქაოსისა და არეულობის წყაროდ იქცევა, არც ერთი სამოქალაქო ან პოლიტიკური აქტივისტი არ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას და არ იტყვის, რომ სწორედ მათმა დაუღალავმა ძალისხმევამ მიაღებინა საქართველოს ხელისუფლებას სრულად პროპორციული საარჩევნო წესი და გზა გაუხსნა საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის ქურდებს, ნარკომანების ლობისტებს, ულტრალიბერალებს, ულტრანაციონალისტებს და სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებს.

ყველა კარგად ხედავს, რომ მათი ნაწილი უკვე დღევანდელი საკანონმდებლო ორგანოს წევრია, ხოლო მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო მეტ ოდიოზურ ფიგურას თუ დაჯგუფებას ფართოდ გაუღებს კარს. ამის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომლის შემოღებასაც „მიშელის ანდერძი“ გვიბრძანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, პარლამენტში 20-30 ათასი ხმა საკმარისი იყოს ერთი მანდატის მოსაპოვებლად.

ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ამომრჩევლებს შორის არ მოიძებნება მინიმუმ 20-30 ათასი ნარკომანი, ულტრალიბერალი, ულტრანაციონალისტი ან სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელი?

შესაძლოა ვინმემ თქვას, მერე რა მოხდა, დიახაც, პარლამენტში ნარკომანების წარმომადგენლებიც უნდა იყოს და ნებისმიერი სოციალური, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური თუ სხვა უმცირესობების წარმომადგენლებიც, რომ ამ ჯგუფების ინტერესები დაიცვასო, მაგრამ საფრთხე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პარტიები შეიძლება შეიქმნას ამ ნიშნების მიხედვით თუ იქნება იმის ცდუნება, რომ 20-30 ათასი მომხრე ამომრჩეველი თავისივე მსგავსების ჯგუფებში მოძებნოს და საქართველოს პარლამენტი პოლიტიკური ჭიდილის არენის ნაცვლად დაემსგავსოს ეგზოტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა თავყრილობას, სადაც სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა ჩანაცვლდება საკუთარ სოციალურ, რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ თუ სხვა უმცირესობებზე ზრუნვით და მარგინალური ჯგუფების ინტერესების გატარებით.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა უცილობლად გულისხმობს კოალიციური მთავრობის შექმნას, დიდი ალბათობით, სწორედ ამ 2%-იანი მარგინალური ჯგუფების პოზიცია იქნება ძალიან ხშირად გადამწყვეტი უმნიშვნელოვანესი საქვეყნო საკითხების გადაჭრის დროს. ჩვენს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში კი ძალიან ხშირად შეიქმნება სიტუაცია, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ ამ 2%-იანი პარტიების დიქტატით, რაც წარმოშობს პარლამენტის პოლიტიკური (და არა მარტო) ვაჭრობის და უაპელაციო აღებ-მიცემობის არენად გადაქცევის პერსპექტივებს. ამ ვაჭრობისას, ვერ შეთანხმების შემთხვევაში კი, გარანტირებული გვექნება მუდმივი საპარლამენტო კრიზისები და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კასკადები.

მიგვაჩნია, რომ ის უკიდეგანო და ზღვარდაუდებელი დაპირისპირება, რომელიც დღეს პარტიებს შორის მხოლოდ ვერბალურ დონეზე არსებობს, ასეთი რყევების შემთხვევაში თავის გამოხატულებას უკვე პრაქტიკაში ჰპოვებენ, ხოლო პარტიებიდან მათ მომხრეებზე გადაინაცვლებს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რეალური გზა, რომელიც შედარებით შეამცირებს ზემოთ ხსენებულ მოსალოდნელ საფრთხეებს, იქნებოდა პროცესების განვითარება ორი მიმართულებით ( ან ორიდან ერთ-ერთით მაინც):

1. პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება 150-დან 100-მდე, რადგან ასეთ შემთხვევაში 2%-იანი ბარიერის გადასალახავად ამომრჩეველთა დაახლოებით 50-60 ათასი ხმის მოპოვება იქნება საჭირო და არა 20-30 ათასის.

2. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სავალდებულოდ გამოცხადება, ხოლო არასაპატიო მიზეზით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესება (როგორც ეს არის, მაგალითად, ბელგიაში და ბევრ ქვეყანაში).

ასეთ შემთხვევაშიც მიღებული ხმების 2% გამოიანგარიშება არა 2, არამედ 3,5 მილიონი ამომრჩევლიდან, რაც ასევე დაახლოებით 2-ჯერ გაზრდიდა ბარიერის გადასალახავად საჭირო ხმების რაოდენობას“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,610 ნახვა
%d bloggers like this: