საზოგადოება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ქუთაისიდან თბილისისკენ გაემართნენ

Nusagi

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის 209-ე დღეს „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისიდან თბილისისკენ გაემართნენ, სადაც 14.00 საათზე, საპროტესტო აქციაა დანიშნული.

აქციას ქუთაისიდან რამდენიმე ასეული აქტივისტი შეუერთდა. ავტომანქანებით, მიკროავტობუსებითა და ავტობუსით მოქალაქეები ქუთაისის სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და კოლონად დაწყობილი, საქართველოს ეროვნული დროშებითა და საყვირების გაბმული სიგნალით, თბილისისკენ გაემართნენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, დღეს მნიშვნელოვანია იმ ერთობის დადასტურება, რაც ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია საზოგადოებაში.

როგორც „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ -ერთი აქტიური მონაწილე, შორენა ლუტიძე ამბობს, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო მათი დარწმუნება ჰესის უსაფრთხოებაში. მისთვის ასევე მიუღებელია მიწის ხანგრძლივად გასხვისება:

„ჩემი პროტესტი ეხება მიწის გასხვისებას, რისი უფლებაც არავის აქვს, ჩვენ არ გვაქვს დასარიგებელი მიწა და ვიცავთ რაც ჩვენია. აქციაში მონაწილეობით ხელისუფლებისგან ვითხოვ პასუხს რატომ გაასხვისეს ჩვენი მიწები“.

თბილისში 23 მაისს აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრებმა, ხელისუფლებისგან მათი მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს და რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა.

აქტივისტებს მდინარე რიონის ხეობაში კარვები გაშლილი აქვთ სამ სხვადასხვა ადგილზე. მოძრაობის წევრებმა და პროტესტის მხარდამჭერებმა 208 დღე და ღამე ამ კარვებში გაატარეს.

„რიონის ხეობის მცველების“ მოთხოვნებია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.”
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: