ისტორია

კანადაში, სამოსელის მუზეუმში ნიკო აფხაზის ჩოხა და მისი მეუღლის გამოსასვლელი კაბები გამოიფინა

Nusagi

უკვე სამი წელია კანადაში საქართველოს ელჩს კონსტანტინე ქავთარაძეს პატრონაჟი აქვს აღებული ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში მდებარე ბოტანიკურ ბაღზე, რომელიც 1946 წელს, დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოტე აფხაზის შვილმა ნიკო აფხაზმა დააარსა,-ამის შესახებ კანადაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო წერს, რომ ეს ბოტანიკური ბაღი, რომელიც დღეს „აფხაზის ბაღის“ სახელით არის ცნობილი, ერთადერთი ქართული კვალია კანადაში.

„ჩვენი საელჩო ბაღის ფონდში ყოველწლიურად რიცხავს 10,000 კანადურ დოლარს იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელთა მიზანია როგორც ბაღის განვითარება, მცენარეული საფარის განახლება, როდოდენდრონების უნიკალური კოლექციისა და ლანდშაფტური ზონების მოვლა, ასევე, კანადაში ნიკო აფხაზის, მისი ოჯახის, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება. საელჩოს დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იგეგმება საქართველოსთვის დამახასიათებელი ენდემური ჯიშის მცენარეებით მცირე ქართული ბაღის მოწყობა.

ამასთან ერთად, საელჩომ 2019 წელს ვიქტორიას უნივერსიტეტის არქივში მოიძია და საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა კანადაში ნიკო აფხაზის ცხოვრებასთან დაკავშირებული საარქივო მასალები, 2020 წელს თავისი ხარჯებით გამოსცა ინგლისურენოვანი ბროშურა, რომელიც ეხება აფხაზების საგვარეულოს, საქართველოს ისტორიას, კულტურას, ენასა და ანბანს, პირველ რესპუბლიკას, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, საქართველოს ბუნებასა და მეღვინეობის ტრადიციებს.

ყოველ წელს ბაღში ვმართავთ „ქართულ საღამოებს“ და მოწვეული სტუმრებისთვის ვაწყობთ პრეზენტაციებს საქართველოზე, ასევე, ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციას. ამის შედეგად, ვიქტორიაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში და მთლიანად კანადაში გაიზარდა ინტერესი „აფხაზის ბაღის“ მიმართ. გასული წლის ბოლოს ბრიტანეთის კოლუმბიის გუბერნატორთან ელჩის შეხვედრისას, გუბერნატორმა გამოთქვა მზადყოფნა თავის ოფიციალურ რეზიდენციასთან არსებულ “სამოსელის მუზეუმში“ (Costume Museum at the Government House) ემასპინძლა „აფხაზის ბაღისადმი“ მიძღვნილი გამოფენისათვის, რომლის ნაწილიც იქნებოდა ნიკო აფხაზისა და მისი მეუღლის პეგი პემბერტონი აფხაზის სამოსი.

კანადაში ემიგრაციის შემდეგ, ნიკო აფხაზი და მისი ბრიტანელი მეუღლე ვიქტორიას არისტოკრატიული წრის ნაწილი გახდნენ, ისინი ხშირად სტუმრობდნენ ვიქტორიას ელიტარულ სოციალურ კლუბებს, თავად აწყობდნენ მიღებებს საკუთარ სახლში. თანამედროვეთა გადმოცემით, დახვეწილ მანერებთან ერთად, ნიკო აფხაზი და მისი მეუღლე სამოსითაც გამოირჩეოდნენ. პეგი პემბერტონი აფხაზის საღამოს გამოსასვლელი კაბები საოჯახო არქივში დაცულ ნივთებში აღმოჩნდა. ნიკო აფხაზის სამოსელი შემორჩენილი არ არის. ამიტომ, სპეციალურად გუბერნატორის რეზიდენციაში დაგეგმილი გამოფენისთვის, არქივებში მოძიებული ესკიზების შესაბამისად, საელჩომ თავისი სახსრებით ქართულ კომპანიას „სამოსელი პირველი“ დაამზადებინა ჩოხა-ახალუხი სტილიზებული სამხედრო ელემენტებით, რომელიც პოპულარული იყო ქართველ თავად-აზნაურობის წარმომადგენლებს შორის მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.

ეს ჩოხა, რომელსაც ნიკო აფხაზის ჩოხა ვუწოდეთ, ნიკოს მეუღლის პეგის საღამოს გამოსასვლელ კაბებთან ერთად 1 ივნისს გამოიფინა ბრიტანეთის კოლუმბიის ‘გუბერნატორის ოფიციალურ რეზიდენციასთან – „მთავრობის სახლთან“ არსებულ “სამოსელის მუზეუმში“. ქართული ჩოხის გამოფენას ვიქტორიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ექსპონატი წარმოაჩენს საქართველოს ისტორიას, სამოსელის კულტურას, ასევე, ნიკო აფხაზის ოჯახის სამხედრო ტრადიციებს.

საგამოფენო საინფორმაციო სტენდზე ასევე მოკლედ მოთხრობილია აფხაზების საგვარეულოს ისტორია, აღნიშნულია კონსტანტინე (კოტე) აფხაზის წვლილი 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში, მისი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ. ნაამბობია ნიკო აფხაზისა და მისი დედის ელენე იოსელიანის ისტორია საფრანგეთში იძულებითი ემიგრაციის დროს, აღწერილია ნიკოსა და პეგის ცხოვრების პერიპეტიები.

მუზეუმი ღიაა ზაფხულის სეზონზე (1 ივნისი-3 სექტემბერი), სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 11:00-დან საღამოს 15:00 საათამდე. მუზეუმის მისამართია: Government House1401 Rockland Avenue, Victoria, BC V8S 1V9Costume Museumელჩი მადლობას უხდის ბრიტანეთის კოლუმბიის გუბერნატორს, მის აღმატებულებას ჯანეტ ოსტინს (The Honourable Janet Austin, Lieutenant Governor of British Columbia), გუბერნატორის რეზიდენციაში – „მთავრობის სახლში“ ამ გამოფენის მასპინძლობისთვის.გვსურს მადლიერება გამოვხატოთ გუბერნატორის ოფისის პროგრამების, კომუნიკაციისა და ღონისძიებების სამსახურის დირექტორის ამანდა კემპბელის (Ms. Amanda Campbell, Director of Programs, Communications and Events, Office of the Lieutenant Governor), „სამოსელის მუზეუმის“ კოორდინატორის მერი ენნ სკილის (Ms. Mary Anne Skill, Coordinator, Costume Museum at Government House), „აფხაზის ბაღის“ მფლობელი ორგანიზაციის TLC აღმასრულებელი დირექტორის ქესი არმსტრონგისა (Ms. Cathy Armstrong, Executive Director,TLC The Land Conservancy of BC) და ბაღის მენეჯერის შერი მილტიმორის (Ms. Cherie Miltimore, Site Manager and Volunteer Coordinato, Abkhazi Garden) მიმართ გამოფენის მოწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.მადლობა კომპანიას „სამოსელი პირველი“ შთამბეჭდავი საგამოფენო ჩოხის დამზადებისთვის.“-ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,052 ნახვა
%d bloggers like this: