პოლიტიკა

ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ, მაგრამ გახარიას არ გავანდეთ

Nusagi

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნაცმოძრაობის“ გეგმებთან დაკავშირებულ კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ინფორმაცია მმართველი გუნდის წევრებმა კიევიდან, კოლეგებისგან 17 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე მიიღეს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ გაანდეს. ამის მიზეზი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო ეჭვები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია. „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ისახავდა მიზნად ხელისუფლების აყირავებას და ასევე, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდა.

ამასთანავე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა. აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია მას დაუმალეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეჭვი მმართველ პარტიაში 17 თებერვალს, ინფორმაციის მიღების დღესვე გაუჩნდათ.

„18 თებერვალს უკვე, [ნიკა მელიას] ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით – ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. მათ ჰქონდათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა“, – ამბობს კობახიძე.

მისი განცხადებით, ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობდნენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას ითხოვდა.

„ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვნების ვინაობა არ არის ცნობილი – გეგმის ნაწილი რომ იყო, ეს არის ცნობილი, რაოდენობაზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით. შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში – რაღაც უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის… ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას, მითუმეტეს, იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი, დამატებით, გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,027 ნახვა
%d bloggers like this: