ბიზნესი

არავის ვაბრალებთ – თბილისში ყველაზე ძველი პიცერია „პრეგო“ დაიხურა

Nusagi

თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოქმედი პიცერია „პრეგო რეალე“ დაიხურა. ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება პიცერიის დაარსებიდან 21 წლის შემდეგ მიიღო.  ინფორმაცია პიცერიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაავრცელა.

„პრეგო რეალე“ თბილისში, წარმატებული ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი ნიმუში იყო, თუმცა როგორც ხელმძღვანელი, ეკა წერეთელი აცხადებს, პანდემიის დროს შექმნილმა გლობალურმა გამოწვევევბმა ბიზნესი წამგებიანი გახადა და ამ გადაწყვეტილების მიღება აიძულა. მისივე თქმით, ბიზნესს თავისი მკაცრი კანონები აქვს და კონკრეტულად, შექმნილ სიტუაციას არავის აბრალებს.

„ალბათ ვერავინ დათვლის რამდენჯერ გვითქვამს ჩვენი მომხმარებლისთვის – „მობრძანდით“… ერთი შეხედვით, მარტივი სიტყვა, რომელმაც თბილისში და ალბათ საქართველოშიც კი, შექმნა ისტორია….დღეს უკვე გემრიელი პიცა არავის უკვირს თუმცა მაშინ, 2000 წლის საქართველოში ბევრი რამ გვიკვირდა ან უფრო სწორად ბევრი რამ არც გვქონდა…

იმ წლის 6 თებერვალს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩნდა ერთი პატარა კვების ობიექტი, რომელზეც ვერავინ იტყოდა, რომ მომდევნო 21 წლის განმავლობაში შექმნიდა პიცის ეპოქას, დიახ ეს იყო პიცერია პრეგო რეალეს პიცის ეპოქა..ეს იყო ძალიან დიდი შრომით, წვალებით, იმედგაცრუებით და ასევე უამრავი სიხარულით, ბედნიერებით, სიყვარულით და სიახლეებით აღსავსე 21 წელი… ეს იყო სრულიად განსხვავებული გარემო გახსნის პირველი დღიდან ბოლო დღემდე..

იმდენად შინაურული გარემო იყო რომ თავს ვერც უცხოდ და ვერც სტუმრად ვერ იგრძნობდით.. ძალიან ხშირად შეიძლებოდა შესწრებოდით ისეთ სიტუაციას რაც დღევანდელი გადმოსახედით არ ჯდება მომსახურების სტანდარტებში, თუმცა აქ თითქმის ყოველ დღე შეიძლებოდა შეხვედროდით მის დამფუძნებელს ზაალ ჩიკვაიძეს, რომელიც ან თავად მოგემსახურებოდათ მაგიდასთან ან მოგიმზადებდათ კერძს და ეს ჩვეული ამბავი იყო ამ პატარა იტალიურ რესტორანში… დიახ ბნელ 2000 წელზეა საუბარი… ეს იყო ადგილი სადაც ბევრმა ჩვენთაგანმა პირველად გავსინჯეთ იმ პიცის გემო, რომელიც პიცის სამშობლოშიც კი იშვიათად შეგვხვედრია.. ეს შედარება ხშირად სმენია პრეგოს კედლებს მისი ერთგული მომხმარებლისგან… გვინდა გადავუხადოთ უდიდესი მადლობა იმ უამრავ ადამიანს ვისაც 21 წლის მანძილზე უმუშავია ჩვენს პიცერიაში… ზოგი მათგანი თითქმის გახსნის დღიდან არის ჩვენს გვერდით დიდი მადლობა გაწეული სამსახურისათვის, გახსოვდეთ რომ თქვენც პრეგო რეალეს ოჯახის წევრები ხართ. დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც წლიდან წლამდე, ოჯახებით და მეგობრებით სიხარულით სტუმრობდით ჩვენს პიცერიას .

იმედი გვაქვს, რომ შევძელით თქვენთვისაც შეგვექმნა, თუნდაც რამოდენიმე, თბილი და დასამახსოვრებელი წუთები…Prego – სწორედ ასე ჟღერს იტალიურად ის მარტივი სიტყვა რომელიც საფუძვლად ედო ჩვენს პიცერიას და რომელიც ალბათ ძალიან მოგვენატრება ყველას…ყველაფერს აქვს თავისი დრო… პიცერია პრეგო რეალე წყვეტს ფუნქციონირებას… ბევრ სხვა გარკვეულ მიზეზთან ერთად მსოფლიო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა კრიზისმა ალბათ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ამ გადწყვეტილების მიღებაში.

პ.ს. გემრიელ პიცას რაც შეეხება მაინც ვთვლით რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქალაქში .

პატივისცემით და სიყვარულით პიცერია „პრეგო რეალეს“ ხელმძღვანელი ეკა წერეთელი და ოჯახი.“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,589,771 ნახვა
%d bloggers like this: