საზოგადოება

დავით თვალაბეიშვილი: რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება და გვაქვს ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესი

Nusagi

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება, – ასე შეაფასა ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მისი მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.

„ეს იყო, ძირითადად, ტექნიკური სახის შეხვედრა. საუბარი წარიმართა იმ შეთანხმების შესრულებასა და მის სტატუსზე, რომელიც გასულ შაბათს მედიაციის შეხვედრის ფარგლებში იყო მიღწეული და შეთანხმებული,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილმა ჩამოთვალა სამი ძირითადი მიმართულება, რომლის შესახებ შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, ამისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ ხვალისთვის მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას. ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება მეორე საკითხს, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საუბარია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ნამახვანჰესის პროექტის ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მეორე მხარისთვის.

„ჩვენ ეს ვალდებულება მიმდინარე კვირის ორშაბათს ოფიციალური წერილის გაგზავნით შევასრულეთ. სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მოგვაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხზე. თუ არსებობს რამე კითხვები, შევთანხმდით, რომ ამ კითხვებს მივიღებთ წერილობითი ფორმით და შემდეგ გაეცემა პასუხები,“ – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მესამე საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა. დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა.

„ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,552 ნახვა
%d bloggers like this: