მედიცინა

მაია ჯინჯოლავა- covid 19 სრულიად განსხვავებული გამოწვევაა

Nusagi

ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაგვირთულდა, წუთით არ გვშორდებოდა, შაბათ-კვირასაც არ ისვენებდა, ბოლომდე იბრძოდა და ის გვექცეოდა, როგორც დიდი ხნის ახლობლებს,- ასე ახასიათებს ინფექციური საავადმყოფოს ექიმ მაია ჯინჯოლავას მისი ყოფილი პაციენტი თამარ დუჩიძე, რომელმაც კოვიდისგან გამოწვეული გართულების გამო, მეუღლესთან ერთად საავადმყოფოში 21 დღე გაატარა.

როგორც თამარ დუჩიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მეუღლეს კოვიდთან ერთად ურთულესი თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა მხოლოდ დროული, სწორად ჩატარებული მკურნალობისა და ინფექციური საავადმყოფოს ექიმების მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია.

„არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ვთვლი, რომ მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორედ ინფექციურში მოვხვდით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იქ შემთხვევით მოვხვდით, არავინ დაგვხმარებია და პერსონალისთვის სრულიად უცნობი, მორიგი პაციენტები ვიყავით. ინფექციური საავადმყოფოს შენობები საკმაოდ მოძველებული და ამორტიზებულია, სხვა სირთულეებიც არის, თუმცა მაშინ ეს ჩვენთვის მეათეხარისხოვანი იყო, მთავარი სიცოცხლის გადარჩენა იყო. ეს კი, სწორედ ამ საავადმყოფოს ექიმების დამსახურებაა – მენეჯმენტის, რომელიც მაღალ დონეზეა ორგანიზებული.

პირველი ექიმი, ვინც ჩაგვიბარა, მაია ჯინჯოლავა იყო, არასდროს დავივიწყებ ამ ქალბატონის ყურადღებას და გულშემატკივრობას. დარწმუნებული ვარ, პაციენტების მიმართ ექიმის ასეთ დამოკიდებულებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შედეგზე. ჩემს მეუღლეს, რომელიც კოვიდამდე საკმაოდ რთულ დაავადებას ებრძოდა, მდგომარეობა საკმაოდ დაუმძიმდა, კორონავირუსმა ფილტვი 21 ქულამდე დაუზიანა (მაქსიმუმი 24-ა), მის მკურნალობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ბ-ნი თენგიზ ცერცვაძე და ქ-ნი მარინა ეზუგბაია. მაიასთან საუბრისას ვგრძნობდი, როგორ განიცდიდა ჩვენს მდგომარეობას, ვხვდებოდი, რომ თითქმის უიმედო მდგომარეობა იყო, მაგრამ არც ერთხელ არ მიგრძვნია, რომ ხელი ჩაიქნიეს და შეეგუენ. ამ ადამიანებმა ჩვენთან ერთად ბოლომდე იბრძოლეს, როდესაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, გადაგვიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში, რომელსაც ქალბატონი მარინა ენდელაძე ხელმძღვანელობს. ეს არის საოცრად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი. ყოველდღე შემოდიოდა და გვამხნევებდა, ყველა ზომა მიიღო კომპლექსური მკურნალობის წარმატებით დასამთავრებლად. მთლიანად, ინფექციური საავადმყოფოს პერსონალმა გამაოცა თავისი მაღალი პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პალატის ექიმს ქალბატონ მარინა გოდერძიშვილს. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ურთულესი მკურნალობა მთლიანად სახელმწიფომ დააფინანსა. დღეს ორივე სახლში ვართ, საავადმყოფოს რომ ვტოვებდით, მინდოდა, რაღაცით გამომეხატა მადლიერება ამ გულისხმიერი ადამიანების მიმართ, მაგრამ ისეთი რეჟიმი აქვთ, ვერც კი შევკადრე ამისთვის მომეცდინა, და სწორედ ამ წერილით მინდა მივაწვდინო ხმა და ვუთხრა, რომ საოცრად მადლობელი ვარ, მათ ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მინდა, ვუსურვო წარმატებები, დიდხანს სიცოცხლე და უამრავი გადარჩენილი პაციენტი“,-წერს თამარ დუჩიძე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი მაია ჯინჯოლავა, რომელსაც კომენტარისთვის მივმართეთ, ამბობს, რომ covid-19 სრულიად განსხვავებული გამოწვევაა და ექიმებსაც გამძაფრებული აქვთ პაციენტების მიმართ გულშემატკივრობა.

„ეს არ არის ის დაავადება, რომელთან მუშაობასაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით. როდესაც წინასწარ ვიცოდით, ხვალ რას უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში, საკმაოდ დიდია გაურკვევლობა, რადგან არ ვიცით, ხვალ რა გართულებები ექნება პაციენტს. თანაც, ჯერჯერობით არ არსებობს საშუალება ხელოვნურად პროცესის გაჩერების. სწორედ ამიტომ გვაქვს განსაკუთრებით გამძაფრებული გულშემატკივრობა პაციენტების მიმართ“,-გვითხრა ქ-ნმა მაიამ.

მისივე თქმით, უკვე ცნობილია, რომ კოვიდინფექცია ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ამიტომ მკურნალობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას.

„ მე მიყვარს ჩემი პაციენტები და მათთან დამოკიდებულება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათგანაც არის საპასუხო რეაქცია. არის შემთხვევები, როდესაც ვერ შედიხარ პაციენტთან კონტაქტში, თუმცა, ღვთის წყალობით, ასეთი ძალიან ცოტაა.  უკვე ცნობილია, რომ ეს დაავადება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და თუ ამას ერთვის ისიც, რომ პაციენტი არ გენდობა, არ სჯერა შენი, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, მის მდგომარეობაზეც აისახება. როდესაც ექიმსა და პაციენტს შორის არის სწორი დამოკიდებულება, მკურნალობის პროცესიც გაუთვალისწინებელი მოვლენების გარეშე მიდის“,-აცხადებს ინფექციონისტი მაია ჯინჯოლავა.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,743 ნახვა
%d bloggers like this: