საზოგადოება

ბადრი ესებუას მამა – მეუღლემ იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, ფსიქიკური პრობლემები აქვს

Nusagi

ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაიდინა თუ არა დანაშაული, დღეს მის გამო ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკზე“ თვდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, მისი მეორე შვილი, ბიძინა ესებუა უკვე თვეებია, რაც უდანაშაულოდ ციხეში ძმის დანაშაულის გამო ზის.

„სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში. გამორჩეული არც ერთი შვილი არ მყავდა, მაგრამ ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ – ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით, უდანაშაულო შვილი მიზის ციხეში… 39 წლის კაცია და ცხოვრებაში მისგან ერთი წყენა არავის ახსოვს. მსახურობდა ჯარში, მერე მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურში. ხელმოწერებს შევაგროვებდი, მის ყველა დამსახურებას მოვუყრიდი თავს, მაგრამ რას უშველის? ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაიდინა თუ არა დანაშაული, დღეს მის გამო ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია.

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს”, – აცხადებს ესებუა.

როგორც ის განმარტავს, ბიძინა ესებუას იარაღი „ჩაუდეს“.

„ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა და გვეუბნებიან, შიგ “ლიმონკა”, ტყვიები, საძილე ტომარა და რაღაცები ეწყოო. ამ ყველაფერს ჩადებდა საბარგულში და 2 დღე დატოვებდა? რა თქმა უნდა, ჩაუდეს. რად უნდა დიდი მკითხაობა იმას, რომ ბიძინა ბადრის სატყუარად გამოიყენეს… 5 და 10 დამცველი რომც ავიყვანო,­ რა აზრი აქვს? რაც უნდათ, იმას უზამენ­. რაც უნდათ, ის უქნიათ, სამუდამოს ხომ არ მისცემენ? როცა იქნება, გამოვა. მე ერთი მშრომელი კაცი ვარ. ვის ვებრძოლო,­ სახელმწიფოს ხომ ვერ შევებრძოლები? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი. უდანაშაულო კაცი 7 თვეა ციხეში ზის, 2 თვეა არაფერი უჭამია”, – აცხადებს ესებუა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ესებუას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

ამასთან, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

interpressnews

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,698,592 ნახვა
%d bloggers like this: