ისტორია

საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიში მანიაკები

Nusagi

საბჭოთა კავშირის დროს, მიუხედავად მკაცრი კონტროლისა და მოჩვენებითი სტაბილურობისა, არაერთი სასტიკი დანაშაული ხდებოდა, იყვნენ მანიაკებიც, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მოსახლეობას, სამართალდამცველები კი, მათ დაკავებას წლების მანძილზე ვერ ახერხებდნენ. 

ჩიკატილო

გვარი ჩიკატილო უკვე დიდი ხანია, მანიაკი მკვლელების კრებსით სახელად იქცა, რომელიც დაუნდობელობასა და სისასტიკესთან ასოცირდება. მართლაც, ის ყველაზე საშინელი ურჩხული იყო საბჭოთა კავშირის მთელი ისტორიის მანძილზე. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ადამიანი ყველაზე მოკრძალებული საბჭოთა მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლობლები და ნაცნობები მორიდებულ, სანიმუშო მეოჯახედ, მეუღლედ და  მამად ახასიათებდნენ. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ სწორედ ის იყო საშინელი მანიაკი, რომელსაც სამართალდამცველები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.   

ანდრეი ჩიკატილო რუსეთის ქალაქ ნოვოჩერკასკში 1936 წელს დაიბადა, საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, სიღატაკეში გაზრდილს ბევრი რამ აკლდა და როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ომის დროინდელი დაბომბვები და მუდმივი შიში სავარაუდოდ, მის ფსიქიკაზე აისახა.

ბავშვობიდან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა, სკოლაში მეგობრები არ ჰყავდა და თანაკლასელებისაგნ მუდმივად იყო ბულინგის მსხვერპლი. 

70-იან წლებში ჩიკატილო, რომელსაც უკვე ჰყავდა მეუღლე, ერთ-ერთ სკოლა-ინტერნატში რუსული ენის მასწავლებლად მოეწყო, საიდანაც მოსწავლეების მიმართ სექსუალური შევიწროების გამო გაათავისუფლეს, თუმცა პირად საქმეში ჩაუწერეს, რომ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ამის შემდეგ, ოჯახი სხვა ქალაქში გადადის საცხოვრებლად და ჩიკატილო კვლავ ერთ-ერთ ინტერნატში აღმზრდელად იწყებს მუშაობას. იქ არასრულწლოვან ბიჭებთან ცდილობს სექსუალური კავშირის დამყარებას, რის გამოც მოსწავლეებმა მას „ცისფერი“ და „ონანისტი“ შეარქვეს, ხშირად დასცინოდნენ და ამცირებდნენ. დაუსრულებელი ჩაგვრისა და კონფლიქტების გამო, მასში დიდი აგრესია დაგროვდა და მოგვიანებით გადაწყვიტა, მთელი სამყაროსთვის ნებისმიერ ფასად თავისი ძალა დაემტკიცებინა. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ასაკში შესულმა დაიწყო.

თავის მსხვერპლს ჩიკატილო მატარებლის სადგურებზე ირჩევდა. უახლოვდებოდა და სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობდა. მაგალითად, მძიმე ჩანთის ტარებას, ან გზის სწავლას. ინტელიგენტური გარეგნობის ასაკიანი მამაკაცი, სუფთად ჩაცმული, ზრდილობიანი, თან ხალხმრავალ ადგილას, ეს ყველაფერი მსხვერპლს მისდამი დადებითად განაწყობდა. სწორედ ეს გათვლა ჰქონდა მანიაკს. ჩიკატილო მსხვერპლს მოკლე გზას სთავაზობდა, საუბარში ადამიანებს უკაცრიელ ადგალას იტყუებდა, შემდეგ კი, მოულოდნელად თავს ესხმოდა და განსაკუთრებული სისასტიკით კლავდა. მსხვერპლთა სხეულები ჭრილობებისგან ისე იყო დამახინჯებული, რომ მათი ამოცნობაც კი უჭირდათ. ჩიკატილოს კარგად ეხერხებოდა კვალის წაშლა და მისი დაკავება 10 წლის მანძილზე შეუძლებელი იყო, ამ ხნის მანძილზე, სერიული მკვლელი მსხვერპლის რაოდენობას ყოველწლიურად ზრდიდა. 

1984 წელს, რკინიგზის სადგურზე ჩიკატილო შემთხვევით გააჩერა პატრულმა მილიციონერმა. იმ დროს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. კანონის მცველებმა მისი ნივთების დათვალიერება გადაწყვიტეს. ჩემოდანში ნახეს თოკი, ვაზელინი და დანა. ჩიკატილომ თავი ძალიან მარტივად იმართლა. იმ პერიოდში მომმარაგებლად მუშაობდა და განაცხადა, რომ თოკი და დანა სხვადასხვა ყუთების შესაკვრავად ჭირდებოდა.

შემოწმებით გაირკვა, რომ ჩიკატილო არის მოწესრიგებული მოქალაქე, სანიმუშო მეოჯახე, რომელსაც ყველა დადებითად ახასიათებდა. ის გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევამ მანიაკი შეაშინა და 2 წლის მანძილზე მკვლელობები შეწყვიტა. ის საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, გამოსწორებული მანიაკი არ არსებობს. 

ჩიკატილომ თავისი სისხლიანი საქმე გააგრძელა და კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი მოკლა. მოგვიანებით, დაკითხვისას მანიაკი იტყვის, რომ ადამიანების სიკვდილისწინა აგონია და შიში მას აუწერელ სიამოვნებას ჰგვრიდა და სულ უფრო და უფრო ხშირად უნდებოდა ამის განცდა. მისი თქმით, ეს სიამოვნება ცხოვრებაში ვერაფერმა შეუცვალა და ამიტომ, გაჩერება აღარ შეეძლო. ბავშვების დასახიჩრებულ გვამებს პოულობდნენ პარკებში, ტყეში, სკვერებში. ჩიკატილო დანაშაულს სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში სჩადიოდა, სადაც ის დროებით, მივლინებაში იმყოფებოდა.

მკვლელის დასაკავებლად საბჭოთა კავშირში სპეცოპერაცია დაიგეგმა და მისი აყვანა მხოლოდ 1990 წელს მოხერხდა . ამ დროისთვის მას 50-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოკლული. მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები. 

1988 წელს რუსეთში კიდევ ერთი სერიული მკვლელი, ანატოლი სლივკო მოქმედებდა. ის დამსახურებული პედაგოგი იყო, რომელიც თავის აღსაზრდელ 12-15 წელის ბიჭებს ტყეში კლავდა. დაპატიმრებამდე მან 7 მოზარდის მოკვლა მოასწრო. გამომძიებელმა, რომელიც ჩიკატილოს მიერ ჩადენილ მკვლელობებზე მუშაობდა, სლივკოსთან გასაუბრება მოითხოვა. მანიაკმა მას სწორი მიმართულება ვერ მისცა, უთხრა, რომ მკვლელობები, რომლებსაც ის იძიებს, სავარაუდოდ, ორი ადამიანის ჩადენილია, ერთი სპეციალიზებულია ქალებზე, მეორე კი -ბიჭებზე. „საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, ძალიან გაგიჭირდებათ“,-უთხრა მანიაკმა გამომძიებელს სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე.

მოგვიანებით, ერთ-ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა ჩიკატილოს მკვლელობების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი აღწერა და თქვა, რომ მკვლელი არ არის შეურაცხადი, ის ჰეტეროსექსუალი და გარეგნობით ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მოქალაქე უნდა იყოს, რომელსაც სავარაუდოდ, მძიმე ბავშვობა ჰქონდა და თავისი ტოლი ბიჭებისგან მუდმივად დამცირებას იტანდა. სწორედ ამით აიხსნება მოზარდი ბიჭების მიმართ მისი საშინელი ქცევა, ის მათ სასქესო ორგანოებს იმიტომ აჭრიდა, რომ ქალის მსგავსები გაეხადა. ამგვარად, აქამდე არსებული ვერსია, რომ მანიაკი შეშლილი იყო, გაქარწყლდა და სამართალდამცველებმა სწორედ ფსიქოლოგის მიერ აღწერილი ადამიანების შემოწმება დაიწყეს. 

1990 წლის 6 ნოემბერს ჩიკატილომ მოკლა 22 წლის გოგო, ტყიდან სარკინიგზო პლატფორმასთან გამოვიდა, სადაც მილიციის სერჟანტმა გააჩერა. სამართალდამცველს ეჭვი აღუძრა მანიაკის ჩაცმულობამ. რა უნდოდა ტყეში ჰალსტუხიან, კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანს. ვინაიდან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, სერჟანტმა ჩიკატილოს საბუთები მოთხოვა და მისი გვარი დააფიქსირა. რის შემდეგაც გაუშვა. ერთი კვირის შემდეგ სწორედ იმ ადგილზე გოგოს ცხედარი იპოვეს. როდესაც მორიგე მილიციონერების ოქმები შეამოწმეს, ყურადღება მიაქციეს ჩიკატილოს გვარს. აღმოჩნდა, რომ ის 1984 წელს უკვე იყო დაკავებული და ეჭვმიტანილი მკვლელობაში. 

17 ნოემბერს დაიწყო მანიაკზე თვალთვალი.  როგორც გაირკვა, ის საეჭვოდ იქცეოდა, ხალხმრავალ ადგილებში უცნობებთან ცდილობდა დაახლოებას, დადიოდა ადგილებში, სადაც ადრე მოკლულთა ცხედრები იყო ნაპოვნი, ერთხელ, ისეთი გაწბილებული იყო არშემდგარი გაცნობით, რომ უკან მომავალი, კინაღამ მანქანამ გაიტანა.

20 ნოემბერს ჩიკატილო დააკავეს. ის ექიმთან იყო თითზე რენტგენის გადასაღებად. როდესაც სამართალდამცველებმა ექიმი გამოკითხეს, აღმოჩნდა, რომ მანიაკს გაურკვეველ ვითარებაში თითი ჰქონდა მოტეხილი. რეალურად კი, ის ბოლოს წინა მსხვერპლმა, მოზარდმა ბიჭმა მოტეხა სიკვდილის წინ, როდესაც მკვლელს წინააღმდეგობას უწევდა. ჩიკატილო სახლში დაბრუნდა, შემდეგ კი, სამლიტრიანი შუშის ქილით გამოვიდა, ლუდი იყიდა და გზად, ახალგაზრდა მოზარდებთან გამოლაპარაკება სცადა. ის მაშინვე დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს.

მანიაკმა დანაშაული მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღიარა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებს ამაში სწორედ ის ფსიქიატრი დაეხმარა, რომელმაც მანამდე ჩიკატილოს ფსიქოპორტრეტი შექმნა. 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ჩიკატილო სრულად შერაცხადად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლელს გააზრებული ჰქონდა თავისი საქციელი. ჩიკატილო სასამართლოზე ცდილობდა, გადაეთქვა თავისი აღიარება, ამბობდა, რომ საქმეები „შეტენეს“, ბოლოს თავს შეურაცხადად აჩვენებდა. ლანძღავდა მოსამართლეებს, პროკურორს, დარბაზში მჯდომებს გენიტალიებს აჩვენებდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის აზრით, ექიმებმა ის შერაცხადად მხოლოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ საზოგადოება მანიაკისგან დაეცვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებით მკურნალობას დაუნიშნავდნენ და საბოლოოდ, გაათავისუფლებდნენ.

ჩიკატილი 1994 წელს სიკვდილით დასაჯეს.

მოსგაზი

მოსგაზი

ვლადიმირ იონესიანი, მეტსახელად “მოსგაზი” საბჭოთა კავშირში ოფიციალურად პირველ სერიულ მკვლელად აღიარეს. ის თავის მსხვერპლთან სახლში შედიოდა როგორც გაზის ინკასატორი. იმ პერიოდში საბჭოთა კანონმორჩილ მოქალაქეებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი ნდობით სერიული მკვლელი სარგებლობდა. სახლში შესვლისას მანიაკი ქურთუკში დამალულ ცულს იღებდა და განსაკუთრებული სისასტიკით კლავდა ადამიანებს. 

იონესიანის მშობლები თბილისელი სომხები იყვნენ. ისინი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შვილით ამაყობდნენ. იონესიანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში უგამოცდოდ მიიღეს, თუმცა არავინ იცის, რა გარდატეხა მოხდა მასში მე-2 კურსზე. იონესიანმა მუსიკაზე გული აიცრუა და სასწავლებელი დატოვა. ჯარში წასვლას თავს არიდებდა, რის გამოც განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა და გორში 1 წლით გამოსასწორებელ ბანაკში გაიგზავნა. ბანაკიდან იონესიანი მალევე გაიქცა და კვლავ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ციხიდან 1 წელიწადში გამოვიდა. კომისარიატში ექიმებმა ის ფსიქიურად გაუწონასწორებლად მიიჩნიეს და მისი ჯარში წაყვანის რეკომენდაცია არ გასცეს. მალე იონესიანი თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულ გოგონაზე, მედეაზე დაქორწინდა. ცოლ-ქმარს შვილი შეეძინა, თუმცა ეკონომიკურად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ. ამის გამო, იონესიანი კრიმინალებს დაუკავშირდა და მალე იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა. ოჯახი საცხოვრებლად ორენბურგში გადავიდა და იონესიანმა ცოლთან ერთად მუსკომედიაში დაიწყო მუშაობა.

მალე იონესიანს მედეა მობეზრდა და 21 წლის ბალერინასთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად მოსკოვში გადავიდა. საარსებო წყაროს საშოვნელად იონესიანი კვლავ კრიმინალის გზას დაადგა. იყიდა ცული და 1963 წლის 20 დეკემბერს ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში შევიდა.

პირველივე კარი, რომელზეც დააკაკუნა, 9 წლის ბავშვმა გაუღო. იონესიანმა უთხრა, რომ გაზის გაყვანილობის შესამოწმებლად მივიდა, თან კითხა, ვინ იყო სახლში. ბავშვმა უპასუხა: „ყველა“. სინამდვილეში, ბიჭი სახლში მარტო იყო, მაგრამ იგრძნო საშიშროება და მოსგაზის წარმომადგენელს ტყუილი უთხრა. იონესიანი მაინც შევიდა, შეამოწმა გაზქურა და მალევე დატოვა იქაურობა. ბუნებით მხდალს არ სურდა უფროსებთან შეჭიდება. როდესაც ბიჭმა კარი დაკეტა, იონესიანი კვლავ დაბრუნდა, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ბავშვმა მოატყუა. ბიჭმა კარი ისე გააღო, რომ ჯაჭვით ჰქონდა ჩაკეტილი. იონესიანმა უთხრა, რომ ასანთი უნდოდა. ბავშვმა ასანთი გამოუტანა და კარი მიუხურა. მკვლელი მესამედ დაბრუნდა, ამჯერად ბიჭმა კარი აღარ გააღო და მკვლელმა სხვა სართულზე გადაინაცვლა.

ბინის კარი 12 წლის ბიჭმა გაუღო, დარწმუნდა თუ არა, რომ ბავშვი სახლში მარტო იყო, მოსგაზმა ის ცულით მოკლა, შემდეგ კი, სახლიდან ფული -60 მანეთი, ნახმარი ოდეკოლონი და სვიტერი წაიღო. ასეთი უეცარი „შემოსავალი“ მოეწონა და ახალი დანაშაულის დაგეგმვა დაიწყო.

ამასობაში კი, 9 წლის ბიჭმა, რომელიც მკვლელს გადაურჩა, სამართალდამცავებთან ერთად მოსგაზის ფოტორობოტი შეადგინა, ასევე უთხრა, რომ მას აქცენტი ჰქონდა და ე.წ. უშანკა რაღაც უცნაურად ჰქონდა შეკრული კეფაზე. მილიციონერები მიხვდნენ, რომ მკვლელი ადგილობრივი არ იყო.

მოსგაზმა შემდეგი მკვლელობა უკვე 5 დღეში ჩაიდინა. იონესიანი ისეთ ოჯახებს ირჩევდა, სადაც იცოდა, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. მისი მსხვერპლი მარტოხელა პენსიონერები და ბავშვები იყვნენ. მკვლელობებს შორის შუალედი იშვიათად იყო 1 კვირაზე მეტი, ერთხელ ისეთი მონდომებული იყო, რომ ივანოვოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ სამი დანაშაული ერთ დღეში ჩაიდინა. მსხვერპლი ამჯერადაც ბავშვები იყვნენ. ორი ბიჭი და ერთი გოგო. ბიჭები დახოცა, გოგონა კი, რომელიც მანიკმა გააუპატიურა და ნაჯახი 9-ჯერ დაარტყა, სასწაულებრივად გადარჩა. გადარჩა ასევე 9 წლის ბიჭი, რომელსაც იონესიანი ეზოდან აედევნა და სახლში შეყვა, თუმცა როდესაც დაინახა ბიჭის ზურგს უკა მისი უფროსი და, მაშინვა დატოვა იქაურობა. გადარჩა 4 წლის გოგონაც, რომელიც მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში მშობლებმა ცოტა ხნით მარტო დატოვეს. მანიაკმა უთხრა, რომ მამის მეგობარი იყო და თხოვა, კარი გაეღო. გოგონამ ფანჯრიდან დაინახა უცნობი მამაკაცი და უთხრა, რომ ის მამის მეგობარი არ იყო, შემდეგ სახლში ჩაიკეტა და მამის მოსვლამდე კარის სახელურს ჩაებღაუჭა. როდესაც მამა დაბრუნდა, ბავშვი ისე იყო შეშინებული, რომ მშობლებმა ფანჯარა შეამტვრიეს და ისე შევიდნენ მასთან. შემდგომში გადარჩენილი ბავშვების მიერ მანიაკის აღწერა სამართალდამცველებს ძიების პროცესში დაეხმარა.

მოსკოვსა და ივანოვოშო ხმა გავრცელდა, რომ მანიაკი გაზის ინკასატორის სახელით შედიოდა სახლებში. მშობლები ბავშვებს აფრთხილებდნენ, მოქალაქეები მოსგაზის გაგონებაზე შიშისგან კანკალებდნენ. მაშინ მანიაკმა სხვა ხერხს მიმართა და მშენებარე სახლებზე საჩივრის ხელმოწერის საბაბით, პენსიონერის ბინაში შეაღწია.

აღსანიშნავია, რომ მოსგაზი დიდად არ ცდილობდა თავისი კვალის დაფარვას, მისდა საბედნიეროდ, იმ პერიოდში მილიციის თანამშრომლების შემცირებები დაიწყო. აუქმებდნენ მთელ განყოფილებებს, ქვეყანაში არ იყო საკმარისი ოპერატიული თანამშრომლები და რიგითები. საქმის გამომძიებელიც არავინ იყო.

დაუსჯელობით გათამამებული მოსგაზი ბოლოს, სულ გათავხედდა. ერთ-ერთი მკვლელობის შემდეგ ბინიდან უზარმაზარი ტელევიზორი გამოიტანა. სწორედ ეს შემთხვევა აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო. კორპუსის მცხოვრებლებმა დაინახეს უცნობი ადამიანი, რომელსაც ზეწარში გახვეული დიდი ნივთი მიჰქონდა. მეზობლებმა მანქანის ნომრები ჩაიწერეს, რომლითაც უცნობმა ადგილი დატოვა, და მილიციას გადასცეს. რამდენიმე დღეში ვლადიმერ იონესიანი დააკავეს. სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯა. 

როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსგაზი დააპატიმრეს, სამართალდამცველები ტომრებით იღებდნენ წერილებს, ხალხი ითხოვდა, რომ მკვლელი წითელ მოედანზე დაესაჯათ. რა თქმა უნდა, ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. იონესიანი 1964 წელს სიკვდილით დასაჯეს. ძიების პროცესში ის აცხადებდა, რომ ადრე კარგი ადამიანი იყო.

მიხასევიჩი

მიხასევიჩი

​გენადი მიხასევიჩი 1947 წელს დაიბადა ბელარუსის ერთ-ერთ სოფელში, ღარიბ ოჯახში. მამა ხშირად სვამდა და შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა. მიხასევიჩი მორიდებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი იყო. სკოლაში თანასოფლელი გოგო ელენა შეუყვარდა, თუმცა ცოლად ვერ მოიყვანა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წაიყვანეს, შეყვარებულმა კი, ლოდინს გათხოვება ამჯობინა. ფსიქიატრების მტკიცებით, ახლობელი ადამიანის ღალატმა მიხასევიჩი ცხოვრებაზე საბოლოოდ გააწბილა. ჯარიდან დაბრუნებული სოფლიდან გაემგზავრა და ტექნიკუმში ჩააბარა. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლებთან სტუმრობა გადაწყვიტა. 

როგორც დაპატიმრების შემდეგ მიხასევიჩმა მოყვა, სახლისკენ მიმავალ გზაზე ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ცხოვრება აღარ ღირდა. შევიდა ტყეში, ტანსაცმლისგან თოკი დაგრიხა და უკვე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, რა დროსაც ფეხით მოსიარულე შენიშნა. ეს იყო ახალგაზარდა, ლამაზი გოგო, მიხასევიჩმა თავის მოკვლა გადაიფიქრა, უბედურ გოგოს თავს დაესხა და მოკლა.

მკვლელობის პროცესი ისე მოეწონა, რომ გაჩერება აღარ უნდოდა. ტექნიკუმის დამთავრებისას მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მორიგი მსხვერპლი პირდაპირ სადგურზე აირჩია. 2-წლიანი შესვენების შემდეგ მიხასევიჩმა ისევ დაიწყო გოგონებზე ნადირობა. ის თავის სოფელში ცხოვრობდა, სანადიროდ კი, ახლომდებარე დასახლებებში მიდიოდა. 

1976 წელს მიხასევიჩის საქმეები გამოსწორდა, ცოლი მოყვანა, კარგი სამსახური იშოვა და სხვა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა  სოციალურად წარმატებული წლის მანძილზე კიდევ 4 გოგო მოკლა. სოფელში ხმა გავრცელდა იდუმალებით მოცული მანიაკი მკვლელის შესახებ, თუმცა არავის უფიქრია, რომ ის მათი მეზობელი, გენადი მიხასევიჩი იყო. ქალებს ის ქმრებთან მაგალითად მოყავდათ, როგორც ერთგული ქმარი და ორი შვილის საუკეთესო მამა. სამსახურში საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობდა, უფრო მეტიც, საკუთარი თავის დასაჭერად ჯგუფიც კი შექმნა და ტყეში პატრულირებდა. ის მილიციონერებს აქტიურად ეკონტაქტებოდა და მათთან ერთად განიხილავდა მკვლელის დაკავების გზებს. 

1985 წელს საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა. გამოძიება ახალგაზრდა დეტექტივმა ნიკოლოზ იგნატოვიჩმა ჩაიბარა. ზედმეტი მონდომების გამო, თავდაპირველად საქმეს ჩამოაცილეს, თუმცა მან შეძლო კოლეგების წინააღმდეგობის დაძლევა და მათი დარწმუნება, რომ ეს მკვლელობები სხვადასხვა ადამინების კი არა, სერიული მკვლელის ნახელავი იყო. გამომძიებელმა საოცარი სიზუსტით გამოთვალა მიხასევიჩის პორტრეტი. კერძოდ, მისი დასკვნით, მკვლელი მიმზიდველი გარეგნობის მამაკაცია, ვიტებსკში ცხოვრობს და პოლიციასთან უშტატოდ თანამშრომლობს.

მიხასევიჩი მიხვდა, რომ კვალი მალე მასთან მივიდოდა და გამოძიებისთვის კვალის არევის მიზნით, ერთ-ერთი გაზეთის რედაქციას ანონიმური წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ ყველა მკვლელობა ჩადენილი იყო მის მიერვე გამოგონილი ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „ვიტებსკის პატრიოტების“ მიერ. ერთ-ერთ ბოლო მსხვერპლს, ახალგაზრდა ქალს პირში წერილი ჩაუდო, სადაც ეწერა -„სიკვდილი კომუნისტებს“, წერილი ხელმოწერილი იყო იგივე სახელწოდებით „ვიტებსკის პატრიოტები“. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს წერილი და რედაქციაში გაგზავნილი შეტყობინება ერთი ადამიანის დაწერილი იყო. გრაფოლოგებმა შეამოწმეს 500 000-მდე ხელმოწერა, რომელიც ოლქის მცხოვრებლებს ეკუთვნოდა. გამოძიების დაწყებიდან 1 თვეში მიხასევიჩის გაშიფვრა მოხერხდა. ჩხრეკისას მას მსხვერპლთა რამდენიმე ნივთი უპოვეს, რომლებიც მოკლულების ნათესავებმა ამოიცნეს. 

სასამართლოზე მიხასევიჩი საკმაოდ წყნარად იყო, მაგრამ როდესაც საუბარი მის პირველ შეყვარებულს, ელენას შეეხო, მკვლელი აქვითინდა. 

გენადი მიხასევიჩი 1987 წელს დახვრიტეს.  14 წლის მანძილზე მან 36 ქალი მოკლა. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცველებმა წამებით 14 ადამიანი აიძულეს, არჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ. ერთი მათგანი კი, მიხასევიჩის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო დახვრიტეს კიდეც. საბრალო სიკვდილის შემდეგ გაამართლეს. როდესაც ყველაფერი გაირკვა, დამნაშავე მილიციონერებს სხვადასხვა სასჯელი შეეფარდათ. მათგან ერთს -4-წლიანი პატიმრობა, დანარჩენებს საყვედური და პარტიიდან გარიცხვა.

როგორც კეთილსინდისიერმა დეტექტივმა , ნიკოლოზ იგნატოვიჩმა პრესასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უღირსი სამართალდამცავების გათავისუფლება შედეგის მომტანი არ იქნება, თუ თავად სისტემაში არ მოხდება რეფორმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,724 ნახვა
%d bloggers like this: