საზოგადოება

მუსლიმთა სამმართველო: ,,პრაიდები“ მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის შექმნას

Nusagi

ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ, საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში.

ჩვენს შორის, განსხვავების მიუხედავად ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ კი, ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმითა და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასა და სხვებზე ამის თავსმოხვევასთან. ის, რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი ,,პრაიდები“ კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნასა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებსა და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ, თბილისში, „თბილისი პრაიდი“ მარშს გამართავს. ამავე დღეს, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით, მოქალაქეთა ნაწილი, ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბება. საპატრიარქო მიმართავს მოსახლეობას, მშვიდობიანად დააფიქსირონ პროტესტი და „არ აჰყვნენ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,488 ნახვა
%d bloggers like this: