სამართალი

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Nusagi

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, ბრალდებული გიორგი ხმალაძე წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევია და სასჯელი მოხდილი აქვს. ის დანაშაულისკენ მიდრეკილია და არსებობს საფუძველი, რომ დანაშაულებრივი ქმედება კვლავ გააგრძელოს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

პროკურორის განმარტებით, ხმალაძეს ფსიქიკური პრობლემა აქვს და მისი უმოტივოდ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პროკურორის თქმითვე, რომ არა მოქალაქეები და სამხედროები, რომლებიც დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ტურისტის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.

შაიშმელაშვილის განცხადებით, დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სასჯელის მოლოდინის შიშით კი, შესაძლოა, ის გამოძიებას მიემალოს. პროკურორისვე განმარტებით, ამ ფსიქიკის მქონე ადამიანმა მოწმის სახით დაკითხულ პირებს შესაძლოა, სათითაოდ მიაკითხოს და სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, მათზე ზეგავლენა მოახდინოს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებდა, პროკურორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ადვოკატის თქმით, გიორგი ხმალაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაბამისი მკურნალობა, ექსპერტიზა სჭირდება. მდინარაძის განმარტებით, ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

ადვოკატი ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო.

მოსამართლის კითხვაზე, ბრალდებულს ახსოვს თუ არა, რა მოხდა, ხმალაძემ უპასუხა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რას ერჩოდა ის ტურისტს, დაკავებულმა პასუხი არ გასცა.

მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულს განუმარტა, რომ აუცილებელია მისი იზოლაცია, რომ კიდევ რამე არ დააშავოს, სასჯელი უნდა მოიხადოს ან იმკურნალოს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ “ურჩევნია გაასამართლონ”, რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული. მოგვიანებით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის ადვოკატის შუამდგომლობას ეთანხმება და განაცხადა, რომ მკურნალობას აირჩევდა. მოსამართლემ კი განუმარტა, რომ ეს ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება.

წყარო: ipn

ცნობისთვის, როგორც „ინფო ფოსტალიონს“ თვითმხილველმა განუცხადა, დაკავებულის დამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, თქვა, რომ მის ძმას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სახლიდან გაიპარა და პირველივე შემხვედრს დაესხა თავს. ხმალაძის დამ უარყო 5 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი ძმა პოლონელი ტურისტ საყურის გამო გაუსწორდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,772 ნახვა
%d bloggers like this: