საზოგადოება

„ბებო-ბებოო, დასძახოდა და ხელებზე ეფერებოდა…“ – ამ ფოტოზე გამოსახულ ახალგაზრდას ეძებენ

Nusagi

ჩვენი კოლეგა, ინგა ჩახვაშვილი ეძებს ბათუმელ ახალგაზრდას, რომელმაც ქუჩაში მცხოვრები, უცნობი ბებო დააპურა,-ასეთი სათაურით აქვეყნებს „პრაიმ ტაიმი“ სტატიას და უცნობი ახალგაზრდა ფოტოს.

„ეს ფოტოები გუშინ ჩემი მამობილის, გურამ ბაკურაძის შვილმა, ეკატერინე ბაკურაძემ გამომიგზავნა და ამბავსაც მომიყვა: გუშინწინ საღამოს ვხედავ, ახალგაზრდა, პატარა ბიჭი, „გლოვოს“ კურიერი ცდილობდა, დავარდნილი მოხუცი ქალი წამოეყენებინა. ბოლომდე ვერც წამოაყენა, წამოსვა – ასე, ბებო, ასე, წამოჯექი, აი, ეს ჭამე, უკეთ გახდები, ბებო, წვენი მიაყოლე, ხომ უკეთ ხარ?!

ახლოს მივედი, ღმერთო, მაპატიე, მოუვლელობისგან ქალი ყარდა, ეს ბიჭი კი, ბებო-ბებოო, დასძახოდა და ხელებზე ეფერებოდა, ხან ლუკმას უმარჯვებდა, ხან – წვენს.
– გაიხაროს, შვილო, შენმა გამზრდელმა, ისე ვერ გაგიშვებ, ფოტო რომ არ გადაგიღო, – ვუთხარი. მეც ასე შემომცინა, სიყვარულით სავსე თვალებით და წავიდა… ახლაც ყურში მიდგას მისი სიყვარულით ნათქვამი „ბებო, ბებო“. იქვე გადავწყვიტე, შენთვის მომეყოლა ეს ამბავი და ფოტოც იმიტომ გადავიღე, ვიცოდი, შენც ასე მოიქცეოდიო.

ღმერთო, მადლობა, რომ ასე ხილულად გამოგვეცხადები ხოლმე, ჩვეულებრივი ადამიანის სხეულით და იმედწართმეულებს, შეშინებულ-დაზაფრულებს, რომ მიგვატოვე, ნუგეშს გვაძლევ, უმთვარო ღამეში მზედ რომ გაიბრწყინებ და ასეთი ადამიანების ჩვენს შორის ყოფნით გვანუგეშებ.

გუშინ, ამ სივრცეში სიკეთის და სიყვარულის ყოველგვარი ნიშნის წამლეკავი, უმძიმესი სიტყვების, სიძულვილის, განკითხვის, არდანდობის ნიაღვარიდან თავის დახსნის ერთადერთ გზად ფეისბუქის გაუქმებას ვხედავდი, მაგრამ არა! სანამ ერთი ადამიანიც ივლის ჩემს სამშობლოში ასეთი თაკარა გულით, სიყვარულით სავსე მზერითა და სიტყვით კი არა, საქმით უბრალოდ, ადამიანზე მზრუნველი, იმედი არის! იმედი იმისა, რომ ეს ნაპერწკალი ცეცხლად აალდება და ადამიანები დაიბრუნებენ თავიანთი ადამიანად ყოფნის მთავარ ნიჭს – სიყვარულს, ღმერთს!!!

თუ ვინმე იცნობთ ამ ახალგაზრდას, დამაკავშირეთ, რომ ჩამოვალ, უნდა გავიცნო და ჩავეხუტო…
ბათუმის მერია, იქნებ ამ ბებოს ეპატრონოთ, ლერმონტოვისა და გორგილაძის კვეთაზე ცხოვრობს, ფაქტობრივად, ქუჩაში“ – წერს ინგა ჩახვაშვილი სოციალურ ქსელში.

prime time

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,697,579 ნახვა
%d bloggers like this: