მეცნიერება

პროკრასტინაცია, ანუ მნიშვნელოვანი საქმის ბოლო მომენტამდე გადადების ჩვევა სიზარმაცეს არ უკავშირდება- როგორ დავძლიოთ

Nusagi

მრავალ ჩვენგანს გვჩვევია მნიშვნელოვანი საქმის გადავადება ბოლო მომენტამდე. ფსიქოლოგები ამ ქცევას პროკრასტინაციას უწოდებენ. კვლევებმა აჩვენა, რომ პროკრასტინაცია სიზარმაცესთან არ არის დაკავშირებული,- ვკითხულობთ ფეისბუქგვერდზე- Personal Development Portal პიროვნული განვითარების პორტალ, რომელიც მკითხველს აწვდის ინფორმაციასა და რჩევებს პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.

სიზარმაცე გულისხმობს უმოქმედობას, ხოლო პროკრასტინაციული ქცევის დროს, ადამიანი გადაავადებს მნიშვნელოვან საქმეს, სამაგიეროდ კი კავდება ნაკლებადმნიშვნელოვანი, მაგრამ ზოგჯერ უფრო შრომატევადი და მისთვის სიამოვნების მომტანი საქმიანობით. პროკრასტინაციის ნათელი მაგალითია, როდესაც გამოცდისთვის მზადების ან მნიშვნელოვანი თეზისის დაწერის ნაცვლად, ადამიანი იწყებს ბაღის მოვლა-დასუფთავებას.

ზოგიერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ პროკრასტინაცია არასწორად გააქტიურებული თავდაცვის მექანიზმია, რომელიც ეხმარება ადამიანს ჩაანაცვლოს სტრესი სასიამოვნო ემოციებით. პრობლემა იმაშია, რომ მოკლე ვადაში ეს მექანიზმი კარგად მუშაობს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეუსრულებელ საქმეს უფრო მეტ სტრესამდე და ნერვიულობამდე მივყავართ.

პროკრასტინაციის გამომწვევი ათეულობით მიზეზი არსებობს, მათ შორის პერფექციონიზმი, დაბალი თვითშეფასება, დეპრესია, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, კონცენტრაციის ნაკლებობა, მიზნების არარსებობდა და ა.შ.. მოდით განვიხილოთ მათგან ორი აქტუალური მიზეზი – პერფექციონიზმი და დაბალი თვითშეფასება, და ასევე ვისაუბროთ მარტივ ტექნიკებზე, რომლებიც პროკრასტინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ.

პერფექციონიზმი: დიახ, პერფექციონიზმი იწვევს პროკრასტინაციას! პერფექციონიზმი სრულყოფილებისკან სწრაფვაა. პერფექციონისტი ფიქრობს: „ან გავაკეთებ იდეალურად ან საერთოდ არ გავაკეთებ“. დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე ცუდი მისწრაფებაა, მაგრამ პერფექციონისტი ელოდება ისეთ მდგომარებას, როდესაც იდელურ შედეგს დადებს, მაგალითად სრულყოფილი ცოდნის დაგროვებს ან იმ მომენტს, როდესაც შეძლებს საქმისთვის თავისი დროის 100 პროცენტით მიძღვნას. სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თითქმის არასდროს დგება! „ყველაფერი ან არაფერი“ მიდგომა არაეფექტურია. სასურველია პერფექციონისტმა გაიაზროს ის ფაქტი, რომ „სულ არაფერს“ სჯობია „რაღაც“, რაც არ უნდა საშუალო ან ცუდი ხარისხის იყო ეს „რაღაც“. პერფექციონისტმა ასევე უნდა გაიაზროს რომ როცა ახალ საქმეს მიჰყოფს ხელს, მაგალითად ბიზნესს გახსნის ან წიგნის წერას დაიწყებს, მრავალ შეცდომას დაუშვებს და შეცდომების დაშვება სრულიად ნორმალურია. კეთებისას და შეცდომების დაშვებისას ხომ ბევრ რამეს ვსწავლობთ, გამოცდილებას ვაგროვებთ და ზუსტად ასე მიიღწევა სრულყოფილება!

დაბალი თვითშეფასება – – დამარცხებისა და კრიტიკის შიში: პროკრასტინაცია უფრო ხშირია დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებში. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს კარგად თავს ვერ გაართმევენ, დამარცხდებიან და კრიტიკის ქარცეცხლს დაიმსახურებენ. მათ საქმის ცუდად გაკეთებას და კრიტიკის დამსახურებას ურჩევნიათ საერთოდ არაფერი გააკეთონ. უმეტეს შემთხვევაში, მათი შიშები სრულიად უსაფუძვლოა და განპირობებულია ნეგატიური აზრებით, შფოთითა და მაღალი სტრესით. ისინი მუდმივად ეუბნებიან საკუთარ თავს, რომ არ ესმით დავალება, შეცდომას დაუშვებენ და შერხცვებიან, შემდეგ კი ამ ყოველივეს იჯერებენ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაირკვეს დაბალი თვითშეფასების გამომწვევი მიზეზი, მაგალითად უკავშირდება თუ არა ეს ადრეულ ასაკში გადატანილ ტრავმას, შემდეგ კი შესაბამისი თერაპიული სტრატეგიის შემუშავება.

საინტერესოა, რატომ არის თქვენი თვითაღქმა დამოკიდებული სხვის შეფასებაზე და აღიარებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში კი აუცილებელია ადამიანმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავის თავთან ეს დესტრუქციული დიალოგი. ყოველ აზრს – არ გამოგივა, დამარცხდები, შერცხვდები – დაუპირისპირეთ პოზიტიური აზრი, გაიხსენეთ ის შემთხვევები, როცა წარმატებას მიაღწიეთ, აკონტროლეთ ნეგატიური ფიქრები, და თქვენი გონება მალევე მიეჩვევა ნეგატიური აზრების პოზიტიური აზრებით ჩანაცვლებას. ასევე კარგია, თუ შეძლებთ და თქვენს ირგვლივ პოზიტიურ ადამიანებს შემოიკრებთ, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებენ და ნეგატიური ფიქრების უსასრულო მარყუჟიდან გიხსნიან.

დაბოლოს, შემდეგი მარტივი რჩევები დაგეხმარებათ გადალახოთ პროკრასტინაცია.

1. საქმის დაწყებამდე იფიქრეთ თუ რა სარგებელს მოგიტანთ საქმის შესრულება. ეს სარგებელი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია. ზოგიერთ ჩვენგანს ისიც კი ამოტივირებს, რომ საქმეს სწრაფად მოიშორებს თავიდან და ნერვიულობას თავს აარიდებს. სხვებს უფრო მაღალი სამოტივაციო მიზნები სჭირდებათ, მაგალითად ფინანსური სარგებელი, კარიერული წინსვლა, ან პიროვნული განვითარება. განსაზღვრეთ თუ რა არის თქვენთვის მოტივაციის წყარო და ფოკუსირდით შესაბამის მიზანზე. თუმცა გახსოვდეთ, სულ რამდენიმე წუთი დაუთმეთ ამაზე ფიქრს, შემდეგ კი საქმეს შეუდექით!

2. დაიწყეთ ახლავე, აქ და ამჟამად! მთავარია დაიწყოთ, თუნდაც დღეს ამ საქმისთვის მხოლოდ 10-15 წუთის დათმობა შეგიძლიათ! საქმის დაწყება უკვე საქმის ნახევრად შესრულებას ნიშნავს! კვლევებმა აჩვენა, რომ საქმის დაწყება საგრძნობლად ზრდის მისი წარმატებით და დროულად დასრულების შანსებს. დაიმახსოვრეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც თითქმის ყოველთვის მუშაობს! საქმის დაწყება კატასტროფული სცენარებისგან და ფიქრებისგან (მაგ. ურთულესი დავალებაა, ვერ გავაკეთებ, სამსახურიდან გამაგდებენ) თავის დახსნის საუკეთესო საშუალებაა.

3. უთხარით თქვენს თავს, რომ საქმეს საშუალო დონეზე შეასრულებთ და სულაც არ აპირებთ ვარსკვლავების მოწყვეტას! იმეორეთ ეს განუწყვეტლივ, განსაკუთრებით პერფექციონისტებმა! ეს შეგონება გაგიიოლებთ საქმის დაწყებას და პროცესსაც კი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ განწყობით დაწყებული საქმე უმეტეს შემთხვევაში საუკეთესო ხარისხის პროდუქტით სრულდება, თანაც უმტკივნეულოდ.

4. დაყავით საქმე ნაწილებად, განსაკუთრებით გრძელვადიანი დავალებები! მაგალითად, თუ საქმის შესრულებას 1 თვე სჭირდება, დაყავით ის 30 ნაწილად და ყოველ დღე დაგეგმეთ კონკრეტული ნაწილის შესრულება. გამოიყენეთ კალენდარი და ჩაინიშნეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ყოველ დღე, კონკრეტული სათაურით. ამ ტექნიკით თქვენ თქვენს თავს უწესებთ ყოველდღიურ დედლაინს და 1 თვიანი საქმე უკვე შორეულ და საშიშ პერსპექტივად აღარ გეჩვენებათ. თან საქმის ნაწილებად დაშლით, თქვენს გონებას ყოველდღიურად ეგონება, რომ საქმე შესრულებულია და დოპამინითაც დაგაჯილდოვებთ, ეს კი ის ნივთიერებაა რომელიც თქვენს პროდუქტიულობას კიდევ უფრო გაზრდის.

გისურვებთ წარმატებებს!

წყარო: Personal Development Portal პიროვნული განვითარების პორტალი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,708,107 ნახვა
%d bloggers like this: