მედიცინა

ზაზა წერეთელი: მეცნიერები ბორის ჯონსონს ადანაშაულებენ, რომ ის ხელს უწყობს ახალი შტამების შექმნას

Nusagi

22 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 383 300-ზე მეტი ადამიანია აცრილი, მათგან 135 291 სრულადაა ვაქცინირებული. ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ცირკულირებს ორი შტამი- ბრიტანული და ინდური. ეს უკანასკნელი, სამწუხაროდ, ბავშვებსა და ახალგაზრდებში შედარებით მძიმედ მიმდინარეობს.

„ამასთან დაკავშირებით, ორ რაღაცას იძახიან მეცნიერები. ერთი ის, რომ ვაქცინაცია ძლიერმა ქვეყნებმა დაიწყეს მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. ამიტომ, ამ ვირუსმა და შტამმა იპოვა ის ასაკობრივი ჯგუფი, რომლებიც აცრილები არ იყვნენ, ეს არის ახალგაზრდები და ბავშვები. და მეორე, ამ ვირუსში მოხდა ისეთი ცვლილება, რომ ის განსაკუთრებით ადვილად იჭრება ახალგაზრდებისა და ბავშვების სხეულში. უფრო ადვილად ეჭიდება და აზიანებს მათ. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? ერთი, რომ მშობლები უნდა იყვნენ აცრილი, რათა ბავშვებს არ მიუტანონ ვირუსი და მეორე – სკოლებში უნდა იხმარონ ნიღბები და დაიცვან დისტანცია“,-განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო შევიდა მეოთხე ტალღაში. 

„აქ არის კომპლექსური პრობლემა – ვაქცინაციის დაბალი დონე და შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა. ასევე მოიკოჭლებს იმ შეზღუდვების კონტროლი, რომელიც ამჟამად არსებობს. ამიტომაა, რომ მეცნიერები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად და ერთდროულად აიცრას ხალხი ყველგან. სანამ არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელიც არ არის აცრილი და რომელთა იმუნიტეტი სუსტია, ვირუსი ადვილად აღწევს მის ორგანიზმში, მრავლდება და ამ გამრავლებისას შესაძლოა, პატარა შეცდომა მოხდეს და ამის შედეგად წარმოიქმნება ახალი შტამი. სწორედ ამიტომ უნდა ყოფილიყო სოლიდარობა ქვეყნებს შორის, რათა თანაბრად განაწილებულიყო ვაქცინები. ერთ მაგალითს გეტყვით, ბორის ჯონსონმა მოხსნა შეზღუდვები, მაგრამ მეცნიერები მას ადანაშაულებენ, რომ ხელს უწყობს ახალი შტამების შექმნას. მართალია, გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობა აცრილია და მათთვის საშიში აღარ არის, მაგრამ ეს შტამი ხომ სხვა ქვეყნებში გავრცელდებაო. ამიტომ არის, რომ სანამ არ იქნება იმუნური ფენა 80% მაინც, შტამები სულ იქნება“,-განაცხადა მან.

ზაზა წერეთლის თქმით, ახალ შტამებთან მიმართებაში დღეს არსებული ვაქცინები -ფაიზერი, მოდერნა და ასტრაზენეკა საკმაოდ ეფექტურია. რაც შეეხება სინოვაკსა და სინოფარმს, ამ ვაქცინებზე ინფორმაცია ბევრი არ არის.  

„მართალია გამოქვეყნდა, რომ შრი ლანკაში ჩატარებული კვლევით, სინოფარმმაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ახლა საჭიროა ამ შედეგების საბოლოოდ დამტკიცება და შემდეგ უკვე შეგვეძლება ამაზე საუბარი. თუმცა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან ყველა ვაქცინა იცავს“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: