მეცნიერება

რა არის თვითახდენადი წინას წარმეტყველება

Nusagi

თვითახდენადი წინასწარმეტყველება – საოცარი ფენომენი✅

1948 წელს რობერტ მერტონმა დაწერა საინტერესო ფსიქოსოციალური ფენომენის შესახებ, რომელსაც თვითახდენადი წინასწარმეტყველება უწოდა. ეს ფენომენი გულისხმობს ადამიანის მიერ სიტუაციის მცდარ შეფასებას, რაც იწვევს მის ისეთ ქცევას, რომელიც თავდაპირველად მცდარ აღქმას რეალობად აქცევს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რისიც გვჯერა, თუნდაც მცდარი ფაქტი იყოს, ხშირად რეალობად გადაიქცევა.

აღნიშნული ფენომენის ნათელი გამოვლინებაა პლაცებოს ეფექტი, როდესაც სამედიცინო ექსპერიმენტში მონაწილეებს მედიკამენტის ნაცვლად შაქრის კანფეტებს ურიგებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საგრძნობლად უმჯობესდება, რადგან მათ ჰგონიათ რომ მკურნალობის კურსს გადიან. სწორედ ასე ცდიან ახალ პრეპარატებს, რომლის ეფექტურობის დასადგენადაც ნამდვილი პრეპარატის მიმღებ პირებში ჯანმრთელობის გაუმჯობესების კოეფიციენტს აკლებენ პლაცებოს ჯგუფის შედეგებს.

მეორე თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც 1968 წელს ჩატარებულმა როზენტალის და იაკობსონის კვლევამ დაადასტურა, მოსწავლეთა მოსწრებას შეეხება. კვლევის არსი შემდეგში მდგომარეობს: თუკი მასწავლებელს ჰგონია, რომ მისი ახალი მოსწავლე, რომელსაც იგი არ იცნობს, ბევრად ნიჭიერია სხვა მოსწავლეებზე (მას სინამდვილეში მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნული მოსწავლე სრულიად საშუალო ნიჭისაა), ახალი მოსწავლის აკადემიური მოსწრება თვალსაჩინოდ უმჯობესდება. მეცნიერებმა ამ ფენომენს პიგმალიონის ეფექტი უწოდეს. ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პიგმალიონს, რომელიც მოქანდაკე იყო, მის მიერ გამოძერწილი ქანდაკება შეუყვარდა, რომელიც შემდგომში ღმერთებმა გააცოცხლეს. ზუსტად ასე „გამოძერწა“ კეთილგანწყობილმა მასწავლებლებმა საშუალო მოსწავლისგან მაღალი აკადემიური მოსწრების ბავში.

იგივე ფენომენი დადასტურდა სამსახურებშიც, როდესაც მენეჯერს, რომელიც დავალებას აძლევს ახალ ქვეშევრდომს, მცდარი ინფორმაციის საფუძველზე სჯერა რომ ახალი თანამშრომელი დავალებას თავს შესანიშნავად გაართმევს, ეს მოლოდინი აუცილებლად გამართლდება.

დაგვეთანხმებით, რომ პლაცებოს ეფექტის მეცნიერული ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს უფრო მისტიკას წააგავს. თუმცა, პიგმალიონის ეფექტს ფსიქოლოგებმა შემდეგი ახსნა მოუძებნეს: მცდარი შეხედულების გამო, მასწავლებლის ქცევა იცვლება – – იგი მეტ ყურადღებას უთმობს ახალ მოსწავლეს, რომელიც შესაბამისად იჯერებს და ითავისებს მასწავლებლის რწმენას, რომ იგი განსაკუთრებულია, რის შედეგადაც მოსწავლის ქცევაც იცვლება და იგი უფრო შრომისმოყვარე ხდება.

დასკვნების გამოტანა, თუ როგორ გამოიყენებთ აღნიშნულ ფენომენს თქვენს ცხოვრებაში, თქვენთვის მოგვინდია. ალბათ ურიგო არ იქნება, თუ დავიჯერებთ, რომ ჩვენს შვილებს, კოლეგებსა და დაქვემდებარებულ პირებს განსაკუთრებული მონდომება და შესაძლებლობები აქვთ და მათ შესაბამისადაც მოვექცევით. საინტერესოა, გამოვძერწავთ თუ არა მათგან სასურველ ქანდაკებას.

წყარო: Personal Development Portal პიროვნული განვითარების პორტალი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,437 ნახვა
%d bloggers like this: