მეცნიერება

ნიღბების ისტორია და დიზაინის ცვლილება- როგორ ებრძოდნენ ექიმები სამედიცინო ნიღბის ტარებას

Nusagi

სამედიცინო ნიღბების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მე-17 საუკუნეში შექმნილ ნიღაბს, რომელიც ევროპაში შავი ჭირის გავრცელებას უკავშირდება. ეს იყო პირველი სამედიცინო ნიღაბი, რომელიც ფრანგმა ექიმმა, შარლ დე ლორმმა ექიმებისთვის შექმნა.

1656 წელს, როდესაც ევროპაში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა, მხოლოდ ნეაპოლში 300 000 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულ პაციენტთან მისული ექიმი, შემდგომში სწორედ თვითონ ხდებოდა დაავადების გადამცემი და გამავრცელებელი, ამიტომ მათთვის შეიქმნა სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც გრძელნისკარტიანი შლემისა და ტყავის მოსასხამისგან შედგებოდა. ამასთან ერთად, ექიმებს ტყავის ხელთათმანები ეცვათ და ხელში ხელჯოხი ეკავათ, რომლითაც პაციენტებს მიახლოების გარეშე ეხებოდნენ.  შლემს სქელი შუშის სათვალეც მოყვებოდა, ნისკარტში კი მოთავსებული იყო სხვადასხვა სურნელოვანი ბალახი და ვარდის ფურცლები.  სამწუხაროდ, ასეთი ნიღაბი არც ისე ეფექტური იყო და ინფექციაზე მეტად ექიმს უსიამოვნო სუნისგან იცავდა.

მე-18 საუკუნეში ეპიდემია მინელდა და ექიმები ნისკარტიან ნიღაბს მხოლოდ გემებზე მყოფ პაციენტებთან ვიზიტის დროს ხმარობდნენ, თუმცა ამ წესსაც ხშირად არ იცავდნენ.

ლეონარდო და ვინჩის ეპოქაში ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ სხვადასხვა წვრილი ნაწილაკის შესუნთქვა ჯანმრთელობისთვის საშიში იყო, ამიტომ 1799 წელს პრუსიელმა ალექსანდრ ფონ ჰუმბოლტმა მაღაროელებისთვის რესპირატორი გამოიგონა. 

მე-19 საუკუნეში ექიმები თითქმის საერთოდ აღარ ხმარობდნენ ნიღბებს და მხოლოდ მაღაროელებისთვის იყო აქტუალური. ბრიტანელი ექიმი ბენჟამინ რიჩარდსონი წერდა, რომ ჰაერის ფილტრაციისთვის საჭირო ნიღბებს მაღაროელებიც უგულვებელყოფდნენ.  ექიმი აცხადებდა რომ ნიღბების ტარება ვერ გახდა პოპულარი, რადგან „მეცნიერებას თრგუნავს ადამიანის თავისუფალი ნება“. მისი თქმით, სანამ ადამიანები ვერ გაიაზრებენ მის სარგებლობას, ნიღბებს მოცდა მოუწევს“.

მართლაც, ნიღბებს დიდი ხნით მოცდა მოუწია.

1897 წელს ფრანგი ქირურგი პოლ ბერგერი პირველი იყო, ვინც ოპერაციის დროს სამედიცინო ნიღბის ხმარება დაიწყო. ის გაეცნო გერმანელი ბაქტერიოლოგის, კარლ ფლუგეს ნაშრომს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნერწყვი შეიცავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ბერგერის ნიღაბი 6 ფენისგან შედგებოდა, მისი ქვედა ნაწილი მიკერებული იყო სტერილურ წინსაფარზე.

ბერგერმა 1899 წლის პარიზის კონფერენციაზე ნიღბის მნიშვნელობაზე ისაუბრა, თუმცა ლექციის დამთავრების შემდეგ ის ექიმების ნაწილმა გააკრიტიკა და დასცინეს კიდეც. „არ მკეთებია და რა თქმა უნდა, არასდროს გავიკეთებ ამ ნიღაბს“ ,-განაცხადა მუსიე ტერიერმა ლექციის შემდეგ.

1905 წელს ექიმმა ელის ჰამილტონმა ამერიკული მედიცინის ასოციაციის ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში სამედიცინო სასწავლებლის ერთ-ერთი სტუდენტის სიტყვები მოიყვანა. მისი თქმით, ჩიკაგოს სამედიცინო კოლეჯის სტუდენტმა მოუყვა, როგორ დაინახა, თუ როგორ გადმოუვარდა ოპერაციის დროს მოლაპარაკე ქირურგს პირიდან მოზრდილი ნერწყვი და პაციენტის მუცლის ღრუში ჩავარდა. 

სტატიის გამოსვლიდან ერთ წლის შემდეგ ბრიტანელმა ექიმმა ბერკლი მოინიჰანმა თავისი პირველი სახელმძღვანელო გამოაქვეყნა, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ის ექიმები, რომლებიც ოპერაციის დროს სამედიცინო ნიღაბს არ ატარებდნენ და ამასთან, „ენას არ აჩერებენ“.  მისი თქმით, ადამიანის ნერწყვი გაცილებით ბინძურია, ვიდრე ლონდონის კანალიზაციის წყალი. „ექიმები, რომლებიც ასეპტიკური ქირურგიით არიან დაკავებული, ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომები, დავიწყებულია სიტყვა „ასეპტიკა“,-წერდა ექიმი.

ნიღბის პოპულარიზაციას კიდევ 5 წელი, მე-20 საუკუნის ჭირი და გაბედული ექიმი დასჭირდა. 1910 წლის შემოდგომაზე მანჯურიული ჭირით გარდაცვლილთა რიცხვმა 60 000-ს მიაღწია. 31 წლის ექიმი, ვუ ლიენ დე, რომელმაც განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰარბინში ჩავიდა, სადაც ინფექციის აფეთქება იყო. მან კატეგორიულოად მოითხოვა, რომ ყველა ექიმს, მედდას და დამკრძალავი სამსახურების პერსონალს ნიღბები ეტარებინათ. 

სამედიცინო საზოგადოება ახალგაზრდა ექიმს დასცინოდა, ცნობილმა ფრანგმა ექიმმა კი, რომელიც მანჯურიაში ვუსთან ერთად მუშაობდა, კატეგორიული უარი განაცხადა ნიღბის ტარებაზე. ის 2 წლის შემდეგ ინფექციამ მოკლა. 

სწორედ ვუს წყალობით გახდა ასეთი მნიშვნელოვანი, ესპანური გრიპის აფეთქების დროს ნიღბების ტარება. 1918 წელს აშშ-ს ქალაქებში პოლიცია, ექიმები, და რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლები ვალდებული იყვნენ, ნიღბები გაეკეთებინათ.

 მიუხედავად იმისა, რომ ექიმების დიდი ნაწილი თანხმდებოდა, რომ ნიღაბი აუცილებელია, მისი დიზაინი კვლავ პრობლემად და ექსპერიმენტების საგნად იყო ქცეული. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ნიღბების რამდენიმე სტილზე იყო პატენტი გაცემული. ძირითადად ისინი ე.წ. მარლისგან მზადდებოდა და მეტალის კარკასზე მაგრდებოდა. თანამედროვე ნიღბებმა პოპულარობა 1960-იან წლებში მოიპოვა. 1972 წელს კი, გამოიგონეს რესპირატორი N95, რომელიც 1995 წელს ეპიდემიისას გამოსაყენებელ სტანდარტად დასახელდა. 

ნიღბების ისტორია თან სდევს ეპიდემიოლოგიის ისტორიას, მიუხედევად იმისა, რომ შავი ჭირის პერიოდის ექიმების ნიღბები ურთულესი სატარებელი იყო, მათი მეშვეობით დაცვა მინიმალური იყო. ამიტომ, ნიღბების სახეცვლილება ბევრი ექიმისთვის შემდგომ წლებშიც დამაჯერებელი არ იყო. მთელი 50 წელი ექიმები სამედიცინო ნიღბების წინააღმდეგ იბრძოდნენ, სანამ მანჯურიის ჭირის დროს შექმნილმა სასიკვდილო პოლიგონმა სახის დაცვის აუცილებლობა არ დაანახა მათ. სპეციალიტებს მიაჩნიათ, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა, ნიღბების მნიშვნელობა რომ თავის დროზე ყოფილიყო გააზრებული სამედიცინო პერსონალის მიერ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,436 ნახვა
%d bloggers like this: