მედიცინა

ვახო კვარაცხელია- ჟურნალისტი, რომელმაც პროფესია გამოიცვალა და ექთანი გახდა 

Nusagi

როდესაც რეპორტიორი ვიყავი, ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას ვცდილობდი, მაინტერესებდა ექსტრემალური სიტუაციები, ამასთან, ძალიან მიყვარდა ადამიანების დახმარება და გამოუვალ მდგომარეობაში მათ გვერდით ყოფნა,-ამის შესახებ 23 წლის ექთანი ვახო კვარაცხელია „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას ყვება.

მისი თქმით, ამაყია, რომ მის მიერ მომზადებული სტატიის და რეპორტაჟის შემდეგ, რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება სრულიად შეიცვალა.

ვახო კვარაცხელიამ 23 წლის ასაკში პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და პანდემიის დროს, მედძმად დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა ექთანს მიაჩნია, რომ ამ პროფესიით უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შეძლებს.

-განათლებით ტელე -რადიო ჟურნალისტი ვარ, ამჟამად კი, საექთნო საქმის მესამე კურსის სტუდენტი. ვმუშაობდი tv-პირველში რეპორტიორად, ასევე რამდენიმე ონლაინ სააგენტოში. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალისტიკაში მუშაობის დროს შევძელი რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ჩემს მიერ მომზადებული სტატიის და რეპორტაჟის შემდეგ მრავალშვილიან ოჯახს თბილისის მერია და ადგილობრივი გამგეობა მხარში  დაუდგა და ბინა გადასცა, ხშირად მიკავშირდებოდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ ასევე დახმარებოდნენ გასაჭირში მყოფთ. როდესაც შედეგს ვნახავდი, რომ ჩემი სტატიის შემდეგ ადამიანების ცხოვრება რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება.  

-რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტის პროფესიას გამოთხოვებოდით? 

-სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მომწონდა ხალხთან ურთიერთობა, მათი დახმარება და გვერდში დგომა ყველაზე კრიტიკულ წუთებში. პანდემიის დროს მივიღე ეს გადაწყვეტილება – სამედიცინო სფეროში წასვლა. ვფიქრობ, ჩემი პროფესიით შევძლებ ძალიან ბევრი ადამიანის დახმარებას ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში და მცირე წვლილს შევიტან მათი სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

-თქვენი მისვლა დაემთხვა საქართველოში პანდემიის მეორე ტალღას, რომელიც საკმაოდ რთული იყო. როგორ ართმევდით თავს.

-ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა პიკს აღწევდა,  ვმუშაობდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ -ერთ კერძო ცენტრში. გვიწევდა კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა, იყო  მაღალი რისკი, რომ ამ დროს ჩვენც დავინფიცირებულვიყავით, თუმცა არცერთი წუთი არ შეგვშინებია და უკან არ დაგვიხევია.  პაციენტებში ნერვიულობის ფონიც ძალიან მაღალი იყო და გვიწევდა მათი დამშვიდება. ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო. სამწუხაროდ, ჩემი მორიგეობის დროს ტრაგიკული შემთხვევაც მოხდა, რომელმაც მძიმე კვალი დატოვა ჩემში. 

-რა შემთხვევაზე საუბრობთ?

-მისამართიდან როგორც კი გამოვედით, ოპერატორმა გადმოგვცა სხვა მისამართი ლოზუნგით „სუთქვის მწვავე უკმარისობა,“ ადგილზე მივედით დაახლოებით 10 წუთში, დაგვხვდა 67 წლის მამაკაცი ტერმინალურ  მდგომარეობაში, ანამნეზით გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე ჰქონდა დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადება. პაციენტი საჭიროებდა დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას კლინიკაში.  ჩემი ექიმი უკავშირდებოდა ოპერატორს შესათანხმებლად, თუმცა თავისუფალი ადგილი ვერ მოიძებნა, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ უახლოეს კლინიკაში ფორსმაჟორით შეგვეყვანა. მივედით, თუმცა პაციენტის მიღებაზე უარი გვითხრეს, რადგან ადგილები არ იყო, კლინიკის ყველა განყოფილება გადატვირთული იყო.  მეწყვილე ექიმმა გადაწყვიტა სხვა კლინიკაში მიყვანა, ამ დროს კი, პაციენტს გზაში გული გაუჩერდა. ჩავატარეთ პროტოკოლით გათვალისწინებული  ყველა ღონისძიება. რამდენიმე წუთიანი რეანიმაციული ღონისძიების შემდეგ გულის მუშაობა არ აღდგა და ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. პრობლემური იყო ისიც, რომ რადგან პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო, ოჯახის წევრებს გარდაცვლილის სახლში მიყვანა არ შეეძლოთ და მოგვიწია სასწრაფოს მანქანაში 4 საათის განმავლობაში მიცვალებულთან ერთად ყოფნა.

-ამ შემთხვევის შემდეგ პროფესიის შეცვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

-იმ პერიოდში ბევრჯერ ვიფიქრე, მუშაობა შემეწყვიტა, რადგან სერიოზული სტრესის ქვეშ ვიყავი, ძალიან განვიცდიდი ასეთ ამბებს და ბევრს ვნერვიულობდი. თუმცა მეორე მხარეს არის ბევრი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე. ჩვენ ბევრი ადამიანი ვიხსენით სიკვდილისგან. როდესაც ამას ხედავ, უდიდესი ბედნიერება და სტიმულია. 

-ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მედძმის საქციელს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ვაქცინაციასთან, როგორ ფიქრობთ, სამედიცინო პერსონალის მხრიდან რამდენად სწორია ანტივაქსერული პროპაგანდა?

-ის ფაქტი, რაც მოხდა ნამდვილად სამწუხარო იყო. მედიკოსის მხრიდან მსგავსი განცხადება ყოვლად მიუღებელია. თუმცა არ ვთვლი, რომ  ამის გამო ის კლინიკის ადმინისტრაციას  სამსახურიდან  უნდა გაეთავისუფლებინა.  ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ვთვლი, რომ პანდემიის  დასრულებისთვის ერთადერთი საშუალება ეს არის ვაქცინაცია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომ  ყველას მოვუწოდებ, რაც უფრო მალე გავიკეთებთ ვაქცინას, მით უფრო მალე დასრულდება პანდემია და ადამიანები შეძლებენ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როგორიც ეს იყო კორონა პანდემიამდე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: