საზოგადოება

„მთავრობა სპეციალურ ბორტს გააგზავნის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“ – ალექსანდრე ღვთისიაშვილი

Nusagi

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ღვთისიაშვილის ინფორმაციით, საგარეო უწყება პრემიერის დავალებით ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად აქტიურად მუშაობს.

როგორც ღვთისიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, 15 აგვისტოს საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი რეისი იყო უზრუნველყოფილი.

ღვთისიაშვილის თქმით, აღნიშნულ რეისზე საქართველოს მოქალაქეებმა ავღანეთში შექმნილი მდგომარეობის გამო მისვლა ვერ მოახერხეს.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა და ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ქართული თვითმფრინავით მოხდება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად პრემიერის დავალებით აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. გუშინ დილით დაგვირეკეს, სამწუხაროდ მათი იქ არსებობის შესახებ არ ვიცოდით, გვთხოვეს დახმარება და ჩამოყვანა.

ორი საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვეთ, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, მათი მისვლა აეროპორტში ვერ მოხერხდა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი. უკრაინული რეისი გამობრუნდა მათ გარეშე.

ამასთან ერთად, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საუბარი გვქონდა, მათი მხრიდან ასევე არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი არის კიდევ დაგეგმილი.

მათ სამწუხაროდ ღამის განმავლობაში ვერ მოახერხეს მისვლა, იმიტომ რომ ქაბულში დაძაბული მდგომარეობა იყო, ახლა ვმუშაობთ საკუთარი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად, თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანონ ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია და უახლოეს მომავალში იმედია ისინი ქაბულის აეროპორტში მიყვანილი იქნებიან, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას საქართველოში.

ამასთან ერთად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, – განაცხადა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე არიან თუ არა ისინი სამხედრო მოსამსახურეები? ალექსანდრე ღვთისიაშვილი ამბობს, რომ ისინი არიან კერძო კონტრაქტორები.

„ისინი დასაქმებული არიან კერძო კომპანიაში. ისინი არ არიან სამხედროები, რამდენადაც თვითონ მოგვაწოდეს ინფორმაცია ყოფილი სამხედროები არიან და მუშაობენ იქ კერძო კონტრაქტით. 17 პირია დასაქმებული კანადურ კომპანიაში, ხოლო 6 დასაქმებულია ამერიკულ კომპანიაში“, – აცხადებს ღვთისიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: