პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე: პოლიტდევნილობის დროს ავღანეთს ვაფარებდი თავს, იქ პირველად დავინახე, რომ ნატოს და აშშ-ს ჯარები დიდხანს ვერ გაჩერდებოდნენ

Nusagi

პოლიტდევნილობის დროს ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც თავს ვაფარებდი, ავღანეთი იყო. კონტაქტები მქონდა იქაურ პუშტუნებთან, ტაჯიკებთან, ხაზარიელებთან და პირველად იქ მივხვდი და ჩემი თვალით დავინახე, რომ ფიქცია იყო, თითქოს ნატოს ჯარები აკონტროლებდნენ ავღანეთს. თალიბები კი, მთაში იყვნენ გახიზნული და ნახტომისთვის ემზადებოდნენ,-ამის შესახებ ყოფილმა პოლიტდევნილმა გიგლა ბარამიძემ „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოჯახი, რომელმაც ის გაჭირვების დროს შეიფარა, საკმაოდ შეძლებული იყო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა პუშტუნებთანაც და უცხო ქვეყნის ბაზებთანაც. გიგლა ბარამიძის თქმით, აქედან გამომდინარე, მას საშუალება ჰქონდა როგორც აღმოსავლეთმცოდნეს, სპეციალისტის თვალითაც დაკვირვებოდა იქაურ მდგომარეობას.

-ბ-ნო გიგლა, როგორ მოხვდით ავღანეთში და ვინ იყო თქვენი მასპინძელი?  

-როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამო იძულებული გავხდი, საქართველოდან გავქცეულიყავი, 9 წელი აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში ვცხოვრობდი. აქედან ერთ-ერთი ავღანეთი იყო. ვცხოვრობდი ქვეყნის ჩრდილოეთით, ტაჯიკეთ-უზბეკეთის საზღვართან მდებარე ბალხის პროვინციაში. მასპინძელი ოჯახის ერთ-ერთი შვილი ადრე ტაშკენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის დროს გავიცანი, ერთად ვმონაწილეობდით და  დავმეგობრდით. გვქონდა მიმოსვლა. როდესაც გაიგო, რომ მიჭირდა, ჩამომაკითხა ყაზახეთში და საზღვრიდან გადამიყვანა თავისთან, ავღანეთში. 

ძლიერი ოჯახი იყო, საკუთარი უზარმაზარი ფერმა და სტუმრებისთვის 10-მდე სახლი ჰქონდა. ერთ-ერთი დამითმო და იქ ვცხოვრობდი. ჩემს მასპინძელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ავღანეთში დაპირისპირებულ ორივე მხარესთან. მეც მომეცა საშუალება, უფრო ახლოდან გავცნობოდი იქაურ მოვლენებს. პირველად იქ ვიგრძენი, რომ ნატოს ჯარს და მასთან კავშირში მყოფებს, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენს გმირ ბიჭებსაც ისინი მიიჩნევდნენ ოკუპანტებად. დავინახე, რომ ნატოს და აშშ-ს ჯარი ვერ აკონტროლებს ავღანეთს. ეს იყო ფიქცია.  თალიბები კი, ემზადებოდნენ ნახტომისთვის. 

– თალიბებს ავღანეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდათ. ასე არ არის?

-მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, მაგრამ ნაწილი პასიურად ეწინააღმდეგება. ამ ადამიანებს არ უნდათ შარიათის წესებით ცხოვრება. პასიურად იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ ეშინიათ. თალიბები ამით სარგებლობდნენ. ამბობდნენ, რომ ისინი იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, რომ მათი ბრძოლა არის  ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა შაითანის წინააღმდეგ. მოღალატეობის დაბრალების შიშით, ჯარს ომის თავიც არ ჰქონდა. ხელფასს იღებდნენ და ცხოვრობდნენ კარგად, ომზე რომ მიდგა საქმე, არ იომეს.  თალიბების წინააღმდეგ ვერავინ გამოვიდა შიშის გამო.

იქ ყოფნის დროს დავინტერესდი, რამდენად ძლიერი იყო ნატოს ჯარები და რამდენად აკონტროლებდნენ ავღანეთს, აღმოჩნდა, რომ ვერაფერს აკონტროლებდნენ. შეკეტილები იყვნენ თავიანთ ბაზებზე. კუს ბაქანივით იყვნენ, გამოვიდოდნენ თუ არა ბაზიდან, თავს ესხმოდნენ. მე იქ ყოფნისას მივხვდი, რომ ესენი იქ დიდხანს ვერ გაჩერდებოდნენ და სულ ტყუილად ჩაყარა აშშ-მ მილიარდები.  არა იმიტომ, რომ თალიბები სასწაული მებრძოლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ყველას მოღალატედ შერაცხავდნენ, ვინც მათ ეწინააღმდეგებოდა, ეუბნებოდნენ, რომ ოკუპანტებს უჭერენ მხარს.

-რით განსხვავდება თალიბანი ავღანეთში მოქმედი სხვა დაჯგუფებებისგან? 

-თალიბები ეს არის არაბული სიტყვა და მოწაფეებს ნიშნავს. თალიბანი 1994 წელს ჩამოყალიბდა, შემდგომში მათ შეუერთდნენ მოჯაჰედები, რომლებიც 70-იან წლებში რუსებს ებრძოდნენ ამერიკის დაფინანსებითა და პაკისტანის იდეოლოგიით და ხელშეწყობით. 1996 წელს თალიბებმა ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება. 2001 წელს, ამერიკელები რომ ავღანეთში შევიდნენ, მთებში გაიხიზნენ. ნაწილი გადავიდა პაკისტანში და პროვინცია ვაზირისტანი ჩაიგდო ხელში. ფაქტია, ტერორისტები არავის გაუნადგურებია.  ავღანელები კარგი მეომრები არიან. მთიან რეგიონს კარგად იცნობენ, იქ უამრავი კლანი და ტომია, ერთმანეთთან კარგი უერთიერთობა აქვთ. გლეხური არმია, რომელიც აშშ-მ შეაიარაღა, ამათ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. 

სანამ თალიბანი იყო ხელისუფლებაში, ნარკოტიკების წარმოება 12%-ს არ ასცილებია. როცა ნატო შევიდა, 33%-მდე გაიზარდა. იქ მოჰყავთ ყაყაჩო, რომელსაც ამუშავებენ და გამოჰყავთ თეთრი ფხვნილი ჰეროინის სახით. ამას მთელი თავისი ინდუსტრია აქვს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იჯარით ჰექტრობით ნაქირავები ყაყაჩოს პლანტაციები. ვინც ამ ბიზნესითაა დაკავებული, აქვს ძალიან დიდი ფული და სუპერ თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნიკა. კლანებს გადანაწილებული აქვთ პლანტაციები, შეთანხმება აქვთ ფასებზე, ეს არის უზარმაზარი ტრაფიკი და ვინც ყველაფერ ამას ხელმძღვანელობს, აქვთ მილიარდები. მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, ისინი ავღანელები არ არიან…

ამ დროისთვის 34-დან მხოლოდ ერთი პროვინცია არ ჩაბარდა თალიბებს… ეს არის ახმად შაჰ მასუდის სამშობლო( ადმ. ცენტრი-დედაქალაქი ბაზარაკი, ფანჯშერის პროვინცია, ძირითადად ტაჯიკები, არ ცნობენ თალიბებს და აპირებენ ბრძოლას…).ჯერჯერობით, ასეა.. ჩემი მოსაზრებით, თალიბები არც დააჩქარებენ აღებას, თუმცა, თუ უახლოეს ხანებში არ გააკონტროლეს სიტუაცია, შესაძლოა, იქიდან დაიწყოს მათი საწინააღმდეგო მოძრაობა.

-რით ახსნით ასეთ ქაოსს, რაც გუშინ ვიხილეთ ავღანეთში?  რატომ არ იყო მზად დასავლეთი ქაბულის ასეთი სწრაფი დაცემისთვის?

– როდესაც გამოვიდა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თქვა, რომ სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაახლოებით 90 დღე დასჭირდებათ თალიბებს ქაბულში შესასვლელადო, ამ გამოსვლიდან 3 დღეში შევიდნენ თალიბები. ეს მეტყველებს, რამდენად არაპროფესიონალურად ჰქონდათ ამერიკელებს მიწოდებული შეფასება.

-რა გვაჩვენა ქაბულის დაცემამ-?

-ჩამოყალიბდა ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკური სიტუაცია. რაც არ უნდა საწყენი იყოს, დავინახეთ აშშ-ს ტოტალური სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო ამ მიმართულებით. ამას უზარმაზარი შედეგი ექნება მსოფლიო გეოპოლიტიკაზე. დავინახეთ, რომ რის დასამარცხებლადაც 11 სექტემბრის შემდეგ აშშ და ნატო ავღანეთში შევიდნენ, დამარცხების ნაცვლად ფაცხა-ფუცხით გამოექცნენ. დაწვეს თავიანთი დოკუმენტები და დროშებიც კი.  მსოფლიომ დაინახა, რომ ავღანეთის ხალხმა, ჩინოვნიკებმა, ჯარისკაცებმა, მძღოლებმა, თარჯიმნებმა, ყველამ, ვინც უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან მუშაობდა, საკუთარ ტყავზე იგრძნო, რომ არ შეიძლება სხვისი იმედი გქონდეს. იგრძნეს, როგორია, როდესაც ქურდულად გარბიან და გტოვებენ. 

ძლიერი სახელმწიფოები ასე არ გადიან, არ გადაჰყავთ საკუთარი ხალხი საელჩოების სახურავებიდან და თვითმფრინავებიდან არ უცვივათ განწირული ადამიანები. 9 ათასი მარტო თარჯიმანი დარჩა ავღანელი, და 150 ათასზე მეტი ადამიანი, ვინც თანამშრომლობდა საერთაშორისო ძალებთან. ასე წარმატებული ოპერაცია არ სრულდება. ასე სააკაშვილი ფორთხავდა გორში.

გერმანიის პრეზიდენტმა, შტაინმაიერმა თქვა: „რაც დღეს ავღანეთში ხდება, მთელი ცივილიზებული დასავლეთის სირცხვილია“. არ შეიძლება, ხელები დაიბანო ასე, როცა შენ გენდობიან. მე მესმის რასაც ამბობს ბაიდენი, რომ მილიარდები დახარჯა და მეტი რა ექნა. მაგრამ ფორთხვით რომ გამოდიხარ, CNN-მაც კი, რომელიც ტრადიციულად დემოკრატების მხარდამჭერი და ტრამპის მტერია, მიწასთან გაასწორა ეს ოპერაცია და ბაიდენის ადმინისტრაციას უთხრა, რომ თავის გასამართლებელი არ აქვთ.

მაგრამ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა ხომ ტრამპის გადაწყვეტილება იყო? 

-ტრამპს  არ უთქვამს, გამოვიპაროთ და თვითმფრინავებიდან ჩამოვყაროთ ხალხიო. რუსეთიც კი, გამოსვლისას აღლუმით გამოვიდა და მისმა დატოვებულმა ხელისუფლებამ 3 წელი გაძლო. ტრამპმა ის თქვა, რომ ამერიკის ჯარი არ უნდა იყოს არცერთ სხვა ქვეყანაშიო, გამოიქეციო არ უთქვამს, არც ის უთქვამს, შეარცხვინეთ ამერიკაო.

-რა გავლენა ექნება ამ პროცესებს საქართველოზე?

-პროვინციალიზმში ჩაფლულმა ქართველებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს და მერე მეგობრების. კი ბატონო, მხარდაჭერა კარგია, მაგრამ სხვას არ უნდა აეკიდო. აკიდებულები დავინახეთ, რომ თვითმფრინავიდან ვარდებოდნენ და მიწაზე ეთხლიშებოდნენ. დავინახეთ, რომ აღარ არის მხოლოდ ამერიკა ძლიერი… არის ძლიერი ჩინეთი, ირანი, რუსეთი. პაკისტანი რომ პაკისტანია, იმანაც კი ჩაყო ცხვირი, თურქეთს თავისი პრეტენზიები აქვს, ასევე ირანს.

სად არის ამ დროს ევროკავშირი, მისი კნავილი ესმის ვინმეს? ვხედავთ მარტო შარლ მიშელის კოკეტობას ქართველ პოლიტიკოსებთან. სადაა ევროკავშირი, არ ილახება ადამიანის უფლებები? თუ თავიანთ ფუნქციას მხოლოდ  საქართველოს ჭკუის სწავლებაში ხედავენ ?

-როგორ მოიქცევიან თალიბები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

-თალიბანი თავად არ ელოდა ასე ადვილად თუ ჩაიგდებდა ხელში დედაქალაქს. ისინი გარკვეულწილად დაიხვეწნენ, დადიან მოლაპარაკებებზე, იყვნენ პაკისტანში, რუსეთში, ჩინეთში, ირანში. ახლა აქ მალე გამოიკვეთება ინტერესები თურქეთის, ინდოეთის პაკისტანის, რუსები ხომ თავიდან ბოლომდე არიან ჩართული. თალიბანის წარმომადგენლები რუსეთში ჩავიდნენ და ამავდროულად რუსეთმა განათავსა აზიის რესპუბლიკების საზღვართან საჰაერო კოსმიური ძალები და გამოაცხადა, რომ თხოვნის შემთხვევაში, მზადაა გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა. როცა 20-წლიანი „წარმატებული“ ყოფნის შემდეგ ამერიკა გარბოდა და წვავდა საკუთარ დროშებს, რუსეთის საელჩო არსად მიდის და წყნარადაა.

ზოგადად, თავად თალიბანის კოალიციაშიცაა მთელ რიგ საკითხებზე უთანხმოება. ნაწილს მიაჩნია, რომ შეიძლება თანამშრომლობა ალქაედასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან. 

მულა აბდულა განი ბარადარი პუშტუნია. ის ჯერ ჩანს, მაგრამ მთავარი ეგეც არ არის. იქ არის საბჭო, რომელთა ვინაობა ჩვენ ჯერ არ ვიცით. არის ჩრდილოვანი საბჭოც, რომლის გვარები მხოლოდ რჩეულებმა იციან. ერთ-ერთი ლიდერი, ვისი გვარიც ვიცით, თალიბანური მოძრაობის ლიდერი ხაიბალურ ახუმზადეა. მათ უკანაც არიან სხვები. კარგადაა აგებული მონაცვლეობის პრინციპი. ისინი სულ საველე პირობებში ცხოვრობენ და ყველა ლიდერის გვარი ოფიციალურად არ არის ცნობილი. მომავალში ალბათ თვითონაც შეექმნებათ პრობლემა, სავარაუდოდ, ეს იქნება ფინანსები. და აი აქ, ალბათ, ჩაერთვება ამერიკა, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ასევე ნაწილობრივ ჩინეთი. ახლა თალიბებს ამერიკელების შეიარაღებაც ჩაუვარდათ ხელში. 

-რატომ არ გაიტანეს ამერიკელებმა ამ დრომდე იარაღი?

-შუა აზიის ქვეყნებმა უთხრეს უარი, რადგან რუსეთის ზეწოლის შეეშინდათ, თანაც, იმ იარაღს მიყვებოდნენ თალიბები. 

-რა ბედი ელის თქვენს ავღანელ მასპინძელს?

– ჩემი მასპინძელი რამდენიმე წლის წინ დაიღუპა ღვიძლის ოპერაციის დროს. ოჯახის წევრები და მისი ახლობლები კარგად იქნებიან, რადგან მათ კარგი ურთიერთობები ჰქონდათ პუშტუნებთანაც და უცხო ქვეყნის ბაზებთანაც, დასანახად ვერ იტანდნენ, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. 

-რაც შეეხება ლტოლვილებს. მიიღებს საქართველო მათ?

-20 ივლისს ვწერდი, რომ ლტოლვილების ნაკადი იქნება და ჩვენი მეგობარი პარტნიორები დაიწყებენ ჩვენს დამუშავებას, რომ მივიღოთ ნაწილი.  კატეგორიული უარი უნდა ვთქვათ, რადგან ჩვენ საკუთარი ლტოლვილები გვყავს. და თუ ძალიან უნდა ამერიკას, ლტოლვილების მცირე ნაწილს მივიღებთ სოხუმში, გალში, გაგრაში, როდესაც დაგვეხმარებიან ამ ტერიტორიების აღდგენაში.

-სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ მოხალისეები, უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი აქვთ, მიიღონ თავიანთ სახლებში ავღანელი ლტოლვილები.

-თუ ასეთი ხელგაშლილები არიან, ქართველი ლტოლვილების დასახლებაში მივიყვან, კოჯორში, მანგლისში, ზუგდიდში, წყნეთში…  ერთ ოთახში რომ ცხოვრობს 50 ადამიანი. თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო, ავღანელებს ჰყავთ პატრონები: ტაჯიკეთი, უზბეკეთი, პაკისტანი და ირანი. წაიყვანენ ისინი, ჩვენ ჩვენს ლტოლვილებს მივხედოთ. 

– ბოლოს, თქვენი გეგმების შესახებაც გვითხარით

-დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვარ და საინტერესო გეგმები მაქვს. ვმუშაობ ჩემი პროფესიით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: