პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

Nusagi

„6 თვის წინ, როდესაც მე პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, ქვეყანა აბსოლუტურად დაკეტილი, ჩაკეტილი იყო, ეკონომიკა არ მუშაობდა, ვაქცინები არ იყო, კოვიდპანდემიის დროს, მკაცრი ლოკდაუნის პერიოდში, მოსახლეობამ მიიღო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ჩავარდა ღრმა დეპრესიაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინა და გაჩნდა გამოსავალი და წამალი, რომელიც ამ მომაკვდინებელი ვირუსისგან გვიცავს, ქვეყნებმა დაიწყეს სხვაგვარი მართვა, დაიწყეს ეკონომიკის გახსნა და მკაცრი შეზღუდვები შეარბილეს.

„ჩვენც, ანალოგიურად, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ვაქცინების ეტაპობრივად შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რადგან ძალიან გაუჭირდა ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ბოლო, 2020 წელს. ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

ის 200-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. ამიტომაც, ჩვენ დავიწყეთ გახსნა და აპრილში გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა და თავდაჯერებულობა მიეცა ბიზნესს სწორედ იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შევქმენით.

ბიზნესს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, ივნისში – 18%, ბოლო 6 თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში, ჩვენ 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ჩვენი ბიუჯეტი, აქედან 600 მილიონით ვაფინანსებთ ჯანდაცვას, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და მოგვიწევდა ახალი, დამატებითი სესხის აღება წელს.

ამ დროს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ 3 მილიარდი აშშ დოლარი საგარეო ვალი აიღო, რითაც გადავაჭარბეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებულ ლიმიტებსა და რეკომენდაციებს.

ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად, წელსვე დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება და თავი შევიკავოთ იმ საგარეო ვალის აღებისგან, რომლის აღების აუცილებლობაც წელს არ გვაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩვენი მოსახლეობის ობიექტური უკმაყოფილების გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლოთ ასე გაგრძელება, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ნახეთ, როგორი გამოძახილი პოვა აღნიშნულმა ნაბიჯებმა – ჩვენ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. დაიწყო ტურიზმის სწრაფად აღდგენა, მოქმედმა მერმა მითხრა, რომ წელს ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიდა სვანეთში. აჭარაში, კახეთში, ყველგან გადავსებულია სასტუმროები ტურისტებით.

ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ის, რომ ჩვენს მოსახლობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი და ეს დეპრესიული ფონი მოიხსნა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: