განათლება

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები მეხუთედ გამოავლინა 

Nusagi

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ რიგით მეხუთე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა.

კონკურსში, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. მაღალი კონკურენციის პირობებში, ჟიურიმ 145 საკონკურსო ნაშრომიდან სამი საუკეთესო შეარჩია და გამარჯვებულები გამოავლინა, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ.  

პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას მხოლოდ კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს. კონკურსის წესების თანახმად, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News“), რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.

კონკურსში პირველი ადგილი ნატალია სულუხიამ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომიც საქართველოს განათლების სისტემას ეხება. ნატალიამ geoword.ge-ზე გამოქვეყნებული მასალა შეისწავლა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო განათლების დონით პაკისტანს, ზამბისა და ლიბიას უტოლდება. ნატალიამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საერთაშორისო რეიტინგები მოიძია და აღმოაჩინა, რომ ინფორმაციაში გადმოცემული მონაცემები არა საქართველოს, არამედ ამერიკის შტატ ჯორჯიას უკავშირდება. ნატალია სულუხიამ პირველი ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 12 Pro მიიღო. 

მეორე ადგილზე გივი რუხაძე გავიდა, რომელმაც ნაშრომში Tia.ge-ზე ფილმების აკრძალვის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია განიხილა. ინფორმაციის შესწავლისას გივიმ ყალბი ამბების ნიშნები აღმოაჩინა და ყურადღება გამოქვეყნებული სტატიის სათაურზე, ტექსტის არაერთგვაროვან შინაარსზე, ავტორისა და წყაროს არარსებობაზე გაამახვილა. ამბის სიზუსტე კი ოფიციალურ უწყებასთან გადაამოწმა და დაადგინა, რომ ინფორმაცია ყალბია. გივი რუხაძემ საჩუქრად New iPad Pro მიიღო. 

მესამე ადგილი შმაგი ბურდულმა დაიკავა, რომელმაც ერთ-ერთი მედიკამენტის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მასალაში მოყვანილი წყაროები ან საერთოდ არ არსებობს, ან – ყალბია. გივიმ დაადგინა, რომ მასალაში თანდართული მომხმარებლის კომენტარებიც ყალბია და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მესამე ადგილისთვის შმაგის კომუნიკაციების კომისიისგან Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეხუთედ ჩაატარა. სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ოთხჯერ, სტუდენტებისთვის კი ერთხელ ჩატარდა. კონკურსის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,450 ნახვა
%d bloggers like this: