მედიცინა

რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?

Nusagi

ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, ისრაელის მაგალითი მოჰყავს.

„რას გვასწავლის ისრაელის მაგალითი ვაქცინებზე?

როგორც იცით ისრაელის სამეცნიერო საზოგადოებამ და ხელისუფლებამ, პირველებმა ყველაზე სწრაფად და მოცულობითად ჩაატარეს ვაქცინაცია და გადაარჩინეს უამრავი სიცოცხლე. პანდემიის მომენტში ისრაელი ფაქტიურად დიდი ზომის ლაბორატორიად იქცა ვაქცინების ეფექტურობის შესწავლისთვის. მოდი განვიხილოთ, რა გაკვეთილები მივიღეთ ისრაელიდან და გადავხედოთ ფაქტებს:

ისრაელში ამჟამად (28.08.2021) სრულად აცრილია მოსახლეობის 62.22%;

დელტა ვარიანტი პირველად დაფიქსირდა 7 ივლისს და გახდა დომინანტური;

დელტა ვარიანტის დომინაციის პერიოდში ვაქცინამ აჩვენა უფრო დაბალი ეფექტურობა, თუმცა მძიმე გართულებებს კვლავ მაღარ პროცენტში იცავს: ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 88%, მძიმე გართულებების პრევენცია 91%, ინფიცირების პრევენცია 39%;

დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში ისრაელმა დაიწყო ბუსტერის (მესამე დოზის ადმინისტრირება) პირველ რიგში რისკ-ჯგუფებში, მესამე დოზა გაიკეთა 2 მილიონმა ადამიანმა(29.08.2021) და აჩვენა მაღალი ეფექტურობა დელტა შტამის წინააღმდეგ;

ვაქცინაცია დაიწყო 2020 წლის 19 დეკემბერს. დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ თუმცა პიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ:📈2020 წლის 18 სექტემბერს დაიწყო ლოქდაუნი, 21დან 28 სექტემბრამდე (ერთ კვირაში), დაფიქსირდა 36 055 შემთხვევა და 241 სიკვდილი (0,66%);

2021 წლის 4-დან 11 იანვრამდე (ერთ კვირაში), მოსახლეობის 5.16% იყო სრულად ვაქცინირებული, დაფიქსირდა 58 231 შემთხვევა და 341 სიკვდილი ( 0,58%);

2021 წლის აპრილიდან ივნისამდე შემთხვევების სწრაფი გავრცელება პრაქტიკულად შეჩერდა, სულ რამდნეიმე ასეული იყო კვირაში და ერთეული ადამიანები კვდებოდნენ;

2021 წლის 7 ივლისს დაფიქსირდა დელტა შტამი და შემთხვევებმა ისევ იმატა, 9-დან 16 აგვისტომდე (ერთ კვირაში), მოსახლეობის 61,7% იყო სრულად ვაქცინირებული, დაფიქსირდა 52 235 შემთხვევა და 154 სიკვდილი (0,29%).

როგორც ხედავთ (სურათზეც) შემთხვევების ზრდის და უფრო აგრესიული შტამის გავრცელების მიუხედავად, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის დროს/შემდეგ სიკვდილიანობა დრამატულად შემცირდა.➡გასათვალისწინებელია, რომ კოვიდის მძიმე გართულებები 60 წლის ზემოთ პოპულაციაში 9-ჯერ მეტია არავაქცინირებულებში, ვიდრე ვაქცინირებულებში. 60 წელზე ახალგაზრდებში მძიმე გართულებები 2-ჯერ უფრო მეტია არავაქცინირებულებში ვაქცინირებულებთან შედარებით.

რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს აქედან?

1 – ვაქცინების ეფექტურობა დროთა განმავლობაში სუსტდება, თუმცა მძიმე გართულებებისგან მაინც მაღალ პროცენტში იცავს;

2 – დელტა ვარიანტი არის უფრო აგრესიული და უფრო სწრაფად ვრცელდება;

3 – ვაქცინაციის შემდეგ როგორც მინიმუმ ორჯერ ნაკლები (რისკ-ჯგუფებში 9ჯერ) შანსი გაქვთ მძიმე გართულებების;

4 – დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოსახლეობის 60%-ს სრული ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ყველაფრის გახსნისთვის და ე.წ. ”ჯოგური იმუნიტეტისთვის”, ნიღაბი და დისტანცია ისევ საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ვაქცინაცია არის ძირითადი გასაღები ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისთის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის, რაც წარმოადგენს კიდეც ძირიტად პრობლემას ამ პანდემიის დროს;

5 – მესამე ბუსტერის დოზა მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

კითხვაზე, დაგვჭირდება თუ არა ყოველ რამდენიმე თვეში ან გრიპის მსგავსად, ყოველ წელს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პასუხი ჯერ კიდევ უცნობია. რაც მთავარია, დღეს და ახლა, საგანგებო მდგომარეობაში, ყოველდღიური სიკვდილის გამოცხადებულ ქრონიკაში, როდესაც ადამიანები ეწირებიან ამ ვირუსს, გვაქვს ხელმისაწვდომი ვაქცინა, რომელიც უსაფრთხოა და მაღალ პროცენტში გვიცავს მძიმე გართულებებისგან და არის ერთადერთი გამოსავალი.

30 აგვისტო 2021: ისრაელი: 2308 შემთხვევა – 1 სიკვდილი;საქართველო: 1915 შემთხვევა – 78 სიკვდილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,-წერს ექიმი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,466 ნახვა
%d bloggers like this: