პოლიტიკა

თბილისის მერობისა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კრწანისის მოსახლეობას ხვდებიან

Nusagi

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გრიშაშვილისა და კრწანისის ქუჩებზე მცხოვრებლებთან გამართა.

კახა კალაძემ მოსახლეობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ჯაფარიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ლევანი არის ამ რაიონზე შეყვარებული კაცი, რომელიც წლების განმავლობაში გამგებელი იყო. დღეს, საკრებულოშია და ისევ გვჭირდება, რომ იყოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ კრწანისის რაიონს. მომდევნო ოთხ წელში ძალიან საინტერესო და მასშტაბურ სამუშაოებს ჩავატარებთ. გვაქვს ამბიციური გეგმები, რისი განხორციელებისაც არ გვეშინია. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, რომელიც პრობლემებს არ უფრთხის.  მათ შორის, ვიღებთ რთულ გადაწყვეტილებებსაც, რადგან ეს სჭირდება თბილისს, მომავალ თაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას გორგასლის ბულვარის პროექტზეც ესაუბრა, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს კიდევ 10 ჰა მწვანე სივრცე შეემატება.

„გორგასლის ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება.  საავტომობილო გზა გვირაბებში, მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. ზემოთ კი, დაახლოებით 10 ჰა მწვანე სივრცე მოეწყობა. ეს იქნება ახალი სიცოცხლე არამხოლოდ ამ უბნის, არამედ მთელი ქალაქისთვის.  ეს არის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, რაშიც დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს პროექტი ძველ თბილისს იერსახეს რადიკალურად შეუცვლის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში, რაიონში არაერთი პრობლემა მოგვარდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ამ რაიონში მცხოვრებმა თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, თუ რა პრობლემის წინაშე ვიდექით ოთხი წლის წინ და აქედან რამდენი რამ მოვაგვარეთ. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ყველაფერი შევძელით, თუმცა კარგად ვიცით, რა პრობლემებია და როგორ გავუმკლავდეთ მათ მომავალში. ამისთვის ისევ და ისევ მჭირდება თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

წინასაარჩევნო შეხვედრები გრიშაშვილის ქუჩა N51-სა და კრწანისის ქუჩა N8-ში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ გრიშაშვილის ქუჩაზე სკვერი კრწანისის რაიონის გამგეობამ უკვე მოაწყო. 1 000 კვ.მ ფართობზე განთავსდა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი მთლიანად თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანებული. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, რულონური გაზონი მოეწყო, დამონტაჟებულია სკამები, ლითონის კონსტრუქციები  და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ამ ეტაპზე კი, სკვერის მიმდებარედ ტერიტორიის ქვაფენილით მოწყობა  მიმდინარეობს.

რაც შეეხება კრწანისის ქ. N8-ს, აღნიშნულ მისამართზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ეწყობა დასასვენებელი სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხე და სატრენაჟორო სივრცე.

კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია დაესწრნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: