სპორტი

ლევან მაისაშვილი: არავინ ელოდა, უცბად გავახილე თვალი, შოკში იყო მთელი მედპერსონალი

Nusagi

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, დღეს უკვე სამშობლოშია და რეაბილიტაციის კურსს გადის.

„ამბობენ, რომ მე დავამარცხე ეს დაავადება, მაგრამ დამიჯერეთ, ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილი არის ყველაზე მცირედი. მე ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომელიც ასე ნერვიულობდა ჩემს გამო, ასევე ჩემს ოჯახს, რომელიც ძალიან ცუდ დღეში ჩავაგდე, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, რომელსაც არ შეუწყვეტია ლოცვა ჩემთვის, ასევე საზოგადოებას, რომელიც ასე განიცდიდა ჩემზე და ვიცი, რომ ყოველდღე ლოცვებში მომიხსენიებდა მრავალი ადამიანი. ასევე დიდი წვლილია რაგბის კავშირის, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაში მომათავსა. ცალკე სათქმელია ამ კლინიკის პერსონალისა და ჩემი პირადი ექიმების გმირობა. ქართველი ექიმის, ვახტანგ რეხვიაშვილის, რომელიც იყო მართლა გმირი ამ პროცესების, ელჩის, ბექა დვალის. ჩემი აღზრდილი ლექსო იორდანიშვილი, ჩვენი ექიმი ნუცა შამათავა – ყველა ადამიანი იყო ამ ბრძოლის ნაწილი“,-განაცხადა მაისაშვილმა იმედის ეთერში პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, 28 დღის განმავლობაში გათიშული იყო.

„აპარატი ფილტვებს უბერავდა 100%-ით და სატურაცია 80%-დეც ვერ აყავდათ, რამდენჯერმე უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, რომ ალბათ მე იმ ღამეს ვერ გავატანდი, თუმცა ვახტანგ რეხვიაშვილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ მე ამ სიტუაციიდან შანსი მქონდა გამოძვრომის“,-განაცხადა მან.

მაისაშვილის თქმით, ის მხოლოდ ერთი დოზით იყო აცრილი და მეორე დოზის გასაკეტებლად, ვადა დაარღვია.

„სანამ წავიდოდი, ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა და აცრასა და აცრას შორის დროში ვერ ჩავჯექი. რომ მომენდომებინა, ალბათ შევძლებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს შემთხვევაში, ვინც აცრილი იყო, ასეთი პრობლემა არ ჰქონია“,-განაცხადა მან.

ლევან მაისაშვილმა თავის გამოჯანმრთელებასა და სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. 

„არავინ ელოდა, უცბად გავახილე თვალი და შოკში იყო მთელი მედპერსონალი, ამის შემდეგ პროგნოზი იყო, რომ რეაბილიტაცია დამჭირდებოდა 3-დან 6 თვემდე. თუმცა ერთ თვეში უკვე შევძელი, რომ დავბრუნებულიყავი. მე თავს ჩემს ქვეყანაში ვგრძნობ კარგად. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი რეაბილიტაცია აქ უკეთ წავიდოდა. ამიტომ, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ იქაური ექიმებიც და ჩვენებიც დამერწმუნებინა, რომ მე საქართველოში უკეთ დავძლევდი. ჩამოსვლის დღიდან  სატურაცია დალაგებული მაქვს და ჟანგბადი აღარ მჭირდება, დამირეგულირდა წნევები, ახლა ფილტვებს უნდა სერიოზული რეაბილიტაცია, რადგან ჩათრეული იყო ყველაფერი. რაღაც პერიოდი აბასთუმანში ვიქნები, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მშვიდად ვერ ვიქნები, სადღაც უნდა ავუწიო ემოციას, სადღაც დავწიო. ამიტომ, თუ კარგად არ ვიქნები, გუნდს უფრო დავაზიანებ“,-განაცხადა მან. 

ლევან მაისაშვილს კოვიდი ივლისის პირველ ნახევარში დაუდასტურდა, ბორჯღალოსანთა სამხრეთაფრიკული შეკრებისას. შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ერთხანს კრიტიკულიც იყო. დაახლოებით თვენახევარი იოჰანესბურგის კლინიკაში მკურნალობდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: