ეკონომიკა

კახა კალაძე – ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს

Nusagi

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩემი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო განვითარების სწორ ხედვებს განსაზღვრავს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და დავიწყეთ არსებული ავტობუსების განახლების პროცესი. გვინდა, რომ მოცდის პერიოდი შვიდ წუთამდე დავიყვანოთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში დამატებით, 180 ერთეული, რვა მეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ქალაქში არც ერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა და ევროპული ტიპის მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას მოემსახურებიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა; 380 ახალი ავტობუსი; მიკროავტობუსების ჩანაცვლება; 10 ახალი სატრანზიტო დერეფანი; მეტროს ახალი ვაგონები; სამგზავრო აბონემენტი; საბაგირო; ველობილიკები; ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი.

„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში გადაადგილება ძალიან მარტივი იყოს; თბილისში იმოძრავებს 380 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 180 ერთეული რვა მეტრიანი იქნება, ხოლო მომავალ წელს ვაპირებთ, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ; ქალაქში შეიქმნება ათი სატრანზიტო დერეფანი, რომლითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს, ძალიან სწრაფ გადაადგილებას, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე; ასევე, მნიშვნელოვანია მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. ყველა ვაგონი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა, განახლებულია. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი 40 ერთეული, ევროპული ტიპის ვაგონის შესყიდვაზე და მიმდინარე თვის ბოლოს, უკვე გამარჯვებული კომპანია გვეცოდინება; სამგზავრო აბონემენტის მიმართულებით მუშაობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული ტარიფი, რომლითაც საათნახევრის განმავლობაში, სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომის შესაძლებლობა არსებობს; ასევე, გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც მომდევნო წლების განმავლობაში, შესაძლებელი იქნება საბაგირო ხაზების მოწყობა; ველობილიკების პროექტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქში 260 კილომეტრზე მეტი სიგრძის ველობილიკი გაჩნდება;  ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპიც აუცილებლად განხორციელდება, რაც პირველ რიგში, ტაქსის მძღოლებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული ბენეფიტები ჰქონდეთ და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: