საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი ჩანაწერებზე: ქ-ნი დანილინა სტუმრად ჩამოდიოდა, სააკაშვილსაც გავაცანი

Nusagi

ეს ქალბატონი 2007-2008 წლიდან ჩამოდიოდა, ის პირადად სააკაშვილსაც გავაცანი – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზმა „ტვ პირველის“ ეთერში, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

„ერთი პერიოდი თავიდან ძალიან ხშირად ჩამოდიოდა და იცოდა მთელმა თბილისმა, ვინც მე მიცნობდა, რომ ჩამოდიოდა რუსეთიდან ჩემთან სტუმრად. 2013 კი არა, ალბათ 2007 თუ 2008 წლიდან, აღარ მახსოვს ზუსტად, ყველა ჩემი ახლობელი იცნობდა ამ ადამიანს, ძალიან მკაფიო და ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ყველა გავაცანი, მიშა სააკაშვილსაც გავაცანი, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან ნორმალიზება გაგვეკეთებინა, იმ პერიოდში ყველამ იცოდა, რომ მე ამ ადამიანთან ვურთიერთობდი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი პრობლემას არა მის მოსმენასა და თვალთვალში, არამედ დოკუმენტების გასაჯაროებაში ხედავს. მიტროპოლიტის თქმით, მას სჯერა, რომ თუ ის დაცვის ობიექტია, უნდა უსმენდნენ. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლების“ მიერ დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

„თუ მე დაცვის ობიექტი ვარ, და მე მჯერა, ძალიან ღრმად მჯერა… ეს ემოციურად არ არის ნორმალური, მაგრამ აი, რომ შევხედოთ სხვანაირად, მაგალითად მოგიყვებით, ერთხელ პატრიარქთან მივიდნენ, ჩვენს პატრიარქთან და მიუტანეს ტელეფონი და უთხრეს, რომ ეს არის ტელეფონი, რომელიც არ ისმინება და გაჩუქებთ ამ ტელეფონს. იცით, რა უპასუხა? – მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ მისმინონო და რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო, გესმით? სხვა დამოკიდებულებაა“, – აცხადებს მიტროპოლიტი.

მე ახლაც არ მაქვს ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ყველამ ვიცით, რომ კოვიდტესტებს აკეთებენ, არაფერი სხვა არ ვიცი ამ ლუგარის ლაბორატორიაზე საერთოდ. შემიძლია სიცრუის დეტექტორი გავიარო. ის რომ ვიცნობდი ქალბატონ ლოლიტას, ეს ყველამ იცოდა და ამას ძალიან კარგად ებმის ის იტორია, რომ მე შეიძლება ლუგარის ლაბორატორიაზე გადავუგზავნო ინფორმაცია, ის რაღაც ონიშენკო თუ რა სახელი თქვით, ვერ გავიგე, ისიც თუ იყო საქართველოში ჩამოსული, ახლა გავიგე“, – თქვა მან.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „ფეიკი“ უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესახებ ამბებს იგებს ხათუნა გოგორიშვილისგან და აწვდის დანილინას.

მე ვიხმარ თანამედროვე სიტყვას, ეს არის ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც ყველამ ყველანაირად თქვას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც უფრო აბსურდულ ტყუილს მოიგონებ, მით უფრო შეიძლება დააჯერო ადამიანები ამაში. ეს სტადია, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, ასეთი ფეიკ ნიუსების და ასეთ ცილისწამებების, გერმანიამ სავარაუდოდ 70-იან წლებში გაიარა, დასავლეთ გერმანია მაქვს მხედველობაში. რუსეთმა დაახლოებით 20 წლის წინ გაიარა ეს ამბავი და დღეს ჩვენ გავდივართ ამ სტადიას და ძალიან მალე ეს აღარ იმუშავებს, აღარ იმოქმედებს. იმიტომ, რომ ეს ისეთი სისულელე და ისეთი აბსურდია და ისეთი უნამუსობაა, რომ ადამიანებს შეაჩეჩო რაღაცა ტყუილი. მე არაფერს ვმალავ“, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

მისი თქმით, სავარაუდო ფარული მიყურადების მასალების გავრცელების მოტივი არის ის, რომ ვიღაცას სძულს ადამიანები და სურს მათ დაუნგრიოს პირადი ცხოვრება, დისკრედიტაცია გაუკეთოს ყველას და ყველაფერს.

„ასეთი რაღაცა სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს ასეთი უმსგავსობის, ასეთი სიბინძურის აღკვეთა და თუ ამას ვერ ახერხებს სახელმწიფო, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს სერიოზული პრობლემები. რაც თქვენ ჩამომითვალეთ, არ ვიცი, კიდევ იქ რა წერია და რა მოიგონეს, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს ღალატი. მე თუ ვიღებდი თანამდებობის პირებისგან ინფორმაციას და რუსეთში ვიღაცას გადავცემდი, ეს არის სახელმწიფო ღალატი. მე არ მოვითხოვ, მაგრამ ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, მაშინ, თუ საკმარისი საფუძველია, უნდა აღიძრას ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და თუ ეს ასე არ მოხდება, მე ვითანამშრომელობ გამოძიებასთან, რა თქმა უნდა, ყველანაირად“, – ამბობს მიტროპოლიტი. მისი სიტყვებით, უსაფრთხოების სამსახური უნდა ფლობდეს ყველანაირ ინფორმაციას, „ოღონდ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს“.

„იცით რაშია საქმე, მე ჩემი ქვეყნის უშიშროების სამსახურს ვენდობი მაშინაც კი, როდესაც ისინი არაპროფესიონალურად იქცევიან. მინდა, რომ განვითარდეს ეს სამსახური. მე, როგორ გითხრათ, პირდაპირი წვდომა… არც ერთ ადამიანს არ ვიცნობ უშიშროების სამსახურში, ვისაც შეუძლია, რომ ასეთი მოსმენები… არ ვიცნობ, თუ ვიცნობ, თქვას თვითონ. ხოდა, კინოები მაქვს ნანახი, ერთი ფილმი მაქვს ნანახი, სადაც ამ თემაზეა საუბარი. ადამიანს, ქალს უნიშნავენ პირად მცველს, რომელიც ამ ქალს კამერას უყენებს ტუალეტში. ეს ქალი გადაირევა ამაზე, რას ჰქვია, მე არ მჭირდებაო! თქვენ ჩემი დაცვის ობიექტი ხართ, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენზე თავდასხმას სად განახორციელებენ. ეს იქნება ტუალეტი, თქვენი საძინებელი. მე ყველაფერი უნდა ვიცოდეო, მე ეს მესმის, მე ამას ვეთანხმები, თუ ჩვენ ვართ დაცვის ობიექტი”.

კითხვაზე, უსმენენ თუ არა მას, კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა თქმა, რომ მან ეს არ იცის, თუმცა ადრე ერთხელ გააფრთხილეს.

ადრე, ბევრი წლის წინ გამაფრთხილეს და მითხრეს, რომ… ახალი ამბავი არ იყო და ყველა ყველას რომ უსმენს, ამაში ახალი არაფერი არ არის… იცით რა, აპარატები იყიდება ისეთი, თქვენც შემიძლიათ იყიდოთ და მეც შემიძლია ვიყიდო და თქვენ მოგისმინოთ. თქვენ სახლთან მოვიდე ახლოს, ძაან ახლოსაც არა, ჩავრთოთ ეს აპარატი და ყველაფერს გავიგონებთ“, – უთხრა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტვ პირველის ჟურნალისტს.

კითხვაზე, ხომ არ უწყობს ხელს ის ასეთი განცხადებებით უკონტროლო მოსმენას, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ პრობლემა ამ საკითხში გაუნათლებლობაა. მან ემოციური უწოდა განცხადებას, რომ უკანონო მოსმენა არის დანაშაული, „კანონმდებლობა არ ვიცი, თუ კანონით ასეა, მაშინ ეს ცუდია ნამდვილად“.

ინტერნეტსივრცეში 12 სექტემბერს, გვიან, გამოჩნდა დოკუმენტები. საუბარია სამი ათასამდე დოკუმენტზე, რომელიც საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შეეხება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: