კრიმინალი

შეშინებული მსხვერპლი- ყველაზე ცნობილი ფოტო კრიმინალისტიკის ისტორიაში

Nusagi

ფოტო, რომელზეც ასახულია შავ კაბაში ჩაცმული შეშინებული ახალგაზრდა ქალი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა კრიმინალისტიკის სფეროში. თუმცა ბევრმა არ იცის მისი ნამდვილი ისტორია.

ფოტო 1990 წელს არის გადაღებული და მასზე  14 წლის რეგინა კეი უოლტერსია. გოგონას თვალებში საშინელებაა აღბეჭდილი, ფოტოს გადაღებიდან ის ძალიან მალე, სწორედ ამ ადგილას, მიტოვებულ ფარდულში წამებით დაასრულებს სიცოცხლეს, ფოტოს ავტორი კი მისი მკვლელი, 45 წლის რობერტ ბენ როუდსია. 

ის სატვირთო მანქანის მძღოლი იყო და ავტოსტოპით მგზავრობის მოყვარულებს ავტომობილში იტყუებდა, უფასოდ მგზავრობას სთავაზობდა. სატვირთო ავტომობილის უკანა ნაწილში როუდსს საწამებელი კამერა ჰქონდა მოწყობილი, სადაც მსხვერპლს ჯაჭვით აბამდა, აწამებდა და აუპატიურებდა. 15 წლის მანძილზე, გამოძიების ვარაუდით, მას 50-მდე ქალი ჰყავს მოკლული. თუმცა რეგინა კეი უოლტერსის მკვლელობა განსაკუთრებით დასამახსოვრებელია შოკისმომგვრელი ფოტოების გამო, რომელიც მას მკვლელმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაუღო. 

მანამდე, როუდსმა ჰიუსტონში 18 წლის ნიკოლ ტატლი მოიტაცა, თმა მოკლედ შეჭრა, აწამა და გააუპატიურა.  როუდსი მსხვერპლს მაშინვე არ კლავდა. ამ შემთხვევაშიც, დროებით, თავის საქმეზე წავიდა და ავტომობილში გოგო მარტო დატოვა. არაბუნებრივი ძალისხმევით, მსხვერპლმა გათავისუფლება მოახერხა, ტრასაზე გამოიქცა და შემხვედრ მანქანას გადაუდგა. გოგო პოლიციაში მიიყვანეს, დაკითხვის დროს, პარალელურად, მანიაკის ძებნა დაიწყეს. ის გზაზე მალევე გააჩერეს და გოგო პატრულის მანქანით მიიყვანეს ამოსაცნობად. ნიკოლ ტატლი იმდენად იყო შეშინებული, რომ იფიქრა, ვერავინ დაიცავდა როუდსისგან, პოლიციაც კი. მან არ მოახდინა მანიაკის იდენტიფიცირება, თქვა, რომ ეს სრულიად სხვა ადამიანი იყო, უარი თქვა პოლიციასთან შემდგომ თანამშრომლობაზე და საქმის აღძვრაზე. 

სამწუხაროდ, სწორედ ამის გამო, მანიაკმა დაუბრკოლებად განაგრძო თავისი სისხლიანი საქმე, იმავე დღეს, გზაზე აიყვანა რეგინა კეი უოლტერსი და მისი შეყვარებული, რომლებიც ავტოსტოპით სხვა შტატში გადაადგილებას გეგმავდნენ. 

რეგინა კეი უოლტერსი დედასთან ერთად ცხოვრობდა. მშობლების გაცილება მტკივნეულად გადაიტანა, რაც მის ქცევაშიც აისახა. გოგო ხშირად რჩებოდა ღამე მეგობრებთან, თუმცა დედას ამის შესახებ ყოველთვის აფრთხილებდა. დაკარგვიდან ერთი დღით ადრე, დედასთან კონფლიქტი მოუვიდა და შეყვარებულთან, რიკი ლი ჯონსონთან ერთად სხვა შტატში გაქცევა გადაწყვიტა, რაც წყვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სწორედ მაშინ გადაეყარა გზაზე მათ მკვლელი, რომელიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. 

გამოძიების მიხედვით, როუდსმა ბიჭი მაშინვე მოკლა, გოგო კი, თან დაჰყავდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ხან სახლში ჰყავდა, ხან ავტომობილში აბამდა. ფოტოებს ხშირად უღებდა. სურათებში გოგოს ჯერ მოკლედ შეჭრილი თმები აქვს, შემდეგ კი ცოტა მოზრდილი. პირველ ფოტოებში სახეზე სისხლნაჟღენთები აქვს, ბოლო ფოტოებში, კი -აღარ.

ყველაზე შემაშფოთებელია რეგინას ფოტოები, რომლებიც მისი მკვლელობიდან რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული მიტოვებული ფერმის ფარდულში, სადაც მოგვიანებით გოგოს ცხედარი იპოვეს. როუდსმა სიკვდილამდე მოზარდს თმები მოკლედ შეჭრა, ქუსლიანი ფეხსაცმელი და შავი კაბა ჩააცვა. ეს არ იყო ის ტანსაცმელი, რომელიც გოგოს სახლიდან გასვლისას ეცვა. ფოტოზე მსხვერპლს საყურე და ყელსაბამიც უკეთია, რომელიც, სავარაუდოდ, სხვა გარდაცვლილს ეკუთვნოდა.

როუდსმა რეგინა უოლტერსის ბლოკნოტში გოგოს მამის ტელეფონის ნომერი იპოვა და ქუჩის ტელეფონით დაურეკა. უთხრა, რომ მისი შვილი ახლა ერთ-ერთ ფარდულშია და მას აღარ აქვს თავისი ლამაზი და გრძელი თმა. როდესაც კაცმა ჰკითხა, ცოცხალია თუ არა მისი შვილი, უოლტერსმა ტელეფონი გათიშა. პოლიციამ ვერ შეძლო დაედგინა, საიდან იყო ზარი შესული. 

1990 წლის პირველ აპრილს, პატრულის თანამშრომელმა ღამით ტრასაზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილი დაინახა. სამართალდამცველმა იფიქრა, რომ მძღოლს შესაძლოა, რაღაც უჭირდა. ავტომობილთან მიახლოებისთანავე საშინელი კივილის ხმა გაიგო, კარი გააღო თუ არა, დაინახა ჯაჭვით დაბმული ქალი, გვერდით კი, მამაკაცი. პოლიციელმა კაცს მაშინვე ბორკილები დაადო, ქალი გაათავისუფლა და დამხმარე ჯგუფი გამოიძახა. მამაკაცი რობერტ ბენ როუდსი აღმოჩნდა, რომელიც თავის მორიგ მსხვერპლს აწამებდა.

როუდსს მანქანაში ბორკილები, ჯაჭვები და სხვადასხვა ხელსაწყოები უპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, ადამიანის საწამებლად იყო განკუთვნილი.

მკვლელი დააკავეს, ქალი კი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მალე გამოძიება სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა. 27 წლის ქალმა დაკითხვისას ხელისუფლების მიერ ჩადგმულ მიკროჩიპებზე და უცხოპლანეტელებზე დაიწყო საუბარი. როგორც გაირკვა, მას წარსულში შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და გადატანილი სტრესის გამო, დაავადებამ თავი კვლავ იჩინა. ამავდროულად, როუდსი ამტკიცებდა, რომ ქალმა საკუთარი სურვილით მიიღო სექსგართობაში მონაწილეობა და მას ძალა არ უხმარია. სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ სასამართლოზე რთული იქნებოდა როუდსის დანაშაულის დამტკიცება, ამიტომ აუცილებელი იყო, ეპოვათ მისი სხვა მსხვერპლი. 

მანიაკის სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა უჯრაში საგულდაგულოდ შენახული ფოტოები იპოვეს. სწორედ იქ ნახეს შავკაბიანი გოგოს სურათები. ვინაიდან ამ შტატის პოლიციაში რეგინას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თავდაპირველად ვერავინ მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო უცნობი ახალგაზრდა, შეშინებული თვალებით. გოგონა ფოტოზე ხელით რაღაცას, ან ვიღაცას იგერიებს. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, არიზონას პოლიციამ დაადგინა, რომ ფოტოებზე 14 წლის რეგინა კაი უოლტერსია, რომელიც როუდსმა მიტოვებულ ფარდულში, ფოტოების გადაღების შემდეგ მოკლა. როუდსს გოგონას სხვა ფოტოც ჰქონდა შენახული, რომელშიც რეგინას ცისფერი სვიტერი აცვია. ასეთივე სვიტერი პოლიციელებმა მისი მწამებლის სახლში იპოვეს.

სახლიდან გაქცევისას რეგინა მარტო არ იყო. მასთან ერთად მყოფი რიკი ლი ჯონსონი უგზოუკვლოდ გაქრა. ბიჭის ცხედრის ნარჩენები მხოლოდ 2005 წელს იპოვეს და დნმ-ის ანალიზის მეშვეობით დაადგინეს, რომ ცხედარი სწორედ მას ეკუთვნოდა.

რობერტ ბენ როუდსი ამჟამად 75 წლისაა. ის სამუდამო სასჯელს ილინოისის სამხრეთით, მენარდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ვინაიდან მისი მსხვერპლი ძირითადად ავტოსტოპით მოსიარულე ქალები, ასევე სექსმუშაკები იყვნენ, მოკლულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. ასეთი დანაშაულის შესახებ, როგორც წესი, გადარჩენილი მსხვერპლი, ასევე მოკლულის ოჯახები ხშირად პოლიციას არ ატყობინებენ. ავტოსტოპით მოგზაურობისას, ზოგჯერ ახლობლებს წარმოდგენა არ აქვთ, რომელ დღეს, თვეს ან წელს გაუჩინარდა მათი ოჯახის წევრი. თავად მსხვერპლი კი, რომელმაც თავის დროზე მკვლელს თავი დააღწია, ერიდება კვლავ განიცადოს ემოციური ტრავმა და თავს არიდებს სასამართლო პროცესებს. სწორედ ამიტომ, მრავალრიცხოვანი მსხვერპლიდან როუდს მხოლოდ სამი მათგანის მკვლელობა დაუმტკიცდა. პოლიციელები ვარაუდობენ, რომ ის თვეში საშუალოდ 3 ქალს კლავდა. ხშირად, ისეთ ქალებსაც იტაცებდა, რომლებსაც თან მამაკაცი ახლდათ. როუდსი კაცს იმავე დღეს კლავდა, ქალს კი რამდენიმე კვირის განმავლობაში აწამებდა. მათ შორის იყვნენ ახლადდაქორწინებული წყვილი პატრიცია კენდისი და დუგლას ციკოვსკი, რომლებმაც თაფლობის თვის გატარება ჯორჯიიდან სიეთლამდე ავტოსტოპით დაიწყეს.

რიკი ლი ჯონსონის ცხედრის ძებნისას იმ მარშრუტზე, სადაც როუდსი მოძრაობდა, ათობით ცხედრის ნარჩენი იპოვეს. პატრიციას იდენტიფიცირებას 13 წელი დასჭირდა, დუგლასის ცხედარი კკი- 1992 წელს ამოიცნეს.

რეგინა კეი უოლტერის ამბავი შეიძლება მიგვეჩნია ერთ ბანალურ  ისტორიად რიგით მანიაკზე, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. 18 წლის გადარჩენილი ნიკოლ ტატლის მომტაცებელი ნამდვილად რობერტ ბენ როუდსი იყო, თუმცა გოგონამ ეს უარყო და მანიაკს საშუალება მისცა, იმავე დღეს ახალი მსხვერპლი მოეტაცებინა. მოგვიანებით ნიკოლ ტატლმა განაცხადა, რომ იმდენად იყო შეშინებული მანიაკთან გატარებული ერთკვირიანი წამების შემდეგ, რომ ეგონა, პოლიციელები მას ვერ დაიცავდნენ როუდსისგან. ამიტომ, სწრაფად უნდოდა მისგან შორს წასვლა. იმ დღეს რომ სიმართლე ეთქვა, როუდსი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, თავისი მარშრუტით აღარ გააგრძელებდა გზას და რამდენიმე საათში ახალგაზრდა წყვილს არ გაუჩერებდა ავტომობილს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,971 ნახვა
%d bloggers like this: