ex-sticky ცხოველები

თბილისის ზოოპარკი: საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენ, ბოროტმა ზოოპარკმა, საბრალო მგელი ხროვას გამოვსტაცეთ

Nusagi

რამდენიმე დღეა სოცქსელებში მიდის კამათი ცხვარიჭამიაში მდებარე ზოოლოგიური ცენტრი Bears Sanctuary in Georgia-ში შეფარებულ მგელთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ ჩვენც გამოვეხმაურებით ამ ამბავს, რადგან ამ გაუგებრობაში ორიოდ ქვა თბილისის ზოოპარკის ბოსტანშიც ჩამოვარდა.ახლავე აგიხსნით, რა მოხდა. 🐺 ცოტა ხნის წინ ზოოლოგიურმა ცენტრმა კერძო პირისთვის ჩამორთმეული მგელი შეიფარა. მგელი სოციალური ცხოველია და მარტო ყოფნა მისთვის არასასურველია.

მგლებს განსაკუთრებული სოციალური სისტემა აქვთ – ისინი ხროვებად ცხოვრობენ. ამგვარ გაერთიანებებს ქმნიან ვოლიერებშიც, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რაღაც მიზეზების გამო რომელიმე მგელს ხროვა არ იღებს და ის გარიყული რჩება. ასე დაემართა ჩვენს ერთ-ერთ ძუ მგელს, რომელიც ხროვას ვერ შეუერთდა და ფაქტიურად სიმარტოვისთვის იყო განწირული. ცხვარიჭამიაში მგლის შეფარების ამბავი რომ გავიგეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენი მგელი მათთვის გადაგვეცა. ამით კარგი საქმე გაკეთდებოდა – ორ მარტოხელა ცხოველს სოციალიზაციის საშუალება მიეცემოდა და მათი ცხოვრების ხარისხიც ბევრად გაუმჯობესდებოდა. ასეც მოვიქეცით. მგლები მშვენივრად შეეწყნენ ერთმანეთს და მალევე დამეგობრდნენ.😟

უკვე აღარ გვიკვირს, როცა რაიმე კარგ ინიციატივას უამრავი ეჭვი, კუდების გამობმა და ემოციური ვაი-უშველებელი მოჰყვება ხოლმე. იმდენად, რომ შეიძლება ენთუზიაზმიც კი დაკარგოს ადამიანმა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენ, ბოროტმა ზოოპარკმა, საბრალო მგელი ხროვას გამოვსტაცეთ, ახლობლებს მოვწყვიტეთ და გადასახლებაში გავუშვით. ტყუილია! და ზემოთ უკვე ავხსენით, რატომაც. მეორე ეჭვი, რომელმაც რისხვის ქარბორბალა დაატრიალა, ის იყო, რომ ვაითუ მათ გამრავლებას ვგეგმავთ და სწორედ ამ მიზნით „დავაქორწინეთ“ ზოოპარკისა და ზოოცენტრის ორი მგელი. ესეც მეორე ტყუილი! ზოოპარკში არ ვამრავლებთ შეფარებულ დათვებსა და მგლებს. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების გვერდით გაზრდილებს ბუნებაში ვერ ვაბრუნებთ და ვერც უსასრულო რაოდენობის ცხოველს დავატევთ ვოლიერებში, მათი გამრავლება ყველანაირ საღ აზრსაა მოკლებული. 🤨

არაფერია ცუდი იმაში, რომ რაღაც საკითხებში ვერ ვერკვეოდეთ. ყველა ყველაფრის ექსპერტი არ უნდა იყოს. ამიტომ, სანამ ბოსტნებში ქვების სროლას დავიწყებთ, კარგი იქნება, ჯერ სრული ინფორმაცია მოვიძიოთ კომპეტენტური პირებისგან და მერე, თუ საჭირო გახდება, ქვების სროლაზე ცივილური მეთოდები გამოვიყენოთ სადაო საკითხების განსახილველად.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,392 ნახვა
%d bloggers like this: