პოსტები სოციალური ქსელიდან

21-ე საუკუნეში, ქვეყანამ გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის დაწერილი აბდაუბდით როგორ და რატომ უნდა იცხოვროს?!-გელა ზედელაშვილი

Nusagi

კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ – 2004 წელს დაწერეს გიგა ბოკერიამ და ლევან რამიშვილმა. ეს კანონი გახლავთ იმ ბოროტების საწყისი და საფუძველი, რომელმაც ბევრი იმსხვერპლა და ბევრსაც იმსხვერპლებს, თუ არ შეიცვალა, ვგულისხმობ ცილისწამებათა ნიაღვარს, 2004 წლიდან რომ მოედინება ჩვენს ქვეყანაში. ფაქტობრივად ეს იყო სააკაშვილის ხროვაზე მორგებული კანონი, ვითომ დემოკრატიული, მაგრამ სინამდვილეში უზურპატორული. ნახეთ, როგორია კანონის პირველი მუხლი:    

,,სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”.

ესე იგი, სახელმწიფო იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. გაიგეთ რამე? მე მხოლოდ ის გავიგე, რომ ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფოს და ხალხს ეკრძალება სიტყვის თავისუფლება. გარდა იმისა, რომ ეს კანონი ჩიქორთული ქართულით არის დაწერილი, შიგ ძალიან ბევრი სისულელეა. სახელმწიფო და ხალხი შეზღუდულნი არიანო, სააკაშვილის ზეობის პერიოდში სააკაშვილის ხროვას ნამდვილად აწყობდა ასეთი აბდაუბდა, ყველა ტელევიზია ხომ მაგათი იყო? რომელიც არ იყო, კი შერბოდნენ სპეცრაზმებით და ,,აწესრიგებდნენ” სიტუაციას. შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს და ძალა, რომელიც სათავეში მოვიდა, ეგრევე აღმოჩნდა ამ ჩიქორთული კანონის მძევალი და დღემდე ,,დროს ატარებს” მძევლობაში, ადამიანი არ გამოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობაში, რომელიც გამოვა და ხმამაღლა იტყვის: ძმებო, დებო, დეიდებო, ბიძიებო, დროა, კანონი მივიღოთ ცილისწამების შესახებ, იქნებ იქვე ისიც ჩავწეროთ, რომ საჯარო მოხელეც ადამიანიაო. როგორც ამბობენ, შიგნით პარტიაში კი ყოფილა ამაზე საუბარი, მაგრამ ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს.  

მუხლი მეორე: ,,ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს: ა) აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას; ბ) პოლიტიკური სიტყვისა და დებატების თავისუფლებას; გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას; დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები”.

სასაცილოა, მეორე მუხლი მთლად აფარჩაკებს საჯარო მოხელეს, მას უკრძალავს ყველანაირ აქტივობას და ნებართვას აძლევს მეორე მხარეს, იყოს გიჟივით თავისუფალი. ჟურნალისტის უფლებააო, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა (რა მაგარი ქართულია!) და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებებიო. კი, მაგრამ სად არის ამ ქვეყანაში სინდისი და ნამუსი? ეგ კი არა, დაჯდება ვიღაც წერა-კითხვასთან მწყრალი ბოგანო, მოიგონებს საჯარო მოხელეზე ან არასაჯარო მოხელეზე ზღაპარს, თუ როგორ შოულობს ფულს ბავშვების ყიდვა-გაყიდვით. იქით შეედავები? ვერაფერს დააკლებ, გამოვა და იტყვის, ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მომაწოდაო, რომლის ვინაობასაც  ვერ გავამხელო. სინამდვილეში სანდო წყარო არ არსებობს, შენზე ბინძური ზღაპარი ბინძურმა ბოგანომ მოიგონა და შენ ვალდებული ხარ, საზოგადოების წინაშე თავი იმართლო, რომ ფულს ბავშვების ყიდვა-გაყიდვით კი არა, სხვა გზებით შოულობ. მეტიც, შენ უნდა დაამტკიცო, რომ არც აქლემი ხარ და არც იფურთხები. შეიძლება დაამტკიცო, რომ აქლემი არ ხარ, მაგრამ არ ვიფურთხებიო, ამას ვერ დაამტკიცებ, ბოგანო სანდო წყაროზე დაყრდნობილ მტკიცებულებებს მაინც წარმოადგენს.

ჩვენში დიდ პრობლემად იქცა ცილისწამება, ეს არის დღეს დამოკლეს მახვილი, რომელსაც ბევრი გაურბის და გაურბიან ისეთებიც, რომლებიც მერე ,,ზადნავენ”. მიხეილ სააკაშვილის კანონში სიტყვა-სიტყვით ასე წერია (მუხლი 5, თავი პირველი):  

,,ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით”.

გაიგონეთ? ცილისწამება არ ისჯება, თუკი ის გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში. მიდი, მოვდივარ, დაჯექი ინგა გრიგოლიასთან, დაარქვი დებატი და დააბრალე ადამიანს საკუთარი ბებიის გაუპატიურება, პასუხს არავინ მოგთხოვს.

გინდათ, გაცინოთ? თურმე ამ კანონის შემდგომი მუხლის პირველი თავის თანახმად, ცილისწამებაზე შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში: ,,თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს”.

მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, ცილისმწამებელს იქით უჩივლოთ, თუ გაქვთ ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე, რომელიც აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. არა, შეიძლება კანონი იყოს გაუმართავი, ჩიქორთული, უხეიროდ ნათარგმნი, მაგრამ ასეთი გაუგებარი და ცინიკური? რას ნიშნავს ნათელი და განჭვრეტადი? რას ნიშნავს სიკეთე, რომელიც აღემატება მიყენებულ ზიანს? იქნებ არ აღემატება, მერე რა ვქნათ? იქნებ ნათელია, მაგრამ არ არის განჭვრეტადი? ამ შემთხვევაში ლევან რამიშვილი ასეთ რეკომენდაციას გვაძლევს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს: პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი. მე მაპატიეთ, ასეთ ბოდვას რომ გაკითხებთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, როგორ კანონებს წერდნენ მიხეილ სააკაშვილის ,,განათლებული” ხელქვეითები. თურმე შესაძლებელი ყოფილა ცილისწამების შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირებაც, რომლის თანახმადაც, შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირებისას დაუშვებელია გამოხატვის საგნის შეზღუდვა. მე-10 მუხლის მეორე თავი გვეუბნება: ,,შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მხოლოდ გამოხატვის ადგილის, დროისა და ფორმის მიხედვით ისეთ არადისკრიმინაციულ შეზღუდვას, რომელიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე ან ტოვებს მათი სხვა გზებით გამოხატვის ეფექტიან შესაძლებლობას”.

ისევ ვერ გაიგეთ ვერაფერი, ხომ? ვერც მე! თუმცა ერთი წიაღსვლა მომეწონა – როდესაც იჩივლებთ, ეცადეთ, გავლენა არ მოახდინოთ ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე.

არ დაიჯერებთ, თურმე ყოფილა ასეთი მცნებაც: ,,კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისათვის”. ესე იგი, პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადებისათვის: ,,თუ მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად, იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს”.

და ბოლოს მთავარი… მუხლი 16. პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

მორჩა, წერტილი დასმულია, წადი და ირბინე რამდენიც გინდა, ნებისმიერ ე.წ. ჟურნალისტს შეუძლია დაგწამოს ცილი, კედლებზე გატაროს და სასამართლოში თქვას, მე არ ვიცოდი, რას ვავრცელებდიო. მე თქვენ გეტყვით, მართლა იციან, რას ავრცელებენ და რას ბოდავენ?!

ახლა კი მივმართავ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: პატივცემულო დეპუტატებო, არ გრცხვენიათ, როდესაც ამ კანონს კითხულობთ? იქნებ არ წაგიკითხავთ და არც წითლდებით? მაშინ წაიკითხეთ, უბრალოდ სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ქვეყანამ გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის დაწერილი აბდაუბდით როგორ და რატომ უნდა იცხოვროს?!-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გელა ზედელაშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,102 ნახვა
%d bloggers like this: