სოციალური ქსელები და მედია

მთაწმინდის პარკში ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა

Nusagi

მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ პირველი ტელევიზიის სამი ტელესახის, ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა.

ამ ტრადიციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს ჩაუყარა საფუძველი და სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნა ლეგენდარულ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელს, თენგიზ ნათაძეს და დავით სოკოლოვს.

ირინა მათიაშვილმა საქართველოს რადიოში 1964 წელს დაიწყო მუშაობა, ტელევიზიაში კი 30 წელზე მეტი გაატარა. წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“, იყო არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. ის ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული.

„ძალიან ვღელავ. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ალბათ, პატარა წვლილი შევიტანე პირველი ქართული ტელევიზიის განვითარებაში. მადლობა მინდა, ვუთხრა ტელემაყურებლებს, ვისაც ვახსოვარ. რასაკვირველია პირველ არხს მადლობა, ასეთი ზეიმისთვის. ძალიან დიდი მოვლენა არის, მაგრამ ვარსკვლავი სხვა რამ არის ჩემს წარმოდგენაში და ალბათ, დრო დამჭირდება, რომ დავიჯერო ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირინა მათიაშვილმა.

თინა მგალობლიშვილი საქართველოს რადიოში კონკურსის შედეგად მოხვდა, ტელევიზიაში პირველად ქართული ხალხური პოეზიის შესახებ წაიყვანა გადაცემა, შემდგომ წლებში კი ლიტერატურული გადაცემები და საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ მიჰყავდა. გარდა ამისა, მას 600-მდე კინოგმირი ჰყავს გახმოვანებული, მათ შორის მარიტა კინოფილმში „ნატვრის ხე“. სწორედ ამიტომ თინა მგალობლიშვილს ხშირად მოიხსენიებენ სამი მიკროფონის დედოფლად.

„შემოქმედებითი ცხოვრება არ არის სტაბილური, არის აღფრთოვანება, იმედგაცრუება, წარმატება, ტკივილი, სიხარული. ასეთი მონაცვლეობაა ემოციების. ამიტომ, რთულია ეს გზა და როდესაც ამ გზით დადიხარ ათეული წლის განმავლობაში და მოხვალ აქ, ეს არის გამარჯვება. ძალიან გახარებული ვარ, ვარსკვლავი ნიშნავს გამარჯვებას. გავიმარჯვეთ. ამისთვის დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა თინა მგალობლიშვილმა.

ირმა გურიელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება აქვს მინიჭებული. ის საქართველოს ტელევიზიაში ოთხი ათეული წელი მუშაობდა. საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდში დაცულია ტელერადიო სპექტაკლებში მის მიერ განსახიერებული 50-მდე როლი და 60-მდე სიმღერა, რომლის ტექსტების ავტორიც თავად არის.

„ბედნიერი დღეა. ბედნიერებაა, როცა ხედავ, შენი შრომა დაფასდა. ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრს ჰქონდეს ასეთი ბედნიერი წუთები. ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებსაც და სრულიად საქართველოში. ყველა იყოს ბედნიერი, გახარებული და ყველას შრომა, თავდადება იყოს დაფასებული“, – განაცხადა ირმა გურიელმა.

წელს საქართველოს ტელევიზიას 65 წელი უსრულდება, შესაბამისად, აღნიშნული სამი ვარსკვლავის გახსნას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

1tv.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,165 ნახვა
%d bloggers like this: