ex-sticky პოლიტიკა

ამ კადრების აღწერა შეიძლება ფრაზით „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“, ეს პარადიგმა მარტო ჩემში არ გაცოცხლდა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის მთავარი ნაწილი არის ამოჭრილი და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამაიამ განაცხადა.

„რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ზუსტი მტკიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით. თუმცა, ეს კადრები არ არის უწყვეტი. ახლა აქ ყველა პროფესიონალი დგახართ, ხვდებით თქვენ თვითონაც, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის მთავარი ნაწილი არის ამოჭრილი და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა შეიძლება ყველასთვის ცნობილი ფრაზით – „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ზუსტად ეგრე იყო და ეს პარადიგმა, მარტო ჩემს თავში კი არ გაცოცხლდა ვაჟას უკვდავი სიტყვები, ყველა ქართველში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ეს პარადიგმა ძალიან მძლავრია. ქართველები ბავშვობიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყოველთვის არწივის მხარეს ვართ ყველანი, განურჩევლად“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, არწივი არის მიხეილ სააკაშვილი.

„პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვფიქრობ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. როგორც წესი, მე არ ვსაუბრობ ამაზე, მით უმეტეს მიშასთან შესვლამდე. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა. ეს კადრები, რომლებიც გამოქვეყნდა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. მარტივად აგიხსნით რატომ. იმიტომ, რომ როგორც კი ვიწყებთ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციაზე და მისი გადარჩენის გზებზე, იწყება დეზინფორმაცია, რომ ის ჭამს, მერე აქვეყნებენ კადრებს, სადაც თითქოს უკვე ფაფებს კი არა, მწვადებს ჭამს და რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის რეაქცია, უკურეაქცია აქვს მძევალს, მიხეილ სააკაშვილს და კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა. ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენ უკვე ვიხილავთ ვარიანტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, გამოვიდეთ ამ ვითარებიდან ღირსეულად და პირველ რიგში, ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვეყნებული, სხვა ახსნა არ აქვს, რადგან ეს ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები და ეს კადრები მიზნად ისახავს უკვე არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას, ერთ მშვენიერ დილას რომ ყველამ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში. ამიტომ მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა, კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო, პირდაპირ ვამბობ ამას და გადაარჩინოს რუსეთის მიერ დაპყრობისგან, პირდაპირ. ეს ჩემი პოზიციაა, პირადი, რასაც მე მიშას აუცილებლად ვეტყვი. ეს არის ჩემი პოზიცია. შიმშილობა იყო ინსტრუმენტი, როცა ეს ინსტრუმენტი მუშაობს, ის მუშაობს, ბრძოლის ეს ფორმა მუშაობს, მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა უკვე მიშას საწინააღმდეგოდ იმუშავებს და ქვეყნის, მე ვფიქრობ, რომ დროა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა ინსტრუმენტის გადახედვაზე, სხვა ფორმით ჩანაცვლებაზე. ეს არის ჩემი კომენტარი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,987,916 ნახვა
%d bloggers like this: