ხელოვნება და კულტურა

ზურაბ ოდილავაძე: შინნაზარდი აფთრები კულტურის სამინისტროს თავლიდან გამოაბუნძულეს დაა… საშოვარზე გამოვიდნენ

Nusagi

აფთრების ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის,- მწერალი და პუბლიცისტი ზურაბ ოდილავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„კარგა ხნის წინ, ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ჩემი „იმპერიის ორსულობა“ ფრანკფურტის ბაზრობისთვის ევროპელმა ექსპერტმა ამოარჩია, შემდეგ კულტურის სამინისტრომ დააფინანსა და ტექსტი გერმანულ ენაზე ათარგმნინა… ბოლოს კი, ლიტერატურულმა სექტამ, კერძოდ, „წიგნის ცენტრისა“ და „სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელებმა წიგნი თაროზე შემოდეს და „მომტეხეს“, მივხვდი, რომ ფეოდალებს შუბლის ძარღვი დაბადებიდან არ დაჰყოლიათ. მათი უტიფრობა გენეტიკურია და ამას არაფერი ეშველება. ბევრი ვწერე, ვამხილე, ვაკრიტიკე, მაგრამ, დღეს სახელმწიფო ცენზურაზე ესოდენ გაწიწმატებულ არცერთ მწერალს, კრინტი არ დაუძრავს… ასე იყო თუ ისე, იმედი იმისა, რომ ამ აფთრისებრ ადამიანებს შერცხვებათ, საბოლოოდ დავკარგე და მათი არსებობის შესახებ სამუდამოდ დავივიწყე.

მაგრამ სტატია არ არის მხოლოდ პირად წყენაზე – ეს ტოტალიტარული სექტა ქვეყნის ფუნდამენტური პრობლემაა და ვეცდები, მისი სიმახინჯე ნაწილობრივ მაინც გადმოგცეთ…

ჩემი დაკვირვებების შედეგად, ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ამ „ადამიანური ფაბრიკის“ ნარჩენებმა, პატიოსნების ზღუდე კარგა ხნის წინ გადალახეს და გახრწნის ისეთი მწვერვალი დაიპყრეს, ბოღმისა და შურის ისეთ სიღრმეს მიაღწიეს, რომ „ვერ დაბრუნების წერტილი“ უკვე გაიარეს და დღეს ოდნავ მაინც გამოსწორებამ მათთვის აზრი დაკარგა; ისე შეტოპეს უზნეობის უდაბნოში, რომ უტიფრობა ცხოვრების წესი გახდა და, პირიქით, მხეცის დაუნდობლობით თავი მოაქვთ კიდეც – აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ამ დაუჯერებელ ურცხვობაში…

ახლა „ლიტმუშაკთა“ სექტის სტრუქტურაზე. ეს არის ნეო-ბოლშევიკთა ხროვა, რომლის ძირითადი საქმეა, ოდნავ ნიჭიერი ადამიანის, თუ ის მათ დიქტატს არ ემორჩილება, განადგურება. ეს ამოცანა წიგნების გამოუცემლობით, ყველა მედია საშუალებაში სამარისებური დუმილითა და სახელის გატეხით – ანუ სოციალური მკვლელობით მიიღწევა. ხროვა მკაცრ იერარქიას იცავს: ადამიანზე ნადირობას, სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვით გასუქებული, მწერლების ბატონ-პატრონი, გამომცემელი, ხელმძღვანელობს; მსხვერპლის კვალს კი, ფეოდალის მიერ უღიმღამობითა და გაუბედაობით დამონებული მწერლები მიუყვებიან; მეტად საპატიო როლი ელიტურ აფთართა ტელე- პროპაგანდისტებს ენიჭება; ნასუფრალის მოლოდინში „ფეისბუქის“ პარტერში კლაკერები დგანან – ეს „გაჩითვას“ მოწყურებული „სოციალური მცოცავები“ ან ალაიქებენ, ან, თუ სექტის წევრი არ არის, ყეფენ… აფთრისებრი მტაცებლები მსხვერპლს სიღარიბით ღლიან, აიძულებენ, წყობიდან გამოვიდეს და როდესაც თავდაცვის უნარს კარგავს, ცოცხლად ჭამენ.

მტაცებელთათვის მაფიოზური „ღირსების კოდექსიც“ კი უცხოა და მხოლოდ მხეცის ინსტინქტებით მოქმედებენ. მათი დევიზია: „აქ და ახლა“ მშია და ამიტომ უნდა შეგსანსლო!“.

ამასწინათ ერთმა მომწერა: „შენი წიგნი წავიკითხე, მომეწონა, მაგრამ შენივე პუბლიცისტური წერილების სიღრმე, გნებავს, პრობლემის ფილოსოფიური გააზრება დამაკლდა“. რა მეპასუხა: წიგნი, რომელიც 2020 წელს იხილა მკითხველმა, შორეულ 2013-ში დაიწერა და მას შემდეგ მეც გავიზარდე?.. არადა, 7 წელი ველოდე, რომ მთლიანის მაგიერ, მხოლოდ ნახევარი წიგნი, როგორც ვითომ „პირველი ნაწილი“, „სულაკაურის გამომცემლობას“ დაებეჭდა. არც მეტი, არც ნაკლები – ჯიბის ბლოკნოტის ზომის წიგნი და 7 დაუსრულებელი წელი!.. გამოცემას კი ტრადიციული პროცედურა მოსდევს: სექტა პირში წყალს დაიგუბებს, სულ რომ თავი მოიკლა, არსად არ გახსენებს და, რომ არა „ფეისბუქი“, დღემდე ჩემს სახელს ვერავინ ვერც გაიგებდა – ეს უნდა მომეთხრო?..ახლა რომელიმე კონკურსში გამარჯვებასა და პრემიის აღებაზე, ხომ ფიქრიც ზედმეტია – ლაურეატის წოდება მხოლოდ მათ ეკუთვნით და მორჩა! აი, მაგალითად, როგორც ერთ „საბათმავალს“ – ხუთჯერ!..

დაუჯერებელია, მაგრამ, როგორც არაერთმა განაწყენებულმა სექტანტმა ბრძანა, „საბათმავალთა“კონკურსის მთავარი პრობლემა არა ნაწარმოების შეფასება, არამედ ტექსტების წაკითხვა ყოფილა. თურმე საკონკურსო წიგნებს არავინ ეცნობა, გამარჯვებულთა სიები კი ფეოდალური ლოგიკით იწერება. როგორია, ჰა? თან გაითვალისწინეთ, დანარჩენ მსოფლიოში XXI საუკუნეა…

შეამჩნევდით, ამ წერილის ყოველ აბზაცში მიწევს, ვიხმარო სიტყვები: „დაუჯერებელი!“, „გაუგონარი!“, „გასაოცარი“!“, წარმოუდგენელი! – დიახ, ასეთი ეგზოტიკური მტაცებლები გვყავს ქართველებს დანიშნული მწერლებად…როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, სტატია არ არის მხოლოდ ჩემზე – ასეთია ამ ტოტალიტარული სექტის მოქმედების დაუწერელი კანონი. ყოველგვარი კონკურენციის გარეშე მიტაცებული დაფნის გვირგვინით იხსნება თანამედროვე ქართული ლიტერატურის უბადრუკობაც… დასაწყისში გიამბეთ ფრანკფურტის გამო ჩემზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შესახებ. ისიც ვთქვი, რომ ამ გაუგონარ უსამართლობაზე, არცერთ მწერალს ხმა არ ამოუღია – ერთსაც კი, არა!..მაშ, დღეს რა ეტაკათ, რატომ გამოვარდნენ პოლიტიკურ არენაზე?

მარიონეტების თვისებაა – სპექტაკლის დასასრულისკენ, მონობით დაღლილი თოჯინები ძაფებს გლეჯენ და მეთოჯინეს უწყობენ ამბოხს… შინნაზარდი აფთრების გაცოფების მიზეზიც ასეთივე ბანალურია: ისინი კულტურის სამინისტროს თავლიდან გამოაბუნძულეს, ევროპაში მივლინებებმა და გავლენამ მკვეთრად იკლო დაა-ა… საშოვარზე გამოვიდნენ – ეგებ ვინმეს მიეკედლონ და მან გადაუხადოს. ყველამ ზუსტად იცის, რომ მათი პატრიოტული აღტყინების მოტივი მხოლოდ ამაში მდგომარეობს, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული პუბლიკის აპლოდისმენტები მაინც არ ცხრება. აი, გასაოცარი მართლაც ეს არის – ხალხის თვითდაბოლების ნარკოტიკით ასეთი გატაცება!

დასასრულს კი, რატომ არის პრობლემა ესოდენ მნიშვნელოვანი. უილიამ ბეროუზი გვასწავლის: „ჩემი შეხედულებით, სწორედ ხელოვანები არიან გარდაქმნების ჭეშმარიტი არქიტექტორები და არა პოლიტიკოსები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარდაქმნებს, მას შემდეგ, რაც მათ უკვე ჰქონდა ადგილი“. სექტის წყალობით კი, ქართულ მწერლობაში და, ზოგადად, ინტელექტუალურ სფეროში, სადაც ახალი, რევოლუციური იდეების გენერირება უნდა ხდებოდეს, აზროვნების გაელვების პიკია – მეუფე იაკობის გამონათქვამებსა თუ კობახიძის ვარცხნილობაზე უმაგრესი ხუმრობები… გონებრივ პროვინციაში გამაგრილებელი ნიავი არასდროს უბერავს, სიო არ უქიქინებს, დამყაყებულ გარემოში მუდამ შმორის სუნი დგას…მათი მხარდაჭერით აღფრთოვანებულმა პოლიტიკოსებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ ფუმფულა ლოყებიანი მტაცებლების ტელევიზიით ქადაგების ფასი ხალხისთვის ნულის ტოლია.

საქმე შემდეგშია… ფორმა შობს შინაარსს. სამკუთხედი კი მეტად მარტივი ფიგურაა, რადგან სულ სამი გვერდი აქვს. ჰოდა, აფთრების მინიმალისტურ, თუგინდ „ლიტერატურულ“, მაგრამ „სამკუთხედ“ თავებში, მრავალწახნაგოვანი, მით უფრო, მომრგვალო აზრები არ იბადება. თუმცა… ნება თქვენია, კუთხოვანი კატეგორიებით იაზროვნეთ, მე კი კვლავ გავიმეორებ: „ამხანაგო კომისრებო, რუსეთის წინააღმდეგ, დასავლური ფასეულობებისთვის თქვენი ბრძოლით, ერთმანეთი დააბოლეთ, ერთ-მა-ნე-თი!.. ხოლო თუ თქვენ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვით, მე ტობოლსკელი ოდილავაძე ვყოფილვარ“. ასეთია ჩემი საბოლოო სიტყვა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება – მორჩა!

ზ.ო. – 2021, დეკემბერი“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: