საზოგადოება

მელიქიშვილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

Nusagi

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, გამზირის გაორმხრივება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ იგეგმება.

ამასთან, გარდა მელიქიშვილის გამზირისა, მერია 2022 წლის განმავლობაში ქეთევან წამებულის გამზირის სრულ რეაბილიტაციასაც გეგმავს.

„თბილისის მერია განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2022 წელს იგეგმება ორი დიდი გამზირის – ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირების სრული რეაბილიტაცია. ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო არეალი შეადგენს 1.7 კმ-ს და მოიცავს მეტროსადგურ “ავლაბრიდან” ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს. ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირს, მისი სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს სამუშაოებს ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, ფრანგული კომპანია “სისტრას” ხელშეკრულება არ გულისხმობდა ქუჩების დეტალურ დიზაინს, მათი ამოცანა ქსელის შექმნა და მისი იერარქიის განსაზღვრა იყო, ხოლო ზუსტი მარშრუტები და ქუჩების დიზაინი იმპლემენტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს. თუმცა, ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე და მელიქიშვილის გამზირის დეტალური გეგმარების დროს გამოიკვეთა, რომ ოპტიმალური ვარიანტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაორმხრივება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ამასთან, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე იგეგმება მასშტაბური სამუშაოები წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.

“ყველა აღნიშნული სამუშაო სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კერძოდ, ძველი, დაზიანებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები ახლით შეიცვლება, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. საჰაერო გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, ჩატარდება საგზაო სამუშაოები, მოეწყობა ტროტუარები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ეკონომიური, თანამედროვე ტიპის LED სანათები. მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი ე.წ. ბასლაინი და ველობილიკი. განახლდება ავტობუსის გაჩერებები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ყველა რეაბილიტირებული გამზირი ადაპტირდება შშმ პირებისთვის”, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,615 ნახვა
%d bloggers like this: