Uncategorized

„19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება პუტინისა და რუსეთის მოკავშირეა“ – გიორგი ვაშაძე

Nusagi

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მცირე შანსები აქვს, რადგან არ ხდება იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელსაც ქვეყანას პარტნიორები უყენებენ. 

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს, რომელთა გატარებაზე ხელისუფლება უარს ამბობს. 

„დავსვათ კითხვა, თუ რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას სთხოვენ პარტნიორები ჩვენს ქვეყანას? ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, დემოკრატიული რეფორმები, ეს არის პოლიტიკურ დევნაზე უარი და ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გასატარებელია. 

მოდით, მეორე კითხვა დავსვათ, რეალურად რა ხდება ქვეყანაში? სამწუხაროდ, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას აფერხებს და პუტინის და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა ის გადაწყვეტილებები, რასაც თქვენ – „ქართული ოცნება“ იღებთ. დიახ, პუტინისა და რუსეთის მოკავშირეა ის გადაწყვეტილება, როცა ნატოს კომუნიკეში მოხსენიებულ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირება გაუკეთეთ, პუტინის მოკავშირეობაა ასევე, როცა სასამართლო რეფორმაზე ამბობთ უარს და ახლა მოვისმინე, რომ საერთოდ არ იცის ვინმემ რა რეფორმაზეა საუბარი.

უკაცრავად, 19 აპრილის შეთანხმებაშიც არის მოხსენიებული კონკრეტულად რა რეფორმები უნდა გატარებულიყო და ოპოზიციის მიერაც დარეგისტრირებულია ის ცვლილებები, რომელიც სასამართლო სისტემას სჭირდება. დიახ, ნატოში ინტეგრაციის გზაზე უარი და პუტინის და რუსეთის მოკავშირეა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო მოხსენიებული. 

ასეთივეა ის ვითარება, როცა ეკონომიკური რეფორმები არ მიმდინარეობს და სიღატაკეში და სიდუხჭირეში იხრჩობა ქვეყანა, როდესაც ასობით ათასი ადამიანი ქვეყანას ტოვებს ელემენტარული სარჩოს მოსაპოვებლად. 

მე ვკითხულობ, როგორ უნდა დავუახლოვდეთ და როგორ უნდა დაჩქარდეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი? როცა თქვენ თვითონ ამბობთ და მეც ვეთანხმები, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი შეიძლება მხოლოდ ნატოში ინტეგრაციის დაჩქარება იყოს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: