საზოგადოება

რა პროექტების განხორციელება იგეგმება 2022 წელს თბილისში

Nusagi

10 დეკემბერს საკრებულოში დაზუსტებული ბიუჯეტი წარვადგინეთ, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს, თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჯამი შეადგენს მილიარდ 545 მლნ ლარს. მათ შორის, მილიარდ 305 მლნ ლარი არის საბიუჯეტო ნაწილი, ხოლო 240 მლნ ლარი დონორების სესხების ნაწილია, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ისაუბრა, წლების განმავლობაში თუ როგორ იზრდებოდა თბილისის ბიუჯეტი.

„2017 წელს ის იყო, დაახლოებით, 825 მლნ ლარი. მე დავდე პირობა, რომ ჩემი პირველი ვადის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიაღწევდა ერთ მილიარდ ლარს. 2021 წელს უკვე მილიარდ 250 მილიონზე გავიდა საბიუჯეტო ნაწილი, ჩემი მომდევნო პირობა კი გახლავთ, რომ ეს ციფრი მილიარდ 700 მლნ ლარამდე გაიზარდოს.

როგორც ხედავთ, მეორე ვადის პირველივე წელს, ჩვენ ვახერხებთ, რომ მილიარდ 545 მილიონზე დავგეგმოთ თბილისში განსახორციელებელი პროექტები. იმ პირობასაც შევასრულებთ, რომ მილიარდ 700 მლნ-ზეც ავიდეთ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე, რეფორმების, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

რამდენიმე მსხვილ პროექტს გამოვყოფ, რომელიც 2022 წლის განმავლობაში განხორციელდება. ესენია: ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია; მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა; ვაკის პარკის კასკადის და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბანში საქალაქო პარკის მოწყობა, რომლისთვისაც მომდევნო წელს 18 მლნ ლარია გათვალისწინებული. ასევე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, 180-ე საჯარო სკოლასთან მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები. მომდევნო წელს დასრულდება 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. საბოლოოდ, მომდევნო წელს დამატებით, 150 ერთეული ავტობუსი შემოვა. ასევე, დავიწყებთ და დავასრულებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას; განვახორციელებთ მინდელის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლისთვისაც, პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარი გავითვალისწინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,790 ნახვა
%d bloggers like this: