საზოგადოება

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: ელექტროენერგიის გადახდის სპეციალური ვადების დადგენა პენსიონერების თხოვნის საფუძველზე მოხდა

Nusagi

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადახდის სპეციალური ვადები წესდება. მთლიანად იცვლება ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის სისტემა, რის გამოც დეკემბერში მოქალაქეთა ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს. ამ სიახლეებთან დაკავშირებით რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი საუბრობს.

დეკემბერში ბევრი სიახლეა ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის, რამ განაპირობა ეს სიახლეები?

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ჭრილში, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ მიმართულებაზე ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა მოხმარებული ენერგიის აღრიცხვიანობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, კერძოდ „თელასის“ არეალში არის გარკვეული პრობლემები აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით, რაც იქიდან გამომდინარეობს, რომ წლების განმავლობაში მრიცხველების წაკითხვა ე.წ. ბლოკური სისტემით ხდებოდა, თვის სხვადასხვა პერიოდში. აღნიშნული იწვევდა გარკვეულ პრობლემებს, რადგანაც ჩვენ ვერ ვხედავდით ზუსტ მონაცემებს უშუალოდ თვის ჭრილში რა მოცულობის ელექტროენერგია მიეწოდა „თელასის“ ან „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელებს და რა მოცულობის  იყო მოხმარება.

მრიცხველების „ბლოკური“ წაკითხვა პრობლემებს ქმნიდა მოქალაქეებისთვისაც. კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წესებით განსაზღვრული 30 დღის ნაცვლად, მრიცხველის წაკითხვა ხდებოდა 31, 32 ან 33 დღეს და საფასურის დარიცხვაც ხდებოდა ტარიფის მაღალი საფეხურით, რაც რეგულაციის უხეში დარღვევაა. ამასთანავე, არაერთხელ მოგვმართეს პენსიონერებმა გადახდის ვადების ცვლილებაზე, რადგანაც კომპანიები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვდნენ იმაზე ადრე, ვიდრე მათ ერიცხებოდათ პენსია. იყო შემთხვევები, როდესაც მათ გადაუხდელობის გამო თიშავდნენ ქსელიდან. იმის გარდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდნენ, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, უწევდათ დამატებითი თანხის გადახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე.

მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლა, სრულად მოაწესრიგებს აღრიცხვიანობას და აღმოფხვრის ამ პრობლემებს. ახალი სისტემა პრაქტიკაში საკმაოდ ეფექტურია და ცდომილებები მინიმუმამდე დაჰყავს. ახალი სისტემის მიხედვით,  ყველა მრიცხველის წაკითხვა მოხდება ყოველი თვის ბოლო 4 დღეში  და, შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ყველა მომხმარებელი ქვითარს მიიღებს თვის დასაწყისში. დეკემბერი, როგორც გარდამავალი პერიოდი, შედარებით რთული თვეა, რადგანაც მრიცხველის წაკითხვის სისტემის ცვლილებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ გარდამავალი პერიოდი, შესაძლოა, იწვევდეს მომხმარებლებში გარკვეულ უკმაყოფილებას, თუმცა ამ ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იყო ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრა. 

სანამ 2 ქვითარზე ვისაუბრებდეთ, თქვენ ახსენეთ, რომ მოგმართავდნენ პენსიონერები გადახდის ვადების ცვლილებაზე. სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერებს გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 16 რიცხვამდე, ხოლო სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიან ოჯახებს – 22 რიცხვამდე. თუ არის უკვე მიმართვიანობა კომპანიებში საშეღავათო პერიოდებით სარგებლობაზე?

პენსიონერებმა, რა რიცხვშიც არ უნდა მიიღონ ქვითარი, მათ გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 16 რიცხვამდე, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, ასევე პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, გადახდა შეეძლებათ ყოველი თვის 22 რიცხვამდე. საშეღავათო პერიოდი და გადახდის სპეციალური ვადები  მოვარგეთ  ერთ შემთხვევაში პენსიის ჩარიცხვის ბოლო რიცხვს, ხოლო მეორე შემთხვევაში – საარსებო შემწეობის ჩარიცხვის დღეს. ფაქტობრივად, ეს მოთხოვნა ცვლილებების ერთ-ერთი  მთავარი მიზეზი იყო. ამ ცვლილებების გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა გადახდის საშეღავათო ვადების დაწესება. მინდა გითხრათ, რომ კომპანიებში მიმართვიანობა საშეღავათო ვადებით სარგებლობაზე საკმაოდ აქტიურია.

საშეღავათო ვადებით სარგებლობისათვის აუცილებელია, რომ შესაბამისმა პირებმა, კომპანიაში ერთჯერადად წარადგინონ პენსიონერის ან კონკრეტული სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა/მოწმობა. რაც შეეხება ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიებს, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. 

კომისიაში ბევრი კითხვა შემოდის, რომ ამ ცვლილებით ხომ არ უქმდება სუბსიდირებები. რა თქმა უნდა, არ უქმდება. სუბსიდირება ხდება საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით და არ წარმოადგენს სემეკის კომპეტენციას.

რაც შეეხება 2 ქვითარს, დეკემბრის გარდამავალი პერიოდით ხომ არ ისარგებლებენ კომპანიები და ისევ ხომ არ ექნება ადგილი ზედმეტობით დარიცხვებს? თბილისის მოსახლეობას ივლისის გამოცდილება ახსოვს, როდესაც ელექტროენერგიის გაზრდილი თანხები მიიღეს?

კატეგორიულად არიან გაფრთხილებული ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები, რომ არ ჰქონდეთ საქმიანობაში რაიმე ტიპის სისტემური ხარვეზი. ჩვენი ამოცანაა და კომპანიების მიმართ დავალებაა, რომ გარდამავალი პერიოდი მომხმარებელმა გაიაროს უმტკივნეულოდ. ისედაც დისკომფორტია 2 ქვითრის მიღება. როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში მხოლოდ მომხმარებელთა ნაწილი მიიღებს 2 ქვითარს. ეს შეეხება იმ აბონენტებს, რომელთათვისაც  მრიცხველის წაკითხვის ე.წ. ბლოკური სისტემიდან ერთიან სისტემაზე გადასვლით, იცვლება ქვითრის მიღების პერიოდი. 2 ქვითარს არ მიიღებენ ის მომხმარებლები,  რომლებიც აქამდეც ქვითარს თვის დასაწყისში იღებდნენ, ასეთი 150 ათასამდე მომხმარებელია.

დეტალურად რომ ავხსნათ,  მომხმარებლები, რომლებიც არ იღებდნენ ქვითარს თვის დასაწყისში, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში პირველ ქვითარს მიიღებენ არსებული ბლოკური სიტემის მიხედვით, რომელზეც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი, გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით. მომხმარებლები მეორე ქვითარს მიიღებენ დეკემბრის ბოლოს, ახალი აღრიცხვის სისტემით, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის  გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება 2022 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე.  გასათვალისწინებელია ერთი დეტალი, ახალი წლის დღეებიდან გამომდინარე ის მომხმარებლები ვისაც 31 დეკემბერს უნდა მიეღოთ ქვითარი, ნაცვლად 31 დეკემბრისა ქვითარს მიიღებენ 2022 წლის იანვრის დასაწყისში, სადაც ასახული იქნება დეკემბრის მოხმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცვლილების გამო ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.

მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ დაუშვებელია, კომპანიებმა პირობითი ჩვენების საფუძველზე გაიანგარიშონ დარიცხვა. დარიცხვა აუცილებლად უნდა განხორციელდეს მრიცხველიდან აღებული ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად. ასევე, დაუშვებელია მოხმარების დაანგარიშება 30 დღეზე მეტ პერიოდზე, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელზე შემდგომი საფეხურის  ტარიფით საფასურის დარიცხვა. მივმართავ ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ, თუ არ დაეთანხმებიან დარიცხვებს, აუცილებლად მოგვმართონ საკითხის შესასწავლად. სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, ივლისსა და აგვისტოში „თელმიკომ“ და „თელასმა“ მოსახლეობას მილიონ ლარზე მეტი დაუკორექტირეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: