პოლიტიკა

„სულ უფრო ხმამაღლა ისმის საუბარი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და დიპლომატიური შეზღუდვების მოხსნაზე“ – მიხეილ სააკაშვილი

Nusagi

 მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან დასავლურ მანიფესტს ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, გამოგვიცხადეს, რომ დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის აგენტები არიან.

მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ახლახან გამოგვიცხადეს, რომ აღარ არის საჭირო „თავის დახრა“ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და ჩვენ უკეთ ვიცით ჩვენ ქვეყანაში რა ხდება და არავინ უნდა გვასწავლოს ჭკუა; რომ დასავლელი პარტნიორები არაკვალიფიციურ შენიშვნებს გვაძლევენ, ან მიკერძოებულად გვექცევიან, იმიტომ რომ ოპოზიციის აგენტები არიან.

ასე საუბრობენ იმ ქვეყნებში, რომლების ხელისუფლებებმაც გადაწყვიტეს გავიდნენ დასავლური ორბიტიდან და თავისი დიქტატორული მმართველობისთვის კომფორტზონა იპოვონ რუსეთის ორბიტაზე.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის საგარეო მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დღე-დღეზე შეუერთდება 3+3-ის არამხოლოდ უპერსპექტივო, არამედ ძალიან საშიშ ფორმატს. სიმბოლურია, რომ ეს განცხადება პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან გაკეთდა და საგანგაშოა, რომ მას არც ერთი მკაფიო დაგმობა არ მოჰყოლია საქართველოს არც ერთი სახელისუფლებო სტრუქტურის კი არა, აქტორისგანაც კი.

საქართველოს ამ კატასტროფულ ფორმატზე არათუ მკაფიო და ცალსახა უარი არ უთქვამს, არამედ რაღაც მოლაპარაკებებზე და ხალხის გადაწყვეტილებებზე დაიწყო საუბარი. იმ ქართველი ხალხის, რომელმაც მკაფიოდ და ცალსახად თქვა რეფერენდუმზე, რომ მისი ისტორიული არჩევანი დასავლეთისკენაა და მისთვის მზე ჩრდილოეთიდან არასდროს ამოვა.

ამავე დროს, სულ უფრო ხმამაღლა ისმის საუბარი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და დიპლომატიური შეზღუდვების მოხსნაზე. და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, დიდი ხანია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს საქმედ აქცია.

ქართულ სახელმწიფოში ამდენი რუსული სპეცსამსახურის აგენტი არასდროს ყოფილა ინფილტრირებული, იგორ გიორგაძის მინისტრობის შემდეგ. ქართული ტელე და რადიო სივრცე სავსეა რუსული კონტენტით და არა მხოლოდ რუსული, არამედ სამთავრობო არხებიც ღიად არიან დაკავებული რუსული პროპაგანდით.

ლაზიკა და Royal Carribean საკრუიზო ტერმინალი, რომლებიც უნდა ყოფილიყო ჩვენი ფანჯარა ევროპაში, ძირშივე ჩაკლეს. იგივე ბედი ეწია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომლის ავტორებსაც, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამის გამო დევნიან და ასამართლებენ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. სამაგიეროდ, მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს რუსეთში ახალი გზის მშენებლობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ნულოვანი ეკონომიკური დატვირთვა აქვს, რუსეთისთვის კი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ამიტომ, მე, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის იდეის ერთ-ერთმა ინიციატორმა და შემსრულებელმა, გადავწყვიტე ქართულ საზოგადოებას წარმოვუდგინო და მსჯელობის საგნად შევთავაზო ჩემი დასავლური მანიფესტი:

საქართველო იყო ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, დღეს ის საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირთან დაახლოების მოლდოვისა და უკრაინის ტემპებს. ევროკავშირის შეფასებით, ზოგი კრიტერიუმით საქართველოს უკვე სომხეთიც უსწრებს (დემოკრატიისა და არჩევნების ჩატარების ხარისხით).

საქართველოს მიმართ ბრიუსელში ყველაზე ხშირად გაისმის სიტყვები “იმედგაცრუება” და “გადაღლა”, რაც დიპლომატიურ ენაზე რეგრესსა და კურსიდან გადახვევას ნიშნავს. ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც აშკარაა ტემპისა და აქტიურობის შემცირება, ნატოს ორ ახალ წევრთან (მონტენეგროსა და ჩრდ. მაკედონიასთან) შედარებით, საქართველოს ბევრად უფრო ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ნატოსთან, ნატოს სამხედრო ძალებთან თანამშრომლობის განუზომლად უფრო დიდი გამოცდილებით. საქართველო ბევრად უფრო აქტიურად იყო ჩართული ნატოს ოპერაციებში (მაგ. ავღანეთში, ვიდრე ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა). დღეს უკრაინის გაწევრიანების საკითხი უფრო აქტიურად არის განხილვის თემა, ვიდრე საქართველოსი. საქართველო პრაქტიკულად მოხსნილია დღის წესრიგიდან.

აუცილებელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის რეაქტივაცია, განახლება და საქართველოს მხრიდან თამამი, პროაქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ ტენდენციის შებრუნებისთვის.

დღევანდელი ხელისუფლება არათუ ეძებს ამ ნაბიჯებს, არამედ არსებულ მინიმალურ რეკომენდაციებსაც არ ასრულებს და მიღწეული შეთანხმებების ცალმხრივ და ერთპიროვნულ დენონსაციას აკეთებს (სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე მკაფიო უარის თქმა). ბრიუსელში არსებული დღევანდელი სკეპტიციზმი საქართველოს მიმართ არის ქვეყნისთვის დამღუპველი. აუცილებელია გარდატეხის შეტანა და ევროპელებისთვის რეალური დემოკრატიული ცვლილებების დემონსტრირება.

დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებსა და გეოპოლიტიკაში კვლავ ბრუნდება ღირებულებების პრიორიტეტი. ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმები, რუსეთის მეთაურობით, ცდილობენ იდეოლოგიური ფრონტი შექმნან დასავლური ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ და მრავალი ჰიბრიდული მეთოდით (დეზინფორმაციით, კორუფციით, პოლიტიკური კლასის მოსყიდვით, ეთნიკური და რელიგიური ქსელების გამოყენებით) ძირი გამოუთხარონ თავისუფალი სამყაროს პოლიტიკურ სისტემებს. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მათ ეს გამოსდიოდათ კიდეც. მათ შორის, საქართველოშიც.

საბედნიეროდ, დასავლეთი უკვე რეალისტურად აფასებს ამ საფრთხეს და ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს დემოკრატიულ რეჟიმებს შორის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ალიანსის შექმნით: AUKUS ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, NATO-ს გაძლიერებით ევროპაში და აშშ პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის “სამიტი დემოკრატიისთვის” ინიციატივით.

ასეთ პირობებში დამღუპველია ორჭოფობა ან იმის იმედზე ყოფნა, რომ ამ დიდ დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყანა ნეიტრალური დარჩება, ან სულაც გამარჯვებულის მხარეს გადაიხრება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება გამარჯვებული. ეს სტრატეგია არის მცდარი, რადგან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავისუფალი სამყაროსა და დემოკრატიის გამარჯვება. ავტორიტარიზმის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გაქრება, რადგან ჩვენს მსგავს მცირე ქვეყნებს არსებობის გარანტია მხოლოდ დემოკრატიულ და ლიბერალურ საერთაშორისო წყობაში აქვს.

დღეს, როგორც არასდროს, ერთმანეთთან მჭიდრო და ურყევ კავშირშია შიდა და საგარეო პოლიტიკური თემები. დემოკრატიული რეფორმები, კერძოდ კანონის უზენაესობა (პირველ რიგში თავისუფალი სასამართლო), სამართლიანი არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ყველას თანასწორობა დემოკრატიის აუცილებელი და მთავარი წინაპირობაა.

უმრავლესობის მიერ უმცირესობის უფლებების პატივისცემა და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის მიცემა და არა მათ წინააღმდეგ უმრავლესობის დაგეშვა წინასაარჩევნო ქულების დასაწერად. ნებისმიერი ტიპის უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლა არათუ “ქართული ოცნების” მიერ წახალისებულია, არამედ საკუთრივ მათი მოქმედების შედეგია და მწყობრად ჩამოყალიბებული პიარ სტრატეგია და ქვეყნის მართვის სტილია. ევროპა ვერასდროს დაიბრუნებს საკუთარ წიაღში ამგვარ საქართველოს, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა ამგვარი, მისგან ქმნიან ქსენოფობების ქვეყანას, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახში არ უნდა იყოს.

ქვეყანაში სრულიად გაუქმებულია დემოკრატიული არჩევნები. შორს არ წავალ, ბოლო არჩევნებზე ხუთი უმსხვილესი ქალაქი, მერიც და საკრებულოებიც, მოიგო ოპოზიციამ. რა ვითარება გვაქვს დღეს – სრულიად საპირისპირო. ამ გზაზე ამომრჩეველი გაატარეს დაშინების, მოსყიდვის, პირადობების წართმევის, ზიზღის ჯოჯოხეთში. ესეც არ იკმარეს და არჩევნების შედეგები გადაწერეს. არც ეს იკმარეს და მაინც წაგებულ საკრებულოებში დაიწყეს ოპოზიციური წევრების გადაბირება შანტაჟით, მუქარით, ძალადობით. ერთი-ერთი ჩვენი პარტიის წევრი, რომელიც არ დაემორჩილა ამ ზეწოლას, საბოლოოდ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება არის სიმბოლო ქართული არჩევნების და თვითმმართველობის პრინციპის გარდაცვალების.

აუცილებელია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ზიზღის თესვა და ტირაჟირება, მათი განადგურების მოთხოვნა და მოწოდებები შეწყდეს. სხვაგვარად პოლიტიკური გარემო ვერასდროს გაჯანსაღდება, მეტიც, საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს სიმშვიდე და წესრიგი. ამ პირობების გარეშე, რომლებიც უკვე ასახულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაშიც, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი საფრთხე ემუქრება. ის უბრალოდ შეწყდება და ისტორიას ჩაჰბარდება.

აუცილებელია გაუმჯობესდეს ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის უანგარო მოკავშირეებთან – ბალტიის ქვეყნებთან და ე.წ. ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფთან. ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს დღევანდელი დამოკიდებულება არის ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო. მათი მეგობრული კრიტიკის საპასუხოდ აგრესიული და ხშირად შეურაცხმყოფელი რიტორიკა, მხოლოდ აფერხებს ჩვენს დასავლეთთან დაახლოებას, რადგან ეს ქვეყნები არიან და ყოველთვის იყვნენ ჩვენი ინტერესების ყველაზე აქტიური დამცველები და მთავარი ელჩები ევროკავშირში და, ზოგადად, თავისუფალ დასავლურ სამყაროში.

აუცილებელია ევროკავშირის მთავარ დედაქალაქებთან: ბერლინთან, პარიზთან, რომთან და ა.შ. მუდმივი დიალოგი და საერთო ნიადაგის გამონახვის მცდელობა. მათი დარწმუნება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაში მთლიანად კონტინენტის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის, ისევე როგორც ქართველი ხალხისთვის ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის.

შეთანხმებული და სინქრონიზირებული სტრატეგიის ქონა ევროკავშირთან ასოცირებულ დანარჩენ ორ ქვეყანასთან: უკრაინასთან და მოლდოვასთან. რეგულარული ფორმატის შექმნა მათთან და ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი რეგიონის ინტეგრაციის ზემოთ ხსენებულ ლობისტ ქვეყნებთან ერთად.

საგარეო ვაჭრობის კუთხით ევროკავშირის წილის გაზრდის მცდელობა. საქართველო სრულად არ/ვერ იყენებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გაჩენილ შესაძლებლობებს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მოლდოვასა (60%) და უკრაინასთან (45%) შედარებით, საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის წილი შესამჩნევად დაბალია (25%). უფრო ნიშანდობლივია, რომ ეს წილი თითქმის არ გაზრდილა ღრმა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. სამაგიეროდ, ქვეყანა ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა რუსულ ბაზარზე, რაც პოლიტიკურ ორიენტაციაზეც აისახება და პირიქით, პოლიტიკური ორიენტაცია განაპირობებს ევროპის ბაზრების წილის შემცირებას და რუსეთის წილის ზრდას. ეს არის ქართველი ხალხისთვის სტრატეგიულად დამანგრეველი და ეკონომიკურად ღრმად წაგებიანი ნაბიჯი.

დარწმუნებული ვარ, სრულიად შეგნებულად გადადგმული. პარალელურად მიმდინარე პროპაგანდა, რომ ჩვენ ყველაზე სასურველი გასაღების ბაზარი რუსეთია და ევროპას ჩვენი წარმოება არ სჭირდება, რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

მცდარია და ნიჰილიზმის შეგნებული დათესვაა იმ აზრის კულტივირება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება არ უწერია. გეოპოლიტიკური სიტუაციები მძაფრად იცვლება და ისტორიამ იცის მრავალი შემთხვევა, როდესაც სერიოზული ძვრები უმოკლეს ვადებში მომხდარა. უახლოეს ისტორიაშიც ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ამიტომ, საქართველო უნდა იყოს მაქსიმალურად მზად ამ მომენტისთვის, მეტიც, თვითონაც მიიღოს დაუღალავი და თანმიმდევრული ზომები ამ მომენტის მოსაახლოვებლად.

სანამ პოლიტიკურად ხელსაყრელი მომენტი დამდგარა, აუცილებელია ნატოსთან ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავება და ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდა. ფაქტობრივი მზადყოფნა, იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში მოხერხდეს ნატოში გაწევრიანების ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა.

აუცილებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების უკეთ აღჭურვა და მომზადება. მათი მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში. ამისათვის აუცილებელია ამ კუთხით ბიუჯეტის გაზრდა. დღეს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 1,7 პროცენტია (უკრაინაში თითქმის 4 პროცენტი), რაც ნატოს სტანდარტებზე დაბალია (2%) და ეს ბიუჯეტიც ძირითადად სახელფასო ხარჯებია, და არა ინფრასტრუქტურის გაძლიერების, წვრთნისა და აღჭურვის.

ალიანსის მიერ საქართველოს ნატოში გაერთიანების პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე აუცილებელია ორმხრივმა ურთიერთობებმა იმ ნიშნულს მიაღწიონ, რომ ეს რუსეთისთვის მაქსიმალურად შემაკავებელ ფაქტორად იქცეს. პარტნიორული ურთიერთობები იმდენად უნდა გაღრმავდეს, რომ თითქმის პერმანენტულად ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ფორმატსა და სხვადასხვა ფორმით იმყოფებოდეს ნატოს სამხედრო კომპონენტი. საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო, სწავლებების, ქვეყნების თუ ლოგისტიკის კუთხით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და მოკლევადიანი ამოცანა უნდა გახდეს ინტერმარიუმის, ანუ ე.წ. სამი ზღვის ინიციატივის – ბალტიის ზღვის, ადრიატიკის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნების ფორმატში ჩვენი გააზრება. მართალია, ეს ფორმატი აღნიშნული სამი ზღვის აუზის მხოლოდ ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას აერთიანებს, მაგრამ ეს გეოპოლიტიკური ალიანსი იმდენად სწრაფად ძლიერდება, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ასევე ბიზნესთანამშრომლობის, ინფრასტრუქტურის, ინვესტირების, ვაჭრობის, ენერგო და ციფრული უსაფრთხოების მიმართულებებით, რომ ძალიან მალე ჩვენთვის შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი პარტნიორი.

შავ ზღვაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მისი არნახული მილიტარიზაციის შემდეგ, მთლიანად რეგიონი და დასავლეთიც სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სურვილით სრული დომინაცია მოიპოვოს შავ ზღვაზე. შესაბამისად, ინტერმარიუმი უმნიშვნელოვანეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ აქტორად და მოქნილ და ეფექტიან პლატფორმად ყალიბდება, პირველ რიგში, რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციების დასაცხრომად და მისი შემდგომი ექსპანსიის შესაჩერებლად.

ჩვენ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფის შესაჩერებლად. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ საფუძვლებს, საიდანაც ოდესღაც ძალით ამოგვგლიჯეს. ეს არის ჩვენი ერის ისტორიული მისია და ეს არის ჩვენი ვალი ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,184,545 ნახვა
%d bloggers like this: