საზოგადოება

„მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან“ – ნიკა მელია გიორგი არველაძეს

Nusagi

„ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი არველაძის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ყაზახეთში განვითარებული პროტესტის შემდეგ მთავრობის გადადგომაზეა საუბარი.

„თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან. მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო.

ეს რომ გაუგიათ დაპანიკებულან მთავრობაში. დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო. განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო. ეს ამბავი სანდო წყარომ გამომიტანა შიგნიდან, მაგრამ მართალია თუ არა არ ვიცი“, –  დაწერა გიორგი არველაძემ „ფეისბუკზე“. 

აღნიშნულ სტატუსს ნიკა მელია ეხმაურება და გიორგი არველაძეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ვახ შენ რა კაცი ხარ. უბრალოდ ძალას სად პოულობ, როცა ასეთ პოსტებს წერ. ბუზი არ გაგიქშევია ეს წლებია, თითი, თითზე არ დაგიდვია და როგორ ახერხებ ამ ყველაფერს – საღოლ. ვინმეს თუ ეკუთვნის ახლა საქართველოში ყოფნა – ეს შენ ხარ. მიშა ციხეში ზის და უბრალოდ გეკუთვნის აქ ყოფნა, აი, პირადი ვალდებულება გაქვს მაგ კაცთან. მეგობრულიც და კოლეგიალურიც.

არც ბიძინას პროკურატურა გდევნის და არც ძებნაა გამოცხადებული – ადექი და ჩამოდი და იაქტიურე, მხოლოდ გაგვახარებ. ყველა ის მონაცემი გაქვს, რაც ოპოზიციონერს სჭირდება – უბრალოდ ჩამოდი. ან თუ არ იაქტიურებ, ჯასთ, ჩამოდი და აქაურ კლუბებში და რესტორნებში იარე და აქედან დაპოსტე, ასეთ შემთხვევაში მივიღებ შენს კრიტიკას.

მოკლედ, კრიტიკის მოსმენა ყველას მხრიდან შეიძლება და აი, შენი მხრიდან არა, ძმაო – სანამ მანდ ხარ, სადაც ხარ (ახლა მგონი დუბაიში ხარ) შენ უნდა დუმდე და პეპლებზე და კაქტუსებზე წერდე! ძალიან ბევრი სამართლიანი მიზეზი არსებობს, რომ ასე მოიქცე.. არ გეწყინოს…”, – აღნიშნავს ნიკა მელია.

გიორგი არველაძის თქმით, საქართველოში იმყოფება და ნიკა მელიას ახსენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მის არჩევას უჭერდა მხარს. 

„საქართველოში ვარ და მიიღე კრიტიკა. და ამჯერად შენ არ გეწყინოს. აქტიურობას რას ეძახი? საშიმშილოდ დავჯდე მეც თუ რამე სხვაც არის დაგეგმილი? კლუბებში და რესტორნებში სიარულის არც ხალისი მაქვს და არც ინტერესი.

სანამ საქართველოში არ ვიყავი, ბევრი მართლა არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თითი თითზე ნაღდად დამიდვია – აი შენ რომ მოგეცი ხმა პარტიის თავმჯდომერედ მაშინ… და ყველას რომ ვარწმუნებდი, ახლა ბრძოლის დროა და მელია მგონია ყველაზე მებრძოლი-მეთქი. პეპლებზე და კაქტუსებზე არ ვიცი რატო უნდა ვწერდე, მაგრამ თუ რჩევაა, მეც შემიძლია გირჩიო რას უნდა აკეთებდე იმის ნაცვლად, რასაც აკეთებ. მაგრამ არც ამ რჩევას ექნება აზრი, და სიმართლე გითხრა, არც ჩემ პოსტებზე ამ კომენტარების წერას აქვს ფასი.

მარტო იმას რომ მიწერ, ჩამოდი, ჩამოდიო. ჩამოსული ვარ. ანუ შენი ლოგიკით სრული უფლება მაქვს, ვთქვა, რას ვფიქრობ, რას ვამართლებ და რას არა. ამიტომ ამიერიდან შეგიძლია უბრალოდ წაიკითხო ხოლმე ჩემი აზრები და მიიღო კრიტიკა ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივრისგან და ჩემს ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე აღარ ინერვიულო ასე. ისე ამის უფლება ყველას აქვს, აქ მყოფსაც და აქ არ მყოფსაც. მე არც პოლიტიკაში ყოფნას ვაპირებ და არც ლიდერობაზე მაქვს პრეტენზია. უბრალო ქართველი ვარ და ჩემს პოზიციას სადაც მინდა იქ დავაფიქსირებ.

ჯამში არავისზე ნაკლებად არ მიშრომია ამ ქვეყნის წინსვლისთვის და სულ რომ მთვარეზე ვცხოვრობდე, არავის, არც შენ, არ აქვს უფლება ამიკრძალოს აზრის გამოთქმა. რჩევები ადრეც მომიცია შენთვის და ახლაც გირჩევ, რომ ამიერიდან თუ რამე გექნება სათქმელი, საჯარო კომენტარების ნაცვლად პირადში მაინც მომწერე. პოსტების კომენტირება არ უხდება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს“, – აცხადებს გიორგი არველაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,187,035 ნახვა
%d bloggers like this: