პოსტები სოციალური ქსელიდან

ვინც არ უნდა დავკარგოთ, მაინც ისევ შევერთდებით იქ, სადაც ტკივილი აღარ იქნება-ლევან ვასაძე

Nusagi

“ჩემი საზოგადოებრივი გააქტიურება მამას ძალიან ადარდებდა, თუმცა, ესმოდა, რომ რასაც ვაკეთებდი, გულით ვაკეთებდი და ბოლომდე მიამიტურად მჯეროდა, რომ პრაქტიკულ პოლიტიკას თავიდან ავიცილებდი.ბუნებრივია, ჩემი პოლიტიკაში შესვლის წინააღმდეგი იყო, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის ყველა წევრი, თუმცა, რას იფიქრებდა, რა სიჩქარით განვითარდებოდა მოვლენები. ერთხელ სიყვარულით მითხრა, მამა, შენგან რა ქვეყნის მმართველი გამოვა, ბავშვობიდან გიცნობ, შენი გულის კაცი კაცს საციხოდ ვერასოდეს გაწირავო… და სადღაც მართალიც იყო.როდესაც ბოლოს ვნახე, გურიაში და ქობულეთში მივდიოდი მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, დალოცვა ვთხოვე და, პატრიარქის კურთხევისამებრ, ხელზე ვემთხვიე – რას წარმოვიდგენდი, რომ ეს უკანასკნელად იყო.როდესაც ეს ჭირი დამეტაკა და ვითარებაში გარკვევა დავიწყეთ, დედაჩემმა მითხრა ტელეფონით, ყველაზე უფრო მამაა ცოდვა, სულ კუდში დამყვება და თვალებში მიყურებსო.მე ვამხნევებდი, როგორც შემეძლო, უკვე თურქეთიდან და მერე მოსკოვიდან ვიდეო ზარების დროს, ორივე ერთნაირად ვიქცეოდით, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით, მე ვხედავდი მისი მდგომარეობის გაუარესებას და ვამბობდი, მე მაგრად ვარ, მთავარია შენ როგორ ხარ-მეთქი.მისმა ორგანიზმმა ვერ აიტანა ამდენი ნერვიულობა, ჯერ თირკმელები გაეთიშა, გვეგონა, გულის შუნტები ჩაეშალა, მაგრამ, თურმე, გადავრჩით, მერე დიალიზზე გადაიყვანეს, მერე ხელოვნურ კომაში, მერე კოვიდი აკიდეს და მერე მიიცვალა.

იმ ღამეს, ნინოს მოსკოვში აუხსნელი ტირილი აუვარდა, მერე გავიგეთ, მაგ დროს გარდაცვლილა. ოთხშაბათი დილა გათენდა, მე, ცოცხალ-მკვდარი, სკაფანდრს ვიცვამდი და მორიგ ქიმიაზე წასასვლელად ვემზადებოდი. ნინო შემოვიდა სახეცვლილი, შიოზე ცუდი სიზმარი ვნახეო. დარეკე-მეთქი. ხატებთან გავედი და ლოცვა დავიწყე. ლოცვისას გამოვხედე მოახლოებულ ნინოს, მან თავი დამიქნია, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მე ქიმიაზე წავედი. ექიმებს ვუთხარი, არაფერი მაინტერესებს, დამარჭეთ იმუნიტეტის ამწევი ნემსები, გასვენებაში მივიდივარ-მეთქი. რა ექნათ?!

გამიკეთეს იმუნოგლობულინი და კოვიდის მეორე აცრა და ჩამოუშვეს ცხვირები. მერე შემრცხვა ჩემი ეს სიჯიუტე და მოძღვარს დავურეკე ბოდიშებით. რას მეტყოდა, უბრალოდ მთხოვა, მაინც ექიმებს დაეკითხე და ისე ქენი, ხომ ვიცი შენი ხასიათის ამბავიო. ექიმები რაღას ამიკრძალავდნენ აწი და ასე ავილესე წამოსასვლელად. ამასობაში, დედას გაუგია საიდანღაც, რომ ჩავდივარ და დამირეკა. სამძიმრის გარდა, ერთი საათი მშვიდად ვსაუბრობდით და დედაჩემის ხმაში ის ლითონი ისმოდა სულ უფრო, რომელიც მე სწორედ მისგან გამომყვა და არა მამისგან. მომიწია დამორჩილება და წასვლაზე უარის თქმა.შევეგუე თუ არა ამ უბედურებას, სრულიად დავიშალე. ეს ნების დათრგუნვა იყო, თუ დამატებითი ნემსების ქიმიური რეაქცია ჩემს ისედაც გაწამებულ ორგანიზმთან, თუ ორივე ერთად, არ ვიცი. დეტალებს არ აღვწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემი სხეული შემცირდა მძგერ, სულის მღაფავ, შეურაცხყოფილ ხორცის ნაგლეჯად, რომლის იქითაც არაფერი აღარ რჩება. რა არის კედლებზე სიარული, მაშინ გავიგე, რა არის სულიერი ნების დაკარგვა, მაშინ ვნახე. მას მერე ასე ვარ – ხან ცოტა უკეთ, ხან ცოტა უარესად. ამასობაში დამთავრდა 24 ქიმიის ექვსთვიანი კურსი და რა მიქნა მან და რა მელის წინ – სამ კვირაში მეცოდინება, რადგან ერთ კვირაში ანალიზები უნდა ამიღონ. შხამების გამოსვლა და ტკივილების გავლა ხდება თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვი, ადრეა. ყველა ჩემი მცდელობა დღე-ღამეში ორიოდე საათი მოვნახო, რომ ადამიანს ვგავდე, ყოველ ჯერზე კლდეზე იმსხვრევა: ზუმით მხარდამჭერებთან საუბრებიც, ტანვარჯიშის მცდელობებიც, ახალი უცხო ენის სწავლაც, კითხვაც.

მხოლოდ ლოცვაში ვნუგეშობ, ოღონდ, ისიც ხან მოკრუნჩხული სავარძელზე და ხან მხოლოდ ჩემი სიტყვებით, ნაცვლად წესის შესრულებისა. და ამ უკუნეთში მინათებს მამის სახე და უტყუარი ცოდნა იმისა, რომ არსებობს მარადიული საქართველო, რომლის შვილობაც მასწავლა მან, რომლის წიაღშიც არის ის, რომლისკენაც მიფრინავს ჩემი სული და როგორც მაგ მარადიული საქართველოს პატრონს უნდა, ისე ყოფილიყოს ჩემი ცხოვრების ყოველი დღე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.P.S. თუ შევძლებ, და როგორც შევძლებ, ამასაც გავაგრძელებ ხოლმე, უბრალოდ, ეს ხმა მინდოდა მომეწვდინა თქვენთვის აქედან, ეს სახარებელი ამბავი: არ არსებობს ტკივილი, რომლის მიღმაც არ იდგეს უფრო დიდი შვება მომდინარე უფლისაგან, არ არსებობს არავითარი სიმარტოვე, ჩვენ ყველანი, ვისაც ეს გვსურს, მაინც ერთად ვართ მარადიული საქართველოს წიაღში, და როგორც არ უნდა გვეტკინოს და ვინც არ უნდა დავკარგოთ, მაინც ისევ შევერთდებით იქ, სადაც ტკივილი აღარ იქნება. და თუ ეს გვესმის, იქნებ, სანამ აქ ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აქაურობაც დავამგვანოთ იქაურობას: მისი დალაგებით, ერთმანეთზე ზრუნვით, საკუთარი სურვილების უარყოფით და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვით, ვისაც რამდენი არ გვენანება, ვისაც რამდენი შეგვიძლია.”©

ლევან ვასაძე🗓 13.01.2022″-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლევან ვასაძე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 4,174,545 ნახვა
%d bloggers like this: