სამართალი

რუსუდან კიკნაძის შვილის, ნიკოლოზ ხარაბაძის მკვლელობის დეტალები

Nusagi

ლოს-ანჯელესში 76 წლის ასაკში მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა.  ულამაზესი ქართველი ქალის გარდაცვალებამ საქართველოში ყველას გაახსენა მის თავს გადახდენილი უმძიმესი ტრაგედია – 30 წლის შვილის, ნიკუშა ხარაბაძის (ხარება) მოტაცება და მკვლელობა. 

აშშ-ში გახმაურებულ დანაშაულს, რომელიც ე.წ. რუსულ მაფიოზურ დაჯგუფებას ეხებოდა, ერთ რანგში აყენებენ ჩარლზ მენსონის „ოჯახის“ საქმესთან. ნიკოლოზ ხარაბაძის სასტიკი მკვლელობის შესახებ აშშ-ში ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული და შესულია კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოში. თუმცა ქართულ პრესაში, აღნიშნული საქმის დეტალებზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

საქმე ეხება რამდენიმე ადამიანს, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ისინი გამოსასყიდის მიზნით იტაცებდნენ თავიანთ ყოფილ თანამემამულეებს და ფულის აღების მიუხედავად, მაინც კლავდნენ. სწორედ მათი მსხვერპლი გახდა ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ ცნობილი კინოპროდიუსერი ნიკოლოზ (ხარება) ხარაბაძე.

2007 წელს ბანდის ლიდერებს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. 2018 წელს აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. რუსულენოვანი ორი ემიგრანტი, რომელიც მსჯავრდებულია 2001-2002 წლებში ადამიანების მოტაცებასა და მკვლელობებისთვის, კვლავ სიკვდილმისჯილად ითვლება. 

გამოძიების მონაცემებით, 2001-2002 წლებში მათ ჩამოაყალიბეს ბანდა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ჩასულ, შეძლებულ ემიგრანტებს იტაცებდა და კლავდა. შემდეგ კი, მათი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვდა. ბანდის წევრებმა ამ გზით 1,2 მილიონი დოლარი დააგროვეს. 

მოტაცებულებს ცელოფნის პარკით ახრჩობდნენ, ცხედრებს კი, ნიუ მელოუნსის წყალსაცავში ყრიდნენ.

ექსპერტებმა დაადგინეს გარდაცვლილების ვინაობა. ისინი აღმოჩნდნენ გიორგი საფიევი, ალექსანდრ უმანსკი, მეიერ მუსკატელი, ნიკოლოზ ხარაბაძე და რიტა პეკლერი. გამომძიებლების ინფორმაციით, დამნაშავეები ანალოგიურ მკვლელობებს სხვა შტატებშიც გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მოახერხა. 

ბანდის მეთაურები იყვნენ 1966 წელს დაბადებული ლიეტუველი იურიუს კადამოვასი და 1965 წელს დაბადებული პეტერბურგელი იური მიხალი. 2007 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ისინი დამნაშავედ ცნეს. ბანდის დანარჩენმა წევრებმა, რომლებიც ასევე ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეები იყვნენ, სხვადასხვა სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და გამოძიებასთან თანამშრომლობის აქტიურობის მიხედვით მიიღეს.  

რეზონანსული გამოძიება 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ხელოვნურ ტბაში მეთევზეებმა ნაპირიდან 20 მეტრში ასაკიანი მამაკაცის ცხედარი შენიშნეს, რომელსაც ხელები შეკრული ჰქონდა, თავზე კი- პლასტიკატის პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული. პოლიციამ დაადგინა, რომ უცნობი წყალში გადაგდებამდე გაგუდეს. მას ფეხზე შრამი ჰქონდა, რომელიც მიმაგრებულმა სიმძიმემ დაუტოვა. როგორც ჩანს, სიმძიმე არ იყო კარგად დამაგრებული და ცხედარი ამოტივტივდა .

მეიერ მუსკატელი

მამაკაცს საბუთები არ ჰქონდა, თუმცა ვინაობა მალე დაადგინეს. ის ერთი კვირის წინ დაკარგული წარმატებული დეველოპერი მეიერ მუსკატელი აღმოჩნდა, რომელიც კერძო სახლების რესტავრაციით და ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. მუსკატელი სსრკ-დან ჩასული 58 წლის ლეგალური მიგრანტი იყო. გამოძიების დროს დაფიქსირდა, რომ მისი დაკარგვიდან ცხედრის პოვნამდე მუსკატელის ანგარიშიდან ვიღაც მსხვილი თანხის მოხსნას ცდილობდა, თუმცა ბანკს ეს საეჭვოდ მოეჩვენა და ბარათი დაბლოკა. გამოძიების თანახმად, მამაკაცის მოკვლის შემდეგ ბანდიტები ცდილობდნენ მუსკატელის მეუღლისგან გამოსასყიდის მიღებას და მეუღლის გათავისუფლებას პირდებოდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა ქმრის ანგარიშიდან თანხის მოხსნა ვერ შეძლო. 

დამნაშავეებმა ახალი მსხვერპლის ძებნა დაიწყეს. მათი მიზანი არ იყო ყოფითი პრობლემების მოგვარება,, რადგან მიხალი და კადამოვისი ხელმოკლედ ისედაც არ ცხოვრობდნენ. მათ კარგი სახლები ჰქონდათ, ძვირფასი ავტომობილები. მათი მიზანი იყო სერიოზული თანხის შეგროვება გრძელვადიანი პერესპექტივისთვის. 

2001 წლის შემოდგომაზე მიხალისა და კადამოვასის თვალთახედვის არეში მოექცა მოსკოვიდან ახალი ჩასული ბიზნესმენი გიორგი საფიევი, რომელმაც კალიფორნიაში საპროდიუსერო კომპანია Matador Media დააფუძნა და კინოხელოვნებაში სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავდა. აშშ-ში ჩასვლისთანავე საფიევმა 2,5 მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა და ჰოლივუდის ელიტურ წრეებში მოძრაობდა. 

რიტა პეკლერი

2001 წლის 5 დეკემბერს ოფისში არ მივიდა საბუღალტრო კომპანიის მფლობელი , ასევე რუსეთიდან ემიგრირებული ოჯახის ქალიშვილი რიტა პეკლერი, რომელიც საფიევის კომპანიას უწევდა ბუღალტრულ მომსახურებას. მას შემდეგ ის ახლობლებს ცოცხალი აღარ უნახავთ. მოგვიინებით გაირკვა, რომ ბანდიტებმა ის მხოლოდ იმიტომ მოიტაცეს, რომ საფიევი მიეტყუებინათ. 37 წლის რიტა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგების კონსულტაციის მიზეზით კადამოვასის სახლში შეიტყუეს და იარაღის მუქარით აიძულეს, საფიევისთვის დაერეკა და ეთხოვა, შესახვედრად გამოსულიყო. მას შეჰპირდნენ, რომ არ მოკლავდნენ , მხოლოდ დიმედროლით გააბრუებდნენ და სასტუმროს ნომერში დატოვებდნენ. ქალმა მომტაცებლებს უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და დიმედროლი ნაყოფს ავნებდა, თუმცა ის დაამშვიდეს და საბოლოოდ, რიტამ საფიევს დაურეკა. სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო შესახვედრად. საფიევი არ დათანხმდა და უთხრა, რომ დაკავებული იყო, რადგან მალე რუსეთში მიფრინავდა. გამტაცებლებმა გადაწყვიტეს, რომ რიტა აღარ სჭირდებოდათ, დიმედროლით გათიშეს, გაგუდეს და იგივე წყალსაცავში ჩაძირეს, სადაც მეიერ მუსკატელი.

ალექსანდრ უმანსკი 

13 დეკემბერს ბანდის ერთ-ერთი წევრის, კიეველი პეტრო კრილოვის ყოფილი დამსაქმებელი, 36 წლის ბიზნესმენი ალექსანდრ უმანსკი ბანდის მეთაურის, კადამოვისის სახლში მიიტყუეს. უმანსკი ოდესიდან ჩასული ემიგრანტი იყო. მისი კომპანია ძვრადღირებულ ავტომობილებს სტერეოსისტემებს და სიგნალიზაციას უყენებდა და ძირითადად, ჰოლივუდის კონტინგენტს ემსახურებოდა. იმ პერიოდისთვის ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი იყო. კრილოვი მასთან რამდენიმე წელი მუშაობდა, შემდეგ კი, უმანსკიმ  სამსახურიდან გააგდო. სწორედ კრილოვის ინიციატივა იყო უმანსკის მოტაცება, რაც ბანდიტებმა წარმატებით განახორციელეს. ის ძვირადღირებული ავტომანქანისთვის ელექტროსისტემის გამოსაცვლელად კადამოვასის სახლში მიიყვანეს, სადაც მას საფეთქელზე პისტოლეტი, ხელებზე კი ბორკილები დაადეს. 

დილით უმანსკის მამას ოფისში ფაქსით მიღებული შეტყობინება დახვდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბანკ Standard Chartered-ის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა უცნაური, არამრგვალი თანხა 234 268 დოლარი, დუბაის ფილიალში გადასარიცხად. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ფაქსი რუსეთიდან იყო გაგზავნილი. 3 დღის განმავლობაში უმანსკი ძმას ურეკავდა და სთხოვდა, გადარიცხვები გაეკონტროლებინა, ამასთან სამართალდამცველებისთვის არ მიემართა. ბანდის წევრებმა ამასობაში უმანსკის ბარათის კოდი მიიღეს და ბანკომატიდან თანხა მოხსნეს. 17 დეკემბერს უმანსკი ძმას უკანასკნელად ესაუბრა და დუბაიში თანხის გადარიცხვა სთხოვა. ოჯახმა FBI-ს მიმართა, სადაც ურჩიეს, რომ თანხის მხოლოდ ნაწილი გადაერიცხათ. რადგან ეს იქნებოდა გარანტია, რომ მძევალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანხის სრულ გადარიცხვამდე  არ მოკლავდნენ. 27 დეკემბერს უმანსკის ოჯახს გამტაცებლებმა დარჩენილი თანხა მოსთხოვეს და უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს ვეღარ ნახავდნენ. ოჯახმა თანხა გადარიცხა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძევალი 7 დღის წინ უკვე მოკლული იყო, მისი ცხედარი კი, იგივე წყალსაცავში ეგდო.

დუბაიში თანხების გადარიცხვის შემდეგ გამოძიება გააქტიურდა და FBI- ს აგენტები ემირატებში გაემგზავრნენ. დუბაიში დააკავეს ბარნაულის მკვიდრი ვინმე ლიაპინი, რომელმაც უმანსკის ოჯახის მიერ ჩარიცხული თანხა გაიტანა და ასევე ბარნაულელ მეგობარ აფონინს გადასცა. სწორედ აფონინის სახლში ჩხრეკისას, სხვადასხვა საბუთებში მიაგნეს კალიფორნიაში არსებული კომპანიის კვალს, რომლის დამფუძნებლებად დაფიქსირებული იყვნენ მიხელი და კადამოვასი. 

იური მიხელი და იურიუს კადამოვასი.

ისინი არ იყვნენ ღარიბები. 2000 წელს მიხელმა ენსინოში ორი ბინა იყიდა 430 ათას დოლარად. კადამოვასის საკუთრებაში კი, მეზობლად მდებარე 714 000 დოლარად ნაყიდი სახლი იყო. The Los Angeles Times-თან ინტერვიუში მათი კომპანიის, Designed Water World-ის მეზობლად მდებარე მაღაზიების თანამშრომლები კომპანიის მფლობელებს „ახალ რუსებს“ უწოდებდნენ, რომლებიც უძვირესი ავტომობილებით მოძრაობდნენ და სახიფათო კავშირები ჰქონდათ. კომპანიაში ხშირად სტუმრობდნენ „მკაცრი სახის რუსები“.

თავად ბანდის ერთ-ერთ ლიდერ იური მიხელს, რომელიც მაშინ 36 წლის იყო, კრიმინალური წარსული ჰქონდა. ის პეტერბურგში 90-იან წლებში ბარნაულიდან გადასახლდა და ადგილობრივ ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებაში შედიოდა. 1993 წელს რუსეთის ფედერაციამ მასზე ძებნა გამოაცხადა, თუმცა მიხელმა აშშ-ში გამგზავრება მოასწრო და ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო. 

2003 წელს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ კადამოვასისა და მიხელისთვს ეს მკვლელობები პირველი არ იყო. მათ თურქეთსა კვიპროსში მინიმუმ 2 ადამიანის მკვლელობა ჰქონდათ ჩადენილი. კრიმინალური დუეტი მკვლელობების სერიის გაგრძელებას და ამ მიზნით სხვა შტატებში„გასტროლებს“ გეგმავდა. კერძოდ, სამთო სათხილამურო კურორტ ასპენსა და იახტების შოუზე ფლორიდაში. 

ნიკოლოზ ხარაბაძე და გიორგი საფიევი

ნიკოლოზ ხარაბაძე ს გიროგი საფიევი

საფიევის შესახებ ინფორმაცია მიხელმა და კადამოვასმა სავარაუდოდ, რუსეთიდან მიიღეს. ახალგაზრდა ბიზნესმენს სამშობლოში ფულის გათეთრებისა და საბანკო მაქინაციების რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან აკავშირებდნენ. რის გამოც მან რუსეთი დატოვა და აშშ-ში ახალი ცხოვრების დასაწყებად დასახლდა. 

ლოს ანჯელესში ის დაუახლოვდა ქართველი მსახიობების გოგი ხარაბაძისა და რუსუდან კიკნაძის შვილს ნიკოლოზ ხარაბაძეს (ხარება). ის აშშ-ში დედასთან ერთად 17 წლის ასაკში გაემგზავრა. დაამთავრა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი, მიიღო ხმის ოპერატორის სპეციალობა და ჰოლივუდში კარგი კავშირები ჰქონდა. ურთიერთობაში ძალიან მსუბუქი და საიმედო, ის ჰოლივუდის ვარსკვლავებთან მეგობრობდა. მოსკოვში ჩაიყვანა დოლფ ლუნდგრენი და ჯონ მალკოვიჩი.

ხარებას ჰოლივუდური კავშირები საფიევმა სათანადოდ შეაფასა და თავის ახლად შექმნილ სტუდიაში მიიწვია პარტნიორად. პირველი პროექტი უნდა ყოფილიყო ბელიაევის  ნაწარმოების, „ადამიანი ამფიბიას“ ეკრანიზაცია, თუმცა ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა.

როდესაც 2002 წლის იანვარში საფიევი მოსკოვიდან ლოს- ანჯელესში დაბრუნდა, დამნაშავე დუეტმა მასზე ნადირობა განაახლა. მათი გადაწყვეტილებით, საფიევისთვის ხაფანგი მისი მეგობრისა და საქმიანი პარტნიორის, ნიკოლოზ ხარაბაძის მეშვეობით უნდა დაეგოთ.

წინასწარ შემუშავებული გეგმით, კადამოვასის მეგობარმა ქალმა, ხარებას „კერძო კლუბში“ საქმიანი შეხვედრა სთხოვა. სინამდვილეში ეს კადამოვასის კომპანია Designed Water World-ის ოფისი იყო. როდესაც ხარება ადგილზე მივიდა, ბანდის სხვა წევრები ალტმანისი და მარკოვსკისი ბილიარდს თამაშობდნენ, მიხელი და კრილოვი სვამდნენ, კადამოვასი კი, ბარმენის როლს ასრულებდა. დახლში მას იარაღი ჰქონდა დამალული. 

სოლოვიოვამ ხარებას სთხოვა, მისთვის კოქტეილი შეეკვეთა. კრილოვმა კი, მათ უკან კარი ჩაკეტა. ხარება სკამზე მიაბეს, წაართვეს ტელეფონი, მანქანის გასაღები, საფულე და უთხრეს, რომ მისი დახმარებით საფიევის მიტყუება უნდოდათ. იარაღის მუქარისა და ზეწოლის ქვეშ მას აიძულეს დაერეკა საფიევთან და დაერწმუნებინა, რომ მისულიყო Designed Water World-ის ოფისში.

საფიევი მალევე მივიდა, შესვლისთანავე  თავს დაესხნენ მიხელი, კადამოვასი, ალტმანისი კიროვი და მარკოვსკისი. ის სკამზე მიაბეს და წაართვეს ტელეფონი, გასაღები და საფულე. საფიევს მოსთხოვეს დაერეკა თავის პარტნიორ კონსტანტინ ტეჟიკთან, რათა მას 940 000 დოლარი გადაერიცხა უცხოეთის ბანკში. 

ხარაბაძე და საფიევი 4 დღის განმავლობაში კადამოვასის სახლში იყვნენ დატყვევებული. ბანდიტებმა საფიევის ხმა ჩაიწერეს, რათა მისი მოკვლის შემდეგაც გაეგრძელებინათ ფულის გამოძალვა.

კადამოვასმა მარკოვსკის უთხრა, რომ შემდგომშიც აპირებს გააგრძელოს ადამიანების მოტაცება გამოძალვის მიზნით. ცხედრებს ტბაში გადაყრის და მისივე თქმით, ეს გაგრძელდება მანამ, სანამ 50 მილიონ დოლარს არ დააგროვებს, თუნდაც იმდენი ადამიანის მოკვლა მოუხდეს, რომ ტბა მთლიანად ცხედრებით გაივსოს. 

მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა სრულად მიიღეს 940 000 დოლარი, გადაწყვიტეს, რომ ხარაბაძე და საფიევი უკვე არაფერში სჭირდებოდათ. ისინი არყით დაათრეს და წყალსაცავისკენ წაიყვანეს ორი მანქანით. სიკვდილის წინ დატყვევებულებს შანსი გაუჩნდათ გადარჩენის. ავტომობილები პოლიციამ გააჩერა. მიხელი მანქანიდან გადავიდა და პოლიციელს გაესაუბრა, რის შემდეგაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა, რომ მანქანები სიარულის დროს დისტანციის წესს არღვევდნენ. ჯარიმა გამოუწერა და გაუშვა. მოგვიანებით სოლოვიოვამ გამოძიებას უთხრა, რომ კადამოვასი პოლიციელის მოკვლას აპირებდა, თუ ის ავტომობილის გაჩხრეკას გადაწყვეტდა.

წყალსაცავთან მიხელმა ხარებას თავზე პარკი ჩამოაცვა და გაგუდა. მას სიმძიმე მიაბეს და ხიდიდან წყალში გადააგდეს. საფიევმაც იგივე ბედი გაიზიარა. მიხელმა კადამოვასს უთხრა, რომ საფიევის მოკვლა გაუჭირდა, რადგან ის „გველივით ძლიერი გამოდგა“.

მიხელმა ხარაბაძის და საფიევის ბარათებიდან ფული მოხსნა. ფაქტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და ჩანაწერი სასამართლოზე მტკიცებულებად იქნა წარდგენილი. ბარათები კადამოვასმა თავის ნაცნობს, ვლადიმერ პანიუჩიკს გერმანიაშიც გაატანა და სთხოვა, იქ მოეხსნა ნაღდი ფული. საფიევის ერთ-ერთი ბარათით მიხელმა 9 000 დოლარის ელექტროტექნიკა შეიძინა. მოგვიანებით საფიევის პარტნიორ ტეჟეკს დაურეკა და ფაქსით გაუგზავნა წერილი, რომელიც საფიევს სიცოცხლეში დააწერინა. წერილში საფიევი კიდევ 4 მილიონი დოლარის გადარიცხვას ითხოვდა. ტეჟეკმა მიხელთან სატელეფონო საუბარი ჩაიწერა.

მიღებული ფულით კადამოვასმა და მიხელმა სახლები გაირემონტეს და ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინეს, შეყვარებულები გულუხვად დაასაჩუქრეს და პრესტიჟულ კურორტებზე წაიყვანეს. 

FBI-ის გამოძიება

სათევზაოდ მყოფი მამა-შვილი უკან ბრუნდებოდა, როდესაც მუსკატელის სხეული Parrotts Ferry ხიდთან წყალში ამოტივტივდა. მოგვიანებით, როდესაც ბანდის ერთ-ერთმა წევრმა, ალტმანისმა შეიტყო, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სწორი კვალი აიღო, გადაწყვიტა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დანარჩენი 4 ცხედრის პოვნაში დახმარება გაუწია. გამომძიებლებმა ჩაიწერეს კადამოვასისა და მიხალის სატელეფონო საუბარი, სადაც ისინი გამოსასყიდის შესახებ საუბრობენ. FBI-მ ასევე მიიღო ინფორმაცია მათი მობილურების შესახებ, საიდანაც ცხადი გახდა, რომ ბანდიტები ნიუ-მელონსის ტბისკენ გადაადგილდებოდნენ სწორედ იმ დღეებში, როდესაც მოკლეს მუსკატელი, პეკლერი, უმანსკი, ხარაბაძე და საფიევი. 

მიხელი

აგენტებმა მიხელის სახლში ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნივთმტკიცებები ამოიღეს. მათ შორის საფიევის გამოსასყიდის მოთხოვნის წერილი, ასევე ხარაბაძისა და საფიევის შესახებ პირადი და ფინანსური ინფორმაციები, ხელბორკილები და პლასტიკატის მარყუჟები. სხვადასხვა ნივთებზე მიხელისა და კადამოვასის დნმ-ის კვალი იყო, ხელბორკილებზე კი, ხარაბაძისა და საფიევის. კადამოვასის სახლში ამოიღეს პისტოლეტები, ყალბი პასპორტები და სისხლიანი ფეხსაცმელი.

ციხეში მიხელმა გაქცევის გეგმა შეადგინა, რომლის მიხედვითაც ის კადამოვასთან და კრილოვთან ერთად საკანში ხვრელის გამოთხრას გეგმავდა, რომლის მეშვეობითაც კიბის უჯრედზე უნდა მოხვედრილიყვნენ, იქიდან კი, ფანჯრის გისოსებს ამოიღებდნენ და შენობის კედლიდან ძირს დაეშვებოდნენ, სადაც ბაიკერები დაელოდებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანდნენ. მიხელმა მოახერხა კამერაში სხვადასხვა ინსტრუმენტების შეტანა, კადამოვასმა კი მოახერხა და ციხის სხვა ნაწილიდან მიხელის ახლომდებარე კამერაში გადავიდა. თანამზრახველად ერთ-ერთი პატიმარი პარკერი აირჩიეს. მას აუხსნეს, რომ გაქცევისას საჭირო გახდებოდა მცველების მოკვლა, რამაც პარკერი შეაშინა და გაქცევის გეგმა ციხის ადმინისტრაციას გაანდო. 

მიხელის კამერაში ჩხრეკისას იპოვეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტი და კედელში გამოჭრილი ხვრელი. ამის შემდეგ მიხელი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს, დანარჩენი პატიმრებისგან იზოლირებით. მიუხედავად ამისა, მიხელმა ახალი გეგმა შეიმუშავა და მექსიკური მაფიის წევრებს მილიონ დოლარს შეჰპირდა დახმარების სანაცვლოდ. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2006 წელს გაიმართა და 5 თვე გაგრძელდა. 30 დღის განმავლობაში მოწმეები ჩვენებებს აძლევდნენ. ბრალდებულებმა უარი განაცხადეს სიტყვით გამოსვლაზე, თუმცა მიხელმა გადაიფიქრა და ჩვენების მიცემა გადაწყვიტა. 2007 წლის 16 იანვარს ნაფიცმა მსაჯულებმა კადამოვასი და მიხელი დამნაშავედ ცნეს. 

ციხეში მიხელის შემდგომი ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გაქცევის მცდელობა კიდევ რამდენჯერმე ჰქონდა.

იურიუს კადამოვასი​

 რაც შეეხება კადამოვასს, სიკვდილით დასჯის მოლოდინში ის საჯარო პირი გახდა. სერიულმა მკვლელმა, რომელიც ეთნიკური რუსია, თავისი ძველი გვარი დაიბრუნა და კადამოვის გვარით გარკვეულ წრეებში პოპულარობა მოიპოვა როგორც მხატვარმა აბსტრაქციონისტმა. კადამოვის პერსონალურ ვებგვერდზე მისი 1000-მდე ნამუშევარია, მათგან ბევრი ლონდონის პროექტ one for ten-ზე იქნა გამოფენილი. კადამოვის ნამუშევრები პერიოდულად აშშ-ში ლოკალურ გამოფენებზეა წარმოდგენილი. 

ვებგვერდის გამომწერებთან მიმართვისას კადამოვი წერს, რომ პატიმრობამდე მუსიკოსი იყო და დასარტყმელ ინსტრუმენტებზე უკრავდა, თუმცა ციხეში საკუთარი თავი ფერწერაში იპოვა. დანაშაულის შესახებ კითხვებს კი ასე პასუხობს: „მე გამასამართლეს უსამართლოდ, ცრუ მოწმეების ჩვენებების და ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე“. 

როდის აღსრულდება კადამოვასის და მიხელის განაჩენი, ჯერჯერობით უცნობია. ვებგვერდზე Death Penalty Information Center 2023 წლის ჩათვლით, მათი გვარები არ იძებნება.

საფიევის მემკვიდრეობა

რაც შეეხება გიორგი საფიევის მეუღლეს, სვეტლანა საფიევას, ქმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მას გამუდმებით ეჩვენებოდა, რომ შვილი მოსტაცეს ან შეუცვალეს. 2011 წელს სვეტლანა საფიევამ მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა გამომძიებელს, რომელიც მისი მეუღლის საქმეს იძიებდა და შვილის მოტაცებით დაემუქრა. სვეტლანა საფიევას ქალიშვილმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, რომ დედასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს, რადგან  ეს უკანასკნელი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ქალი ქმრის სიცოცხლის გადასარჩენად გადახდილი ფულის, მილიონი დოლარის უკან დაბრუნებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ნაწილი დაუბრუნეს, დანარჩენი კი, გამომძიებლებმა მიითვისეს. საფიევა მუქარის ბრალდებით დაკავებულიც იყო, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ის ქმრის მიერ დატოვებული ქონების ერთადერთი მეპატრონე იყო და მუდმივად იმის შიში ჰქონდა, რომ ნათესავები მის მოწამვლას ცდილობენ. სვეტლანა საფიევა 2019 წელს ინსულტით გარდაიცვალა.

 რუსუდან კიკნაძე.

ხარება რუსუდან კიკნაძის ერთადერთი შვილი იყო. ამერიკაში დედა-შვილი მსახიობის მეორე ქმართან, მატვეი შატცთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ხარება საკუთარი შვილივით უყვარდა. როგორც ამბობენ, მამინაცვალმა გერის გარდაცვალება ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის ორი წლის წინ მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ხარებას დაკარგვის შემდეგ რუსუდან კიკნაძე მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა. ტრაგედიის შემდეგ წყვილმა საქართველოდან ბავშვი აიყვანა, რომელიც ამ დროისთვის 17 წლის იქნება. 

რუსუდან კიკნაძე 20 იანვარს საკუთარ სახლში მოულოდნელად, ინფარქტით გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,221,115 ნახვა
%d bloggers like this: