საქართველოს პრეზიდენტს დღეს პარლამენტში ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზე მივა და წლიურ ანგარიშს წარადგენს.
დეპუტატების თქმით, ელიან, რომ პრეზიდენტი, ძირითად, ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაზე, იქ მიმდინარე პროცესებსა და კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე.
„კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წელიწადში ერთხელ მიმართავს, აცნობს თავის შეხედულებებს, როგორც საშინაო, ისე საგარეო გამოწვევებთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, პროცედურები შემდეგნაირია – პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, გამოვლენ ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე – პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და ამის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება საშუალება, რომ დასკვნითი სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.