Uncategorized

„პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე“ – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს კი, ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს და სცოდავს ქვეყნის წინაშე! უმრავლესობა, თანხმობის ძიების მაგივრად, ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა, ორივე მხარის მიდგომა საბჭოთა წარსულის მეთოდებს შეადარა.

მისი თქმით, ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს.

„ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას, თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით ასევე გარეთ, დამაზიანებელია, და გარკვეულწილად საფრთხის შემცველი. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ კი, გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობასა და მიზანმიმართულობას.

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს! ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით.

სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ – და მაშასადამე ქვეყანამ – შეცვალა პროდასავლური კურსი! ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს! ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით,  ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას.

„მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა „დროა“ კეტჩუპის და ფქვილის? ეს „სირცხვილია“! ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა.

თუმცა ვეთანხმები ორივეს, ხელისუფლებას იმაში, რომ გარკვეული სიფრთხილეც გვჭირდება და ოპოზიციას იმაში, რომ გარკვეული გამბედაობაც შეგვიძლია. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ, მთავრობის ცალკეული განცხადებებისა, თუ მოქმედებების შეფასებაში, რომლებიც უკრაინის ომს და ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ასეთი განხილვები დახურულ, ოღონდ ინკლუზიურ ფორმატში, ყველას ჩართულობით, მოსმენით და აზრთა გაცვლით უნდა ხდებოდეს და შემდეგ ყველა უნდა იღებდეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ერთობლივ პასუხისმგებლობას.

ამ ფორმატის შექმნა კი, ხელისუფლებას ევალება. ამიტომ, მე არ და ვერ შევალ აქ იმ ცალკეული პიროვნებების ქმედებების გარჩევაში, რომლებიც მიზანმიმართულად მანიპულირებენ და ცდილობენ ამ უმძიმეს დროს ორ მეგობარ ქვეყანას შორის დათესონ გაუგებრობა, წყენა, უთანხმოება და გააჩინონ რაიმე ბზარი. ყველასთვის გასაგებია და ამას ჩვენი პარტნიორებიც კარგად ხვდებიან, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი უთანხმოება რუსეთისთვის და მხოლოდ რუსეთისთვისაა ხელსაყრელი.

არ და ვერ შევალ, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, სააკაშვილის შეწყალების თემის ხელახლა განხილვაში, რადგან პასუხი, ერთხელ უკვე გაცემულია. უკრაინის ომით ამ საკითხის გაცოცხლება კი, მხოლოდ შიდა პოლარიზაციის გაღვივების გამომწვევია. კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია.

ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.         

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,814 ნახვა
%d bloggers like this: