„თუნდაც დაადგინოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას“, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძის თქმით, იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია და მას, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
„თუნდაც დაადგინოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, რადგან იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის პოლიტიკური საკითხი“, – განაცხადა ხმალაძემ.
კონსტიტუციონალისტის თქმით, პრეზიდენტს არ დაურღვევია კონსტიტუცია და მას სრული უფლება ჰქონდა გაეკეთებინა ის განცხადებები, რაც გააკეთა.
ხმალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს სახელმწიფოს სახელით პოზიცია არ გაუჟღერებია და აქედან გამომდინარე, მისი პირადი პოზიციებისა და შეხედულებების გამოხატვა თუ დაფიქსირება, მისი პირადი უფლებაა.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, ვინაიდან არცერთი მისი განცხადება, იმ შეხვედრების შემდეგ, თუ იმ შეხვედრების დროს, პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფოს სახელით არ გაუკეთებია, არამედ ის გამოთქვამდა თავის მოსაზრებას და თავის შეხედულებებს.
კონსტიტუცია ავალდებულებს პრეზიდენტს და აძლევს უფლებას, რომ საგარეო ურთიერთობებში მიიღოს მონაწილეობა მთავრობის თანხმობით, როდესაც პრეზიდენტი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ანუ როდესაც იგი საქართველოს სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობს და მოქმედებს. მაგრამ ეს ჩანაწერი, სრულებით არ უკრძალავს პრეზიდენტს იმას, რომ მან რაიმე თქვას თავისი სახელით, მას არ ეკრძალება, რომ გამოთქვას რაიმე მოსაზრება, გნებავთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ, თუნდაც ეს მოსაზრება არ ეთანხმებოდეს მთავრობის პოლიტიკას. ამდენად მე აქ ვერ ვხედავ კონსტიტუციის დარღვევას“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ჩვენთან საუბარში, ხმალაძე შეეხო დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნის საკითხს, რომელზედაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში ეწერა.
კონსტიტუციონალისტმა დეტალურად განმარტა კონსტიტუციის მიხედვით დადგენილი წესები და უფლებები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობასა და პრეზიდენტს აქვს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა დაენიშნა მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატები შესაბამის თანამდებობაზე, რისი უფლებაც, მათი თქმით, არ ჰქონდა, რადგან ის მხოლოდ ცერემონიულად ნიშნავს ამ პირებს.
აი, ეს ნათქვამი არის არსებითად არასწორი და ეწინააღმდეგება თავად კონსტიტუციის არსს.
კონსტიტუცია ამბობს იმას, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნას ახორციელებს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით და შესაბამის აქტს ახლავს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ პირების დანიშვნაზე, ეკისრება მთავრობას და არა პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტს აქვს უფლება დანიშნოს, ან არ დანიშნოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირი.
საკონსტიტუციო კომისიაში ელჩების დანიშვნის უფლების მინიჭებაზე საკმაოდ დიდი კამათი გვქონდა.
ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელს აკისრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა და მანდ, ასე ვთქვათ, შემთხვევითი პირი, ან პირი, რომელიც თავისი კომპეტენციით, ან თავისი წარსული ცხოვრებით არ შეესაბამება ამ თანამდებობას, არ უნდა იყოს ასეთ პოზიციაზე.
ამ სიტუაციაში ორმაგი კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი კონსტიტუცია გულისხმობს სწორედაც რომ ორმაგ კონტროლს, ანუ – მთავრობას და პრეზიდენტს“, – დასძინა ხმალაძემ.