კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტებას ვერ დაერქმევა საჩივრის შედეგი. აქედან გამომდინარე, არავინ უჩივლებს პრეზიდენტს. სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს განმარტება, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის მიზნები განმარტა.
„დავეთანხმები კახის [კალაძე], განსაკუთრებოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცებმა გუშინ გადაწყვიტეს, რომ ჩვენს განცხადებას ისეთი ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა, თითქოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტს წინა ეტაპი იყოს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სარჩელი შევა მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ განმარტება გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლომ და ამავდროულად დაადგინოს ფაქტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა მცდელობა უფრო მეტი გავლენა ჰქონოდა პროცესებზე, ვიდრე ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული“, – განმარტა მდინარაძემ.
მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშრებით განცხადება გაავრცელა. „მთავრობა იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“, – აღნიშნულია განცხადებაში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.