სამწუხაროდ, სამი კვირა დასჭირდა სანქციების საკითხზე დისკუსიას, რომ მეტ-ნაკლებად ხალხი შეჯერებულიყო და მათ შორის, ოპოზიციის ერთი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს არ აქვს რაიმე ისეთი ეკონომიკური თუ სხვა სახის რაიმე ბერკეტი სანქციის სახით, რომელიც რუსეთზე რეალურად გავლენას მოახდენს.
„ახლა ყველა თანხმდება, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი დამატებითი ბერკეტი იმისა, რაც უკვე დაწესებული გვაქვს. ანუ, ის შეზღუდვები, რასაც ქვეყნები ახლა აწესებენ, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და ასე შემდეგ, ეს ჩვენ დიდი ხნის წინ უკვე გაკეთებული გვაქვს. ასე უნდა შევხედოთ, რომ რაღაც საკითხში შესაძლოა, აქეთ გვიერთდებიან.
საბოლოო ჯამში, ამ სამი კვირის განმავლობაში ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს არ აქვს რაიმე ისეთი ეკონომიკური თუ სხვა სახის რაიმე ბერკეტი სანქციის სახით, რომელიც რეალურად გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რუსეთს ვგულისხმობ. პირიქით, ყველა თანხმდება, რომ ამით საქართველო დაზიანდება და მათ შორის, ჩვენი ურთიერთობა სომხეთთანაც დაზიანდეს, თუკი ჩავკეტავთ შესაძლებლობას სომხეთის თვითმფრინავებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში იმოძრაონ. სამწუხაროა, რომ სამი კვირა ამას დასჭირდა, მაგრამ საერთო ჯამში, ამაზე მეტ-ნაკლებად თანხმობაა. გუშინ ამერიკის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავინ არ მოითხოვს საქართველოსგან რაიმე სანქციების დაწესებას“-თქვა მან. .