მარიუპოლში დაღუპული ქართველი მებრძოლის, პოლკოვნიკ ბახვა ჩიქობავას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების თარიღის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. მათი თქმით, ქალაქის ბლოკადის გამო, შეუძლებელია დეტალური ინფორმაციის მოპოვება, თუ რა ვითარებში დაიღუპა და სად არის ამჟამად ბახვა ჩიქობავას ცხედარი.
როგორც ბახვა ჩიქობავას ახლო ნათესავმა ხათუნა ხოფერიამ ჩვენთან საუბრისას თქვა, ოჯახი გაურკვეველ ვითარებაშია, რადგან არ იციან, რამდენად არის შესაძლებელი ცხედრის გადმოსვენება.
„მარიოპული ალყაშია, დარჩენილია საკვების, წყლის და კომუნიკაციების გარეშე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია ცხედრის გამოყვანა, ძალიან დათრგუნულ და უცნაურ ვითარებაში ვართ, რადგან ინფორმაციის არარსებობის გამო, შეუძლებელია, ამას გლოვის სახე მისცე“,-ამბობს ხათუნა ხოფერია.
„მოდის უამრავი ხალხი, და რაც მთავარია, მთელი სენაკის მოსახლეობა, რომელიც ტირის თავის კარგ შვილს“,-აცხადებს ხოფერია.
მისივე თქმით, ბახვა ჩიქობავას მეუღლესთან ბოლო კომუნიკაცია 17 მარტს ჰქონდა.
„17-ში ესაუბრა თავის მეუღლეს, ნინოს. 19-ში კი, მისი გარდაცვალების შესახებ შეგვატყობინეს“,-აცხადებს ხოფერია.
ბახვა ჩიქობავა უკრაინაში, ელიტარული სამხედრო შენაერთის, „აზოვის“ წევრი იყო.