ტვ-პირველზე გავიდა გადაცემა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტი შემოვიდა ჩემთან, მე ვიფიქრე, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი აპირებდა მსოფლიო პრობლემატიკაზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებზე კითხვის დასმას, ის კი მეუბნება, რომ ჩემმა სამაჟორიტარო ბიურომ და ბიუროს თანამშრომლებმა შეიძინეს ტელეფონის შალითა და ტელეფონიზე დასაკრავი „ბრონი“, ასევე ადამიანებთან ურთიერთობისთვის აუცილებელი ატრიბუტი-დინამიკი მიკროფონით. ამას დაარქვეს, რომ მე ვიკადრე და სახლისთვის შევიძინე მუსიკალური ცენტრი, ალბათ კითხეს კონსულტანტს და იმან უთხრა, რომ გიტარაც უერთდებაო და მოაყოლეს გიტარაცო. თურმე ბიუროში გვაქვს გიტარა და ხალხის ხარჯზე ჩემმა ბიურომ შეიძინა ტელეფონის შალითა და დამცავი. მე არ ვიცი, როგორ ახერხებენ ახალგაზრედების ასე მოწამვლას, -ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ ეს ფაქტი სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან გააიგივა.
„გამოდის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვერ ვიხსენებ ფრაქციის სახელს, ხან შარლ მიშელი ქვიათ, ხან აღმაშენებელი. პაატა ქვია თუ არ ვცდები, პაატა მანჯგალაძე, ეს გენიოსი ქართული პოლიტიკის, და იძახის, რომ ეს ხდება მაშინო, როდესაც სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე ასამართლებენო. ხედავთ, როგორი დევალვირების, ყველაფრის გაყალბების, საკუთარ ინტერესზე მორგების მცდელობა აქვთ.
ამ ხალხთან როგორ უნდა დაჯდე და რა უშიშროების გაფართოებულ საბჭოზე უნდა ილაპარაკო. წარმოიდგინეთ, რომ გვქონოდა გადაწყვეტილი, რომ დაგვეძახა მათთვის, დავმსხდარიყავით პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად… მანჯგალაძის მსგავს ხალხს სად უნდა დაუძახო, რომელ მრგვალ მაგიდასთან. ალბათ, სადაც იჯდა, იმ ჯორკოსთან უნდა იჯდეს ისევ, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანების ადგილი იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება, ჩემი აზრით- არ არის“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.